კვანძი – ფეხბურთიდან დიდ ფეხბურთამდე

ქართულ ფეხბურთში იმდენი ტალანტი გაფუჭებულა და იმდენზე დაგვწყვეტია გული, რომ ზოგს გადაღეჭილი თემა ეგონება. ამ დროს ხშირად იშველიებენ: ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთო... რკინის არგუმენტია, თუმცა ბავშვობა გადაჯაჭვულია სიჭაბუკის წლებთან, სიჭაბუკე დიდ ფეხბურთში გადასვლის პერიოდთან.  

ადრეც ჩანდა და ბოლო წლებში უფრო გამოიკვეთა, რომ ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა 16–19 წლის ასაკში ჩერდება. ბავშვთა ფეხბურთზე მეტად ამ ასაკში ჭირს. გარდამტეხი პერიოდია და არც ისეა საქმე, როგორც ლოზუნგივით დაიძახებენ ხოლმე: „თავში აუვარდათ ბიჭებს“, „მერსედესს მოაჯდნენ და ფეხბურთი დაიკიდეს“, „ღამის კლუბებში დადიან“.

 

კი, ასეთებიც არიან და თან საკმაოდ, მაგრამ მათზე რატომ კეთდება აქცენტი? მოდით, მიზანდასახულებზე გავაკეთოთ. იმ ბიჭებმა რა ქნან, რომლებიც რეჟიმს იცავენ, დღე და ღამე ფეხბურთზე ფიქრობენ, დროულად იძინებენ–იღვიძებენ და ბურთით კარგი რაღაცეებიც შეუძლიათ?! ასეთიც ბევრია და პროცენტულად სწორედ ასეთები უფრო აღწევენ წარმატებას, ვიდრე ქართული საზომით „ნიჭიერები და ზარმაცები“.

 

ვინც სტადიონზე არ (ვერ) დადის და შიდა დინებებს არ (ვერ) ეცნობა, იმისთვის იოლია თქმა, მაგრამ ბევრი მაგალითი ვიცით, როცა ჭაბუკებს ხელოვნურ წინაღობებს უქმნიან. იღბალი ბევრს ნიშნავს: ზოგს ას შანსს აძლევენ, ზოგი კი ერთ შანსს ებღაუჭება და კაი დედის შვილი ხარ, თუ ვერ გამოიყენებ. ისიც გაანგარიშებული აქვთ, ვის უნდა აცადონ და ვინ საცობში უნდა გაატარონ.  

 

ჰოდა, ესეც თქვენი სელექცია. ბევრს გული უტყდება და ეს არის რეგრესის პირველი წყარო. მაგრამ ასეთ დროს რომ ყველას აჯობებ, უფრო მაგარი გახდები – იმ ბიძიკო სპორტულ დირექტორსაც უნდა აჯობო, იმ ბიძიკო პრეზიდენტსაც, იმ ბიძიკო მწვრთნელსაც. მოთმინების ამბავია.   

 

 სხვათა შორის, ასეთი შემთხვევებიც ვიცით, ერთ–ერთი ქართული გუნდის მწვრთნელმა რომ თქვა ჭაბუკ ფეხბურთელზე – სიამოვნებით ავიყვანდი, გამომადგებოდა, მაგრამ აქ ვერ ვათამაშებ და ცოდვას ვერ დავიდებო.

 

რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცის ადგილს დაიკავებდა. ეს „ვიღაცა“ კი მეტწილად  კლუბის ხელმძღვანელის „ვიღაცაა“. ან შეიძლება მწვრთნელისაც, თუ ამ მწვრთნელს გავლენა აქვს. რა საფეხბურთო უნარები, რის პერსპექტივა...

 

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ამა თუ იმ კლუბში აყვანას ეხება. არის კატეგორია ჩალიჩა მწვრთნელებისა, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ბიჭები რაც შეიძლება კარგად დაანახონ კლუბების დირექტორებს და ამის გამო უკეთესი გარეთ რჩება. მაგალითად, საკონტროლო მატჩია და კლუბიდან ესწრებიან. მწვრთნელი თავისიანს გამოაჩენს, არათავისიანს კი (მითუმეტეს თუ კონკურენტია), დამალავს და შეცვლაზე შემოიყვანს, ან სულ არ შემოიყვანს, ან სხვა პოზიციაზე დააყენებს.

