1468

რატომ დაბრუნდა ბალოტელი ბრეშაში?!

კვირას მარიო ბალოტელიმ პირველი გოლი გაიტანა მშობლიური ქალაქის კლუბის მაისურით. სერია A-ს მე-6 ტურის მატჩში, ბრეშამ ნაპოლისთან 1:2 წააგო, მაგრამ ტოლი არ დაუდია და ცოტა იღბლიანრები რომ ყოფილიყვნენ, ეგებ გაემარჯვათ კიდეც.
მაგრამ ამ მატჩის მთავარი ადამიანი მარიო იყო. სან პაოლოს სტადიონის გვირაბიდან გამოსვლისთანავე ის იქ შეკრებილი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახდა.

 

ბალოს ექვსი წლის ქალიშვილი, პია ახლდა. პია მამასთან ერთად ფეხბურთელების  მატჩისწინა მისალმებისასაც დარჩა მინდორზე, შემდეგ ტრიბუნისკენ გაიქცა, სადაც დედა რაფაელე ფიკო ელოდებოდა.
ბალოს და პიას თბილი ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანს გაულღობდა გულს. მით უმეტეს, რომ ამ ურთიერთობას არანაკლებ ამაღელვებელი ისტორიული სარჩული აქვს: 2014 წელს, ბალო ამავე სტადიონზე ბავშვივით ტიროდა, როცა დნმ-ის ანალიზის შემდეგ დამტკიცდა, რომ პია მისი შვილი იყო.
მაშინ ყველაფერი სხვაგვარად გახლდათ. ბალოტელი მილანის ფეხბურთლი იყო და იტალიის ნაკრებშიც რეგულარულად იძახებდნენ. ფიკოსთან მისი ურთიერთობა ხომ ჟურნალისტებისთვის გემრიელი ლუკმა გახლდათ.
მაგალითად, Gazzetta dello Sport-მა ერთხელ მათ მთელი პირველი გვერდი მიუძღვნა, რაც მანამდე არნახული ამბავი იყო. 
ბალოტელი დღესაც პოპულარულია, მაგრამ კონტექსტი უთუოდ შეიცვალა. ლივერპულში და შემდეგ მილანში თამაშისას, მისმა ცნობადობამ იკლო. მერე საფრანგეთში ბურთაობდა და მასზე ლაპარაკი ისევ დაიწყეს. მაგრამ საუკეთესო წლები თითქოს უკვე უკან დარჩენილიყო. სკუადრა აძურაშიც, რომელშიც ჯამში 36-ჯერ უთამაშია, ბოლო ხუთ წელიწადში მხოლოდ სამჯერ გამოიძახეს. 

 

ბრეშაში მისი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ იტალიის ნაკრებში დაბრუნება და ევრო 2020-ზე გამარჯვებაა. იტალიაში იმედით უცქერენ გადარეული ბალოს ახლო მომავალს. უპირველესად იმედის საფუძველს მათ ფიკოსთან გაუმჯობესებული ურთიერთობა აძლევთ. ის კარგა ხანს შვილსაც ვერ ხედავდა. ახლა ურთიერთობა დათბა.  ფიკოს სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ წერილებსაც უგზავნის. ბალო დაწყნარდა.

სიუჟეტის სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, ისინი უფრო ახლოს იქნებოდნენ. საქმე ის არის, რომ ფიკო პიასთან ერთად ნეაპოლში ცხოვრობს. წლეულს მარტში ბალოტელიმ La Provence-ს განუცხადა: ნაპოლი ერთადერთი იტალიური გუნდია, სადაც თამაშის სურვილი მაქვსო.

 

მაგრამ, ბრეშა სერია A-ში დაბრუნდა ამბიციური მიზნებით. კლუბს, ბალოტელიზე არანაკლებ ქარიზმატული მფლობელი, მასიმო ცელინო ჰყავს. სწორედ ცელინომ დაიყოლია  სუპერმარიო მშობლიური ქალაქის გუნდში გადასულიყო. მისი დედა ხომ ახლაც ბრეშაში ცხოვრობს.
14 წლის ასაკის შემდეგ, დედასთან ერთად რეგულარულად აღარ მისადილიაო - შეწუხებული ამბობდა მარიო, მაშ რაღა საკვირველია, რომ ცელინოს წინადადებას დათანხმდა.
ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლოს, მარსელში მიღებული წითელი ბარათის გამო, ბალოტელიმ სერია A-ს პირველი ოთხი მატჩი გამოტოვა. მისი დებიუტი იუვენტუსთან შედგა. ნაპოლისთან კი ის მეორე შეხვედრას ატარებდა ახალი კლუბის მაისურით.

ბალომ გოლიც გაიტანა, პირველად 1468 დღის შემდეგ სერია A-ში.