ჰაერი

ანუ, როგორია ცარიელი რეალი?

ზიდანის რეალში დაბრუნებაზე არა ერთხელ დაგვიწერია, მაგრამ საბოლოო პასუხი, თუ როგორი იქნება მისი ახალი რეალი, მაინც ვერ მივიღეთ. ვუცქერდი სამშაბათის ჩემპიონთა ლიგის მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც სამეფო კლუბი მოკრძალებულ ბრიუგესთან პირველო ტაიმის ბოლოსკენ 0:2 აგებდა. მაინტერესებდა, რას შეცვლიდა ზიდანი შესვენების შემდეგ. 

დიდი არაფერი. მადრიდელები ისევ წვალობდნენ. არანაირი იდეა, შემოქმედეა. ჭაბუკი ვინისიუსის მონდორზე გასვლამ პატარა ცეცხლი კი შესძინა მასპინძელთა თამაშს, მაგრამ მალევე ესეც ჩაქრა. რომ არა სერხიო რამოსის ზეაქტიურობა, რეალი, ალბათ, ზედიზედ მეორე მატჩს წააგებდა მიმდინარე ლიგის გათამაშებაში (პირველი, გეხსომებათ, პსჟ-თან 0:3 იყო). 

ისიც ვთქვათ, რომ  მასპინძლებს მსაჯიც წყალობდათ. რამოსმა აშკარა თამაშგარედან გაიტანა და მაინც ჩათვალეს. მაგრამ ეს მთავარი არ არის.

7 ტურის შემდეგ, რეალი პრიმერას ცხრილს ლიდერობს, მაგრამ არც ეს არის მთავარი.

მთავარი ის არის, რომ გუნდს „თამაში“ არ აქვს და მატჩებს ცალკეული ვარსკვლავების ოსტატობის ხარჯზე იგებს. დაბრუნებული ზიდანის რეალი რაღაც ცარიელ, უსულო ადამიანების ნაკრებს წარმოადგენს.

ახლა ამ ვითარების ერთ-ერთი მიზეზის შესახებ ვთქვათ. თუ კარგად დავუკვირდებით, 2016 წელს, მწვრთნელად პირველად მისულმა ზიდანმა, ჩაიბარა გუნდი, რომლის ჩონჩხიც ჟოზე მოურინიუს შექმნილი იყო. ფრანგმა გენიალურად გამოიყენა პორტუგალიელის დანატოვარი და ისტორიაში პირველად სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 

მაგრამ ახალი ლიდერები მის ხელში არ გამოჩენილან. წლების გასვლასთან ერთად, ძველები ფერმკრთალდებოდნენ, ახლები კი არ ჩანდნენ. წავიდა კრიშტიანუ და მისი შემცვლელი დღემდე ვერ იპოვნეს. რონალდუს შემცვლელის მოძებნა მართალია, იოლი არ არის, მაგრამ ეფექტური შემტევი, რომელიც გუნდის სტილს მოერგებოდა, არ ჩანს.

მოკლედ, 2019 რეალის ლიდერები ისევ ჟოზეს მიყვანილი ხალხია. თითქოს აბსურდია, მაგრამ ფაქტია. 

ზიდანის მაგარმა მენეჯერულმა უნარებმა სიტუაცია გაყინა. მაგრამ ახლისთვის იმპულსი არ მიუცია. დიახ, ბოლო ორ წელიწადში 450 მილიონზე მეტი დახარჯეს. მათ შორის, იყიდეს კურტუა (35 მილიონი ევრო), ვინისიუსი (45), ოდრიოსოლა (30), როდრიგო (45) და მილიტაო (50)... თითქმის 200 მილიონი ევრო, თუმცა გუნდის თამაშს ისევ ძველები წარმართავენ.

ახლა მთავარი იმედი ედენ აზარია, რომელიც წონის დაგდების შემდეგ, რონალდუს შემცვლელი უნდა გახდეს. ბელგიელი ახლა ზიდანის მთავარი საყრდენია, მაგრამ ბრიუგესთანაც მას არაფერი დასამახსოვრებელი უჩვენებია. სხვათა შორის თამაშობდა, თითქოს ორთაბრძოლებს ერიდებოდა და საქმეს ზერელედ აკეტებდა. ან წონას დააკვირდით? დამრგვალებული იყო... 

ვეღარც 34 წლის მოდრიჩია ძველებურად ეფექტური. რვაწლიანი ტოპ-კარიერის შემდეგ, მასაც, აშკარად გადატვირთვა სჭირდება, თუმც ეს მოდრიჩის კი არა, კლუბის პრობლემაა, რომელიც ძალიანაა დამოკიდებული ხორვატზე. 

არ ივარგებს აკრიტიკო მარსელო, რომელიც ფლანგურ შეტევებში ისე ყოჩაღად ვეღარ ერთვება, როგორც უწინ. მასაც ჰქონდა ჭარბი წონა და ერთი ხანი ძირითადშიც ვეღარ ხვდებოდა. არადა ადრე ლიდერი იყო. ესეც კლუბის პრობლემაა. 

ზაფხულში ზიდანს პოგბასა და ერიკსენის შეძენა სურდა მაგრამ ვერ მოახერხა. ამაში, ცხადია, მხოლოდ ის არ არის დამნაშავე. არადა, გასულ ზაფხულს რეალმა ჯამში 300 მილიონზე მეტი დახარჯა. ჩანს, ეს თანხა საკმარისი არ არის...