კრიშტიანობის დასასრული

ფაქტია, რომ სიღარიბესთან შეგუება გაკოტრებულ მდიდარს უფრო უჭირს, ვიდრე სტაჟიან ღარიბს.

ბევრჯერ მინახავს. ბევრჯერ გვინახავს. ბევრჯერ ყოფილა, დიდი ეპოქის შემდეგ დიდ სიცარიელეს რომ დაუსადგურებია. ეს ბუნების კანონია. აღმართს დაღმართი მოსდევს. თან, რაც უფრო ციცაბოა აღმართი, მით უფრო ციცაბოა დაღმართი… იმავე გზით თუ წამოხვალ. ხოლო თუ მწვერვალს გადაივლი და გზას იქითა ფერდზე გააგრძელებ, მაშინ შეიძლება ასეთი რელიეფიც დაგხვდეს და ისეთიც.

 

კეთილი, ვიფილოსოფოსე და მეყო. მადრიდის რეალის ბოლოდროინდელი წვალებისთვის შესავალი მინდოდა გამეკეთებინა. ისე კი ფაქტია, თეთრებს დიდი ეპოქა ჰქონდათ და მისი დამთავრების შემდეგ დაღმასვლა რომ არ დაწყებოდათ, გასაკვირი იქნებოდა. სხვა საქმეა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ჯახირი, რომელიც პირადად მე გულს მტკენს. გონებაში ბავშვობიდან სტერეოტიპი მაქვს გამჯდარი — რეალი ძლიერი გუნდი უნდა იყოს; რეალს ვარსკვლავები უნდა ჰყავდეს; რეალი ლამაზად უნდა თამაშობდეს.

 

ბრიუგესთან მორიგი ტანჯვის შემდეგ, ზინედინ ზიდანს რონალდუზე ჰკითხეს და ასე უპასუხა, კრიშტიანუ რასაკვირველია უდიდესი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ჩვენ მის გარეშე ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთო. არა, უფრო სწორედ ასე თქვა, მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთო. მიჩვევა რა საკადრისია. რეალისთვის კი ცხოვრება მოგებას ნიშნავს.

 

კი ბატონო, მაგრამ მიდი და ისწავლე, აბა. როგორია?! სწორედ აქ გამოჩნდება ზიზუს ეპოქალური მწვრთნელობაცა და ყისმათიც. ის რომ დიდი მოღვაწეა, ეს უკვე ფაქტია. გუნდს, თუნდაც რეალს, თუნდაც რონალდუს პერიოდისას, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგას დიდი მოღვაწის გარდა ვინ მოაგებინებდა? იქ არ იყვნენ მოურინიუ და სხვები. მოაგებინეს? ვერა. ზიზუმ კი დიდი საქმე გააკეთა და ახლა, ნარონალდუევი ფერფლიდან ახალ  დიდ რეალსაც თუ შთაბერავს სულს, პირდაპირ შეგიძლიათ გენიოსი უწოდოთ. თან, ამ სიტყვის ნამდვილი, ძველებური გაგებით.

 

ოღონდ ეგაა, უკვე იგრძნობა, რომ საქმე, რომელსაც ფრანგი შეეჭიდა ურთულესია. ფეხბურთში ბევრი რაღაც შეიძლება ისე ხდება, რომ ადამიანები ვერც კი ვაცნობიერებთ. აგერ, ჩავიდა ედენ აზარი სანტიაგო ბერნაბეუზე და… აზარის მეტი ყველაფერია. არადა, რონალდუს შვიდი ნომერი აცვია.

 

გადახედეთ დღევანდელ რეალს. თერთმეტეულში მეტწილად ძველი ხალხია. იგივენი, მინუს კრიშტიანუ (საბრალო კეილორ ნავასზე აქ არაფერს ვიტყვით): კარვახალი, ვარანი, მისი უგადარეულესობა რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო, ბენზემა, ბეილი, ლუკას ვასკესი… ეს ის ხალხია, რომელიც, სავარაუდოდ, თეთრ ფორმას რომ იცვამს, მოედანზე რონალდუს ეძებს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, პორტუგალიელი უკვე მეორე წელიწადია იუვენტუსში თამაშობს. შეძლებენ ისინი ოდესმე ამ კრიშტიანული რელიგიიდან გათავისუფლებას? არ ვიცი. უყურებენ ახალ შვიდ ნომერს და ვერ გარკვეულან რა ხდება. ის ნამდვილად არ არის რონალდუ. თავის მხრივ ვერც ბელგიელიც მიმხვდარა, რა ამბავი ტრიალებს მის თავს.

 

თუ ეს ჰიპნოზი ძალიან ძლიერია, შესაძლოა ამ საქმიდან არასდროს არაფერი გამოვიდეს. მაშინ, ამ ბიჭებს ზოგს პენსიაში და ზოგსაც სხვაგან უნდა გაშვება, მათ ადგილას კი ახალი ხალხია მოსაყვანი, ახალი გუნდია გამოსაძერწი. ეს კი რას ნიშნავს? სანტიაგო ბერნაბეუ უნდა შეეგუოს იმას, რომ რაღაც ხნის განმავლობაში დედამიწა ისეთი აღარ გამოჩნდება, ადრე, საფეხბურთო ჯომოლუნგმადან რომ ჩანდა. ეს კი ძნელია. ცნობილი ფაქტია, რომ სიღარიბესთან შეგუება გაკოტრებულ მდიდარს უფრო უჭირს, ვიდრე სტაჟიან ღარიბს.

 

ერთი, მადრიდისტებმა თავი იმით უნდა დაიმშვიდონ, რომ წლები მესისაც ემატება და გაისად, იმის შემდეგ თუ შემდეგის შემდეგ მათ და ბარსელონას მეოთხე მეხუთე აგილებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

 

ეს ისე, ქიშპობის ამბავში. ვიხუმრეთ, რასაკვირვლია.

 

ან არ გვიხუმრია.

 

თუმცა, შეიძლება ყველაფერი სულ სხვანაირადაც მოხდეს.