მარკიზიომ კარიერა დაასრულა

33 წლის ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა

იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 33 წლის ნახევარმცველი ბოლოს ზენიტის ღირსებას იცავდა და გუნდი წინა სეზონის ბოლოს დატოვა. მარკიზიოს რამდენიმე კლუბი ეპატიჟებოდა, თუმცა ყველა უარით გაისტუმრა.

 

გამოცდილმა ნახევარმცველმა თითქმის მთელი კარიერა იუვენტუსში გაატარა, სადაც 2005-18 წლებში თამაშობდა. 2007-08 წლებში იგი ემპოლიში იყო განათხოვრებული, ბოლოს კი როგორც უკვე გამცნეთ, ზენიტში თამაშობდა. ბებერ ქალბატონთან ერთად მარკიზიომ სერია ა (7), იტალიის თასი (3) და იტალიის სუპერთასი (4) მოიგო. ბიანკონერისთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა, თუმცა ორივეჯერ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

 

იუვეს ყოფილ ლიდერს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს. იტალიის ეროვნული გუნდის მაისურა მან 56-ჯერ მოირგო და თავი 5 გოლით გამოიჩინა. კლაუდიო ჩეზარე პრანდელის ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, სწორედ იმ გუნდის, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა.