ნუკრი რევიშვილი: ამ ნაკრებს შეუძლია ის, რაც ვერ შეძლო ჩემმა თაობამ

ნუკრი რევიშვილი - სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ნაკრებზე, ჩემპიონატზე ...

ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაახლოებით ერთი წლის წინ დაასრულა. მას საქართველოს ნაკრებში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. ესპანეთთან და ხორვატიასთან გამარჯვებები, გერმანიაში მარცხი, თუმცა შესანიშნავი თამაში, სადაც რამდენიმე რთული ბურთი აიღო და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

 

მართალია რევიშვილმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩა. როგორც შევიტყვეთ, ნუკრი აგენტობას გეგმავს და მისი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ხელის შეწყობა და კარგ გუნდში მოხვედრაში დახმარება იქნება. ამ და სხვა საინტერესო თემაზე გამოცდილ მეკარეს გავესაუბრეთ.

 

- კარიერის დასრულების შემდეგ აგენტი გახდი. ამასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვე - რამე კონკრეტული გეგმები თუ გაქვს?

 

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვჩქარობ, სულ სხვა მიმართულებით მსურს ჩემი მენეჯერული საქმიანობა წავრმართო. ჯერ დიდად არ ვაქტიურობ. ძალიან ვარ დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით, ევროპულ დონეს დააკმაყოფილებენ. რამდენიმე დღეში ბათუმში საინტერესო ახალგაზრდული ტურნირი დაიწყება, სადაც ევროპის გამორჩეული გუნდები იქნებიან

წარმოდგენილნი და ამ ტურნირისადმი დიდი ინტერესი მაქვს. ვეცდები ჭაბუკ ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მინდა სწორი მიმართულება მივცე, რათა შემდგომი განვითარებისთვის დავეხმარო.

 

- უკვე მესამე წელია, რაც ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. ხედავ პროგრესს?

 

- პირველ რიგში იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ როგორ ვითარდება ქვეყანა. ვერ იქნება ისე რომ საქართველოს უჭირდეს და მხოლოდ ფეხბურთი წავიდეს წინ. რაც შეეხება დონეს, ვერ ვიტყვი, რომ მომატებულია, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რათა ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მატჩები კარგად გაშუქდეს და ჩაწყობილი თამაშები აღარ იყოს. ვფიქრობ მთავარი მაინც ისაა, რომ ქართული კლუბები ევროპა ან ჩემპიონთა ლიგაში მოხვდნენ. რომელიმე დიდ ტურნირზე თუნდაც ერთი გუნდის მოხვედრა ძალიან კარგი იქნება. ჩემპიონატის წარმატება მაინც ევროსარბიელზე ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული.

 

 

- როგორც უკვე ვთქვით, ჩემპიონატში ბევრი ხარვეზია. თქვენი აზრით რა არის მთავარი პრობლემა, რომელსაც პირველ რიგში უნდა მიეხედოს?

 

- ფინანსები. აუცილებელია სპონსორები, რომლებიც გუნდებს გვერდში დაუდგებიან. მარტო სახელმწიფოს დახმარებით არაფერი გამოვა. მგონი არსად არ ხდება, რომ გუნდების 80% სწორედ სახელმწიფოს დახმარებაზე იყოს დამოკიდებული. აუცილებელია კლუბში კარგი ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელი, ძლიერი ლეგიონერები, ამ ყველაფერს კი სერიოზული ფინანსები სჭირდება.

 

- ცხრილს რომ ჩავხედოთ, ზედა ნაწილში საკმაოდ სიმჭოდროვეა. ეს ბათუმის დინამოს კარგმა თამაშმაც განაპირობა. თქვენი აზრით, შეძლებს გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობას?

 

- მართალი ხართ, ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია და პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩემპიონატის დამთავრებამდე 8 ტურია. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ბათუმის დინამომ წლევანდელ ჩემპიონატში დიდი საქმე გააკეთა. რომ არა აჭარული გუნდი, შარშანდელივით მხოლოდ საბურთალო და დინამო იბრძოლებდნენ ბოლო ტურებში ჩემპიონობისთვის. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ბათუმელები ძირითადად ტორპედოს ფეხბურთელების ხარჯზე გაძლიერდნენ, იგივე ითქმის თბილისის დინამოზე. გულდასაწყვეტია ქუთათურთა ასეთი რეგრესი. კარგი იქნებოდა ძველებური გუნდი ჰყავდეს ჩხეტიანს, ამ შემთხვევაში ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოლებდა და უფრო საინტერესო იქნებოდა.

