ჩიხურა – სამი ქულა ბრძოლაში

საჩხერის ჩიხურამ ბრძოლაში მოუგო აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას. 2:1 – სამივე გოლი პენალტით გავიდა. პირველივე წუთზე სეხნიაშვილმა წააქცია ლექვთაძე და გიორგი კორიფაძემ გახსნა ანგარიში...

ქაოტური თამაში ვიხილეთ, რაც ცუდი მინდვრის ბრალი იყო და ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო უჭირდათ შეგუება. ბურთის ნორმალურად გათამაშება ჭირდა. ვიტ ჯორჯიას ჰქონდა რამდენიმე შანსი და პირველ ტაიმში ვერა, მაგრამ მეორე ნახევარში გაათანაბრა. მუსელიანმა დაარტყა, მაისაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმა პაპუნა მაჭარაძემ მეორედ დანიშნა 11–მეტრიანი, რომელიც სწორედ მუსელიანმა გაიტანა – 1:1.

 

დარჩენილ დროში ჩიხურას უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მომენტებს თითქმის ვერ ქმნიდა და... ისევ პენალტი. ამჯერად ცოტა საეჭვო. დეკანოიძე ფლანგიდან შედიოდა საჯარიმოში და ქისიევმა წააქცია თუ თავად დეკანოიძემ გააფორმა, რთული სათქმელია. ისე, კონტაქტი დეკანოიძისგანაც იყო. ასეა თუ ისე, პენალტი და კორიფაძის გოლი – 2:1.

 

ვიტ ჯორჯიას გამოუცდელი ფეხბურთელები ჰყავს და რაც სეზონი განახლდა, მეტწილად აგებს (ხან ფრეები), მაგრამ არც ისეა საქმე, რომ უბრძოლველად აგებდეს. თითქმის ყველა შეხვედრაში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. გუნდს ყველაზე მეტად თავდასხმაში უჭირს.         

 

ჩიხურა – ვიტ ჯორჯია 2:1

 

გოლები: 1:0 კორიფაძე (2 პენ), 1:1 მუსელიანი (70 პენ), 2:1 კორიფაძე (90 პენ)