ტერ შტეგენი - ბრძოლაში მოპოვებული პირველობა...

ტერ შტეგენის კიდევ ერთი არგუმენტი

ბარსელონა კვირას სევილიას შეხვდება, ეს თამაში კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის საიუბილეო იქნება - გერმანელი მეკარე ბარსას რიგებში მე-200 შეხვედრას ჩაატარებს.

 

ბლაუგრანაში მასზე მეტი მატჩი ჩატარებული მხოლოდ ანდონი სუბიზარეტასა (383) და ვიქტორ ვალდესს (536) აქვთ. 27 წლის მეკარისთვის, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

 

არადა, გერმანელი კარისდაჯარაჯი, როდესაც მიოხენგლადბახიდან კატალონიაში გადაბარგდა, ლა ლიგაში მხოლოდ მეორე მეკარის სტატუსით სარგებლობდა, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეის შეხვედრებში კი ძირითადში თამაშობდა. პირველი მეკარის სტატუსი მან მხოლოდ 2016 წელს მოიპოვა, როდესაც კლაუდიო ბრავო მანჩესტერ სიტიში გადავიდა.

 

მას გერმანიის ნაკრებში დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია აქვს - ტერ შტეგენი ბუნდესმანშაფტში მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილება. ეს სიტუაცია ბოლო პერიოდში შეიცვალა, რაც ბარსას მეკარემ ხმა ამოიღო და პირველი ნომრობა მოითხოვა. მან ნამდვილად დაამტკიცა რომ უმაღლესი დონის მეკარეა და პირველ ნომრობაზე პრეტენზია სრულიად საფუძვლიანად აქვს. იოახიმ ლიოვი დიდი პრობლემის წინაშეა, კარში კაპიტანი ნოიერი დატოვოს თუ შანსი ტერ შტეგენს მისცეს. მწვრთნელმა კომპრომისული ვარიანტი აირჩია, არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში კარს ბარსას მეკარე დაიცავს, ესტონეთთან ევროშესარჩევში კი ბაიერნის.