 

- სწორედ ტორპედოს თემას მინდა შევეხოთ. ყველამ კარგად ვიცით რა სიტუაციაცაა გუნდში. თქვენი აზრით რისი ბრალია ეს ყველაფერი?

 

- სპონსორმა კლუბის ფინანსური მდგომარეობა ცუდად გათვალა და ალბათ სწორედ ამან გამოიწვია პრობლემები. ქართულ ფეხბურთში რთულია ერთ დღეს ფულის ჩადება და მეორე დადებითი შედეგის მიღწევა. ჩვენი ჩემპიონატი ჰოლანდიის, თურქეთის ან ბელგიის დონეზე არ არის, რომ კლუბში ინვესტიციამ მოგება მალევე მოიტანოს. ტორპედოს ბოლოდროინდელი ამბები მაინც არასწორი მენეჯმენტის ბრალი მგონია.

 

- ევროტურნირებზე შესაძლოა გარკვეული პროგრესი იყოს, თუმცა ძალიან მცირე. რა არის იმისთვის საჭირო, რომ რომელიმე ქართული გუნდი თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს?

 

- ავიღოთ თბილისის დინამოს მაგალითი. წელს არ გაუმართლა, რადგან ფეიენოორდის სახით ძლიერი მეტოქე შეხვდა და ფლეი ოფშიც ვერ გავიდა. გუნდი ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო კარგად უნდა მოემზადოს. მაშინაც, რომ ვერ გავიდეს ჯგუფში, მაინც არ უნდა დანებდეს და უნდა გაძლიერდეს. ქართულ რეალობაში, როცა გუნდი წარმატებას ვერ აღწევს, კლუბს ფეხბურთელები ტოვებენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა შესაბამის გაძლიერებაზეც აუცილებელია ფიქრი. ასევე საჭიროა ძლიერი ლეგიონერი. ამის გარეშე ევროპა ლიგაზე ჯგუფში გასვლა შეუძლებელია.

 

- ნაკრებზეც გადავიდეთ, ამ შესარჩევის მატჩები რომ შეაფასო.

 

- რამდენადაც კარგი იყო ჩვენთვის ერთა ლიგა, იმდენად დათვური სამსახური გაგვიწია ამ შესარჩევისთვის. მთელი საქართველო მარტში ბელორუსთან ჩასატარებელ შეხვედრას ველით. ვერ ვიტყვი, რომ ამ ჯგუფში ბრძოლას შევეშვით. მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა, თამაშში პროგრესი აშკარაა.  სამწუხაროა, რომ ეს ქულებზე არ აისახება. უნდა ავღნიშნო, რომ დანიასთან ბოლო მატჩში გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მოგებაც შეიძლებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთა ლიგის მეშვეობით ვიზამთ იმას, რაც ჩემმა თაობამ და კიდევ უფროსებმა ვერ შევძელით.

 

 

- ზოგის აზრით, მთელი ყურადღება სწორედ ბელორუსთან მატჩზე უნდა გადავიტანოთ და სწორედ მარტის თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

 

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ესეც არის. ამ შესარჩევიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ფანტასტიკას ჰგავს. ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზადება უკვე კარგა ხანია დაწყებულია. ესეთი შანსი არასდროს გვქონია. ჩვენი დონის გუნდებთან 2 მატჩის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ეს ყველაფერი სავსებით რეალურია.

 

- ფაქტია, ეროვნულ გუნდში ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. ეს ყველაფერი კონკურენციას ზრდის, რაც გუნდისთვის კარგი იქნება.

 

- დღეს ვინც ნაკრებშია ყველასთან შეხება მქონია და ყველას კარგად ვიცნობ. ესეთი კონკურენცია ადრე მართლაც არ იყო. მიხარია, რომ ყველას სათამაშო პრაქტიკა აქვს. ქვილითაიამ უკვე დაიწყო თამაში, ჩაკვეტაძემაც ტრავმა მოიშუშა და დიდი იმედი მაქვს, რომ ბელორუსთან მატჩისთვის ყველანი ჯანმრთელად იქნებიან.