ბრენდანი და ენფილდი

როჯერსი ლივერპულში ბრუნდება

შაბათს ლესტერი ლიდერ ლივერპულს ეწვევა. ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება ლესტერელთა დამრიგებლისათვის, 46 წლის ჩრდილოირლანდიელი ბრენდან როჯერსისთვის, რომელიც 2012-15 წლებში წვრთნიდა მერსისაიდულ კლუბს და სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე, სტივენ ჯის ფეხის დაცდენა გეხსომებათ...

შვიდ თვეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც  როჯერსმა ლესტერი ჩაიბარა და ამ ხნის განმავლობაში, ბოლო დროს ჩავარდნილი გუნდი ისევ საუკეთესოებს შორის დააბრუნა. ახლა „მელიები“ ცხრილში მესამე ადგილზე დგანან და ჩვენი ბრიტანელი კოლეგების აზრით, ჩემპიონი ვერა, მაგრამ ოთხეულიდან შეიძლება რომელიმე ბობოლაც გააძევონ და ისევ მოიპოვონ ჩემპიონთა ლიგის საგზური.

როჯერსი მაღალი სტანდარტების მოყვარულია და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს. მაგალითად, საწვრთნელ ბაზაზე, ყოველი ვარჯიში განსხვავებულად მიმდინარეობს. თაროებზე სხვადასხვაფერი საქაღალდეები აწყვია, რომლებშიც დეტალურადაა გაწერილი ყოველი პოზიციის ფეხბურთელის იმდღევანდელი გასაკეთებელი.

ფეხბურთელებისთვის ცალკე ადგილია გამოყოფილი, სადაც მხოლოდ მისთვის დამზადებული სასმელის ბოთლები დგას. მათში ზუსტადაა გაჯერებული თუ რამდენი კალორია უნდა მიიღოს კონკრეტულმა ფეხბურთელმა.

როჯერსი ბარსელონურ-ჰოლანდიური სკოლის მიმდევარია, რომელიც რინუს მიხელსმა და იოჰან კრუიფმა შექმნეს. ის ითხოვს ბურთის კონტროლს და ძალიან სწრაფ გადაადგილებებს. ლესტერის ფეხბურთელები როჯერსის წინამორბედი კლოდ პიუელის უკმაყოფილონი იყვნენ - ხანგრძლივი ვარჯიშები გვაქვს, სავარჯიშოებს შორის დიდი ინტერვალებია, რაც რიტმს არღვევსო. 

როჯერსთან ერთად ვარჯიში უფრო სასიამოვნო გახდა, რადგან ყველაფერი სწრაფად და ეფექტურად კეთდება. მისი სამწვრთნელო გუნდიც ერთობ ორგანიზებულია: ასისტენტი - კრის დევისი, მწვრთნელები კოლო ტურე და ადამ სადლერი. მთავარი ფიზიოთერაპევტი დეივ რენი და ფიტნესის ხელმძღვანელი მეტ რივზი.

ბურთი ყველა სავარჯიშოს დროს გამოიყენება. როჯერსი ვერ ხედავს აუცილებლობას სირბილში, სირბილის გულისთვის. „ხანდახან ადამიანები მეკითხებიან, რატომ არ ავარჯიშებ გუნდს ტყეში, ამ მეთოდს ბევრი მწვრთნელი მიმართავსო. მაგრამ არასოდეს მინახავს ხე საფეხბურთო მინდორზე,“ - ამბობს როჯერსი.

ლესტერს, სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სეზონისწინა ტურები უცხოეთში არ მოუწყვია. ექვსიოდ დღე გაატარეს ფრანგულ ევიანში, შემდეგ კი მომზადება საკუთარ, ბელვორ დრაივის ბაზაზე  გააგრძელეს, რომელიც კინგ პაუერის სტადიონიდან ხუთი წუთის სავალზეა.

ფეხბურთელებს დილით და შუადღისას ავარჯიშებდნენ, შუალედებში კი იქვე არსებულ სასტუმროში ასვენებდნენ.

გუნდი შვებულებიდან მშვენიერ განწობაზე დაბრუბდა. ეტყობოდათ, რომ როჯერსის მეთოდები მოსწონდათ. 

იგივე გამეორდა გასულ თვეში, სანაკრებო პაუზისას. მის შემდეგ ფეხბურთელები კიდევ უფრო აჩქარებულები და მოტივირებულნი გახდნენ.

როჯერსი ინდივიდუალური განათლებითაც დაკავდა. მან საკმაო ხანი გაატარა ჯეიმს მედისონთან ერთად, რომელიც  ნახევარდაცვის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება ტაქტიკური დისციპლინისა და ინდივიდუალური პრესინგის სფეროში.

როჯერსს უყვარს, როცა მოთამაშეები მას ემეგობრებიან, მაგრამ არ ავიწყდებათ, რომ მთავარი ის არის. დაამკვიდრა სისტემა, რომლის მიხედვითაც მთავარი, ახალგაზრდული გუნდი და აკადემიის ბავშვები, ერთმანეთის სიახლოვეს ვარჯიშობენ, რათა ყოველმა მათგანმა გუნდის ნამდვილ წევრად იგრძნოს თავი.

ახალ მეთოდებს შედეგი მოაქვს. ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის შემდეგ, „მელიებს“ საუკეთსეო შედეგი აქვთ პრემიერლიგაში.

შაბათს კი, როჯერსი ენფილდზე ბრუნდება. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში ასპროცენტიანი შედეგი აქვს.