დინამო ცხრილს სათავეში ჩაუდგა (ვიდეო)

ნინუას მორიგი შესანიშნავი ჯარიმა, საეჭვო პენალტი და დინამო პირველ ადგილზეა (ვიდეო)

დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის გადადებული 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის დინამომ მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და აქედან გამომდინარე მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევდა.

 

მატჩის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ გია ყანჩელის მუსიკის ფონზე წუთიერი დუმილით მის ხსოვნას მიაგეს პატივი. შეგახსენებთ, რომ ქართველი კომპოზიტორი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

რაც შეეხება მატჩს, ანგარიში 43-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ალთუნაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას კოხრეიძემ დაასწრო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. 

 

მეორე ტაიმი დინამომ უფრო აქტიურად დაიწყო, რასაც შედეგიც მოჰყვა. დღევანდელი მატჩის გმირი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნიკა ნინუა გახლავთ, რომელმაც ჯერ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ პენალტი აქცია გოლად. ისიც სათქმელია, რომ მსაჯმა 11 მეტრიანის დანიშვნისას საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე არბიტრმა ნიკა სანდოხაძე გააძევა მოედნიდან, რომელმაც ერთი ერთზე დარჩენილი ზარია წააქცია.

დღევანდელ მატჩში დინამოს რიგებში დებიუტი ჰქონდა ლევან მჭედლიძეს, რომელიც თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. 

 

ამ წუთისთვის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს 61 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ამდენივე ქულით ბათუმის დინამო იკავებს, საბურთალო კი 54 ქულით მესამე ადგილზეა.