ლოკომოტივმა ტორპედო უქულოდ გაუშვა

ლოკომოტივმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრა რკინიგზელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ორივე გოლი დავით კირკიტაძის ანგარიშზეა.

 

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქმის მთელი შეხვედრა ასე გაგრძელდა. სახიფათო მომენტებს ჭაღიაშვილის შეგირდები უფრო ქმნიდნენ, თუმცა არც ქუთათურები ყოფილან უსაქმოდ.

 

ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩაწოდების შემდეგ, კირკიტაძემ ახლო მანძილიდან მშვენიერი თავურით აიღო კვასხვაძის კარი.

 

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად ლოკოს კარნახით მიდიოდა. 54-ე წუთზე გვალიას ჩაწოდების შემდეგ კვასხვაძემ ბურთი კი დაიჭირა, თუმცა ვერ შეიმაგრა, რითიც თბილისელთა მე-11 ნომერმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.

 

ამ მოგების შემდეგ ლოკომოტივს 40 ქულა დაუგროვდა და მეხუთე ადგილზე გადავიდა, ტორპედო კი ამდენივე ქულით 1 საფეხურით მაღლაა.