 

თუ ვერ ითამაშა მისმა ფავორიტმა, ერთ–ორ „ერთ–ორ სმეშნოი“ სიტყვას ეტყვის და ეგაა. ეცდება მაინც. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ კლუბების ხელმძღვანელობაშია, სადაც სჭარბობენ არასაფეხბურთო ადამიანები და ზერელე დამოკიდებულება. ნულზე დაყვანილი სელექცია.

 

ასაკობრივ ლიგებში ზოგს ისეთი „გუნდი“ გამოჰყავს და ისე ჰყავს მიგდებული, უბრალოდ, სამარცხვინოა!.. აქ ყველაფერს ვერ მოვედებით, არ დაიზაროთ, შედით ლოკომოტივის, დინამოსა თუ საბურთალოს Facebook–ზე და ნახეთ ვიდეოები 19, 17 და 15–წლამდელთა ლიგების თამაშებისა.  19–წლამდელთა გუნდში, ელემენტარულად, მეტრნახევარი სიმაღლის მეკარე როგორ უნდა გეყენოს?!

 

სხვათა შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც სწორედ 16–19 წლის ასაკში ჩერდებიან. ამასწინათ რუმინელმა მირჩა ლუჩესკუმაც იგივე თქვა, როცა უკრაინის 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობაზე სთხოვეს კომენტარი – უკრაინელები ასე არიან, მალე იყრიან ტანს, ფიზიკურად სხვებს სჯობნიან, სიჭაბუკის მერე კი უკლებენო. ისიც აღნიშნა, უკრაინელ ახალგაზრდებს არასასურველი გარემო ღუპავთო.

 

ლუჩესკუ წლობით მუშაობდა შახტარში და დაეჯერება. გვსმენია, რომ უკრაინაშიც ასეთი ქვეშქვეშობები სჭარბობს.

 

ამ წერილს მკითხველი ისე ნუ გაიგებს, თითქოს მორჩა და კლუბებში წესიერი არავინ დარჩა. არიან, მაგრამ მასობრივად არა. უბრალოდ, ერთ საკვანძო პრობლემაზე ვწერთ, რომელიც მოგვიანებით უფრო გამოჩნდება ხოლმე – ვკარგავთ ან ხელოვნურად ვამუხრუჭებთ ტალანტებს, ზოგჯერ არაფრის გამო, ვიღაცეების ხუშტურებზე. 

 

და ტალანტები რომ გვყავს, ამას ვიტალი დარასელიას ტურნირებიც ადასტურებს, როგორ ეთამაშებიან ხოლმე ჩვენები მაგარი ევროპული კლუბების აკადემიებს. აი, რამდენიმე თვის წინ თბილისის დინამო გახდა ჩემპიონი და ფინალში თითქმის ცალკარა გაუმართა ემპოლის, რომელსაც იტალიაში თუ რამე გამოარჩევს, ძლიერი აკადემიაა.

 

ამავე ტურნირზე სამი წლის წინ ალკმაარი ძლივს გახდა ჩემპიონი, არადა, იმ ალკმაარში სამი  ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებიც ახლა უკვე მთავარ გუნდში თითქმის სულ სასტარტოში არიან. მათ შორის, ფორვარდი მირონ ბოადუ. ხოლო წლეულს ჰოლანდია 17–წლამდელებში ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ლიდერი და ათიანი სწორედ დარასელიას იმ ტურნირზე ნათამაშევი მოჰამედ ტააბუნი გახლდათ.     

 

დასაფიქრებელი თემაა: ბავშვებში იმდენად არ ჭირს, მთავარი ამბები ჭაბუკთა ფეხბურთიდან დიდ ფეხბურთში გადასვლისას ხდება. წეღანაც დავწერეთ, ბევრს თავში უვარდება, იოლად და უშრომლად უნდა წარმატება, ცდუნებებს ჰყვებიან, მაგრამ ამით თავს ხომ გავიმართლებთ? სამაგიეროდ ბევრმა იცის, რომ მთავარი შრომაა – ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც დაინახავს. ნათქვამია, ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო.