უილის რიდი იყო ნიუ იორკი

მედისონ სკვერ გარდენი, კალათბურთის ბებერი მეძავი თავს უხრიდა პატს. 

NBA Top 50. უილის რიდი

კარიერა: 1965-1974 (ნიუ იორკი).

ჩემპიონი (1970, 1973).

სეზონის MVP (1970).

ფინალების MVP (1970, 1973).

8 - ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე.

ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP (1970).

1- სეზონის პირველი ხუთეულის წევრი.

4 - სეზონის მეორე ხუთეულის წევრი.

1 - დაცვის პირველი ხუთეულის წევრი.

საუკეთესო ახალბედა (1965).

სტატისტიკა - 18.7 (12 183) ქულა, 12.9 (8 414) მოხსნა.

 

ნიუ იორკში მედისონ სკვერ გარდენი ქალაქზე ადრე იღვიძებს. მოწესრიგდება, ბნელი კუთხეებიდან უსახლკაროებს გააცილებს, მიესალმება წესრიგის დამცველებს, თავს დაუხრის დასუფთავების სამსახურის ერთგულ გუნდს და გადახედავს ქალაქს. მალე, ნიუ იორკი აგუგუნდება და შემდეგ, ქუჩაში ადამიანებიც გამოვლენ. რომლებიც ყოველთვის ავსებდნენ მას, მედისონ სკვერ გარდენს. როდესაც იმ, ძველ პარკეტზე ნიქსის გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშეები გადიოდნენ. და დარბაზი სიამაყით გადაჰყურებს მორბენალ და მოუწესრიგებელ მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს დროულად უნდა დაასრულონ სამუშაო დღე. რომ საღამოს თავისუფლები იყვნენ.

საღამოს, დარბაზში ნიქსი თამაშობს. და, არ აქვს მნიშვნელობა - ვისთან. ადრენალინი ნიქსს მოაქვს. გუნდი, რომელიც დოლარებით გეფერება და ყურადღებას, კონცენტრაციას გიკლავს. აქ მხოლოდ ძალიან დიდები ქაჩავენ და იგებენ ფინალებს. მედისონ სკვერ გარდენი ძველი მეძავია. რომელსაც ბევრი კლიენტი ახსოვს და ყველაზე ერთგულებისთვის პატივი ისე, მეგობრულად უცია. ესეც ისტორიის ფრაგმენტია. ნიუ იორკის და ამ დარბაზის ისტორიის.

და დარბაზმა გადახედა რამდენიმე უკვდავ ნომერს.

ნომერი 19. წარწერით - Reed. უილის რიდი. უკვდავების შემოქმედი. ის, ვინც ნიუ იოკრს ღიმილს უსასყიდლოდ უტოვებდა. გაიცინე, ბებერო მეგობარო და მე მოედანზე მივხედავ საქმეს, ეუბნებოდა ნიუ იორკს რიდი.

და, იგებდა.

დარბაზს გაახსენდა ის, ერთი თამაში. 1970 წლის ფინალური სერია. Game 7!

ნიქსი ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ. რიდი, უოლტ ფრეიზერი, დევიდ დებიუშირი და ბილ ბრედლი და დიკ ბარეტი (საძმოსთან ერთად) გაპიარებულ და ჰოლივუდურად ოქროსფერში შეფუთულ გუნდს შეასკდა. იმ ლეიკერსში ჯერ კიდევ სოლირებდა დევიდ უესტი და ცენტრზე იდგა უილტ ჩემბერლენი. მესამე ოფცია? ელჯინ ბეილორი!

იმ თამაშში უილის რიდმა მხოლოდ 4 ქულა დაგორვა. და იმ 4 ქულამ შეცვალა ყველაფერი.

სერიის პირველ ოთხ ჩეხვაში რიდმა აკრიფა 37, 29, 38 და 23 ქულა. ყველაფერი ეს საშუალოდ 15 მოხსნასთან ერთად. და, მეხუთე თამაშში რიდი დაიმტვრა, გაიტრავმა. ლეიკერსმა მოიგო მეექვსე ტესტი და ამერიკამ მიიღო ბოლო, სისხლიანი რაუნდი.

უილის რიდს არ უნდა ეთამაშა. და შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რიდი კოჭლობით შებარბაცდა პარკეტზე, მიესალმა ფანებს. დარბაზი კინაღამ დაინგრა!

რიდმა ჩემბერლენს პირველი გდება მოუგო. კუთხიდან ისროლა და ჩააგდო! 2 ქულა. მიიღო ბურთი პოზიციური შეტევის დროს და კიდევ ერთხელ ჩააგდო! 4 ქულა. და რიდი დამთავრებული იყო. უილისი კოჭლობით მივიდა სათადარიგოებთან და დაჯდა. ნიქსისთვის ეს საკმარისი იყო. დალეწილი ლიდერის გმირობამ გუნდს ახალი ენერგია, თვითრწმენა მისცა და ნიქსმა დაშალა ლეიკერსი 113:99.

რიდი 1970 წლის ფინალური სერიის MVP გახდა. და 3 წლის შემდეგ ერთხელაც მოიპოვა ეს აღიარება.

ნიუ იორკ ნიქსის ისტორია ტკივილის და იმედგაცრუების ლაბირინთია. გუნდი შედიოდა უძველეს, საკრალურ მედისონ სკვერ გარდენში და მხოლოდ ორჯერ აჩუქა ქალაქს ჩემპიონობა.

იმ ორ გარბენში ნიქსის ლიდერი იყო უილის რიდი.

და ვინ იყო ნიქსი? ვინ არის ნიქსი? ვინ იყვნენ ნიქსის ლეგენდები?

ჯეი არ სმიტი, რომელმაც გუნდს ორი საინტერესო სეზონი აჩუქა? ალბათ, არა.

რეი უილიამსი, რომელიც გუნდში ცუდი ნიქსის დროს (1978-1984) მოხვდა? ვერ ქაჩავს.

კაიზი რასელი, რომელიც რიდთან ერთად იგებდა ფინალს? კარგი ბიჭი,  მაგრამ არა - ლეგენდა.

დევიდ ლი, რომელმაც ნიუ იორკს ჯანმრთელობა და ბევრი ორმაგი დუბლი მისცა? მისტერ ლი უკვე გახუნებულ, ზარმაც ნიქსში იყო.

სტეფონ მარბერი? 2003-2008 წლებში საკუთარი თავის კაცი საშუალოდ 18.2 ქულას იღებდა. მეტს არაფერს. მარბერის კარიერა უმოტივაციო გარბენი იყო.

დიკ მაკგუაირი? საოცარი მოთამაშე, კარგი მხატვარი და მივიწყებული კაცი ისტორიიდან. არა.

ბილ კარტრაიტი (ყველაზე უცნაური სროლით)? ბაბუა ბილი უფრო ჩიკაგოში მოგებული ფინალებით გვახსოვს. და, არა მხოლოდ ჩვენ. ნიქსის ფანებსაც. ნიქსის წინააღმდეგ ბილი განსაკუთრებით ნაყოფიერი და მთქმელი იყო. კარგი, მაგრამ არა - ლეგენდარული.  

ლარი ჯონსონი და მისი 12.3 ქულა? და, ჩარლზ ბარკლის შემდეგ ყველაზე დიდი უკანალი? ნიქსის ისტორიაში ლარიზე მეტ ქულას 54 მოთამაშე აგროვებდა და ლარის გმირული კალათბურთი 1998-1999 წლების ფლეი ოფში არ არის საკმარისი. გავიარეთ.

ენტონი მეისონი და მისი მეგადაცვა? მეისონი იყო დიდი გული. რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩერდა და თან გაიყოლა უამრავი განსაკუთრებული მოგონება. ნიქსის ოჯახს ახსოვს ენტონი. მაგრამ, ლეგენდა? ის არც ცდილობდა, რომ ყოფილიყო გამორჩეული.

მაიკლ რეი რიჩარდსონი? რედ ჰოლცმანის და უილის რიდ-მწვრთნელის გუნდში ის ცოტა დროს იღებდა. ჰოლცმანმა მას მეტი ნდობა მოგვიანებით მისცა და რეი რიჩი ერთხელ 10.1 პასით ლიგის ლიდერი გახდა. კარგი ბიჭი. კარგი ბიჭები არ არიან ლეგენდები.

ამარე სტაუდმაიერი? სამი საინტერესო სეზონი ნიქსში, მაგრამ როდესაც გუნდმა კარმელო ენტონი დაიმატა, ამარეს სტატისტიკა გაუარესდა და რუტინული დომინაციის მიუხედავად, ის ახლოს ვერ დგას დიდებთან. პოტენციალი იყო.  

რიჩი გერინი? მივიწყებული მელოდია ნიქსის ფანებისთვის. საოცარი შემსრულებელი, რომელმაც ერთხელ რეგულარული საშუალო 30 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით დაამთავრა. ნიქსის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაბალი მოთამაშე, მაგრამ არა - ლეგენდა.

ლატრელ სპრიუელი და ყველაზე ელეგანტური დრედები გუნდის ისტორიაში? კარგი, სანდო, ეპიზოდურად - მკვლელი, მაგრამ არა - ლეგენდა. ის იგებდა და 1999 წლის ფინალურ სერიაში მას ბოლო წამზე ტიმ დანკანმა და დევიდ რობინსონმა დაუფარეს. ძლიერი. ვერ ლეგენდობს.

ჯონ სტარქსი და მისი ელეგანტური სროლა? ჯონი უყვარდათ, ჯონის აპატიეს ყველაფერი (თუნდაც, 1994 წლის ფინალის მე-7 თამაშში იმპოტენცია), მაგრამ ჯონი იყო ჩვეულებრივი, კარგი მსროლელი. პოპულარული, ქარიზმატული. და, მეტი - არაფერი.

ჩარლზ ოუკლი? მეისონთან ერთად ქმნიდა დაუნდობელ წყვილს, რომელიც ძვლებში ამტვრევდა ყველას, ვინც ნიქსის ტერიტორიაზე შედიოდა. ჩარლზი იყო კარგი ფორვარდი შეზღუდული შესაძლებლობებით შეტევაში. გვახსოვს, ვაფასებთ, მაგრამ - აქ ვერ ქაჩავს.

ალან ჰიუსტონი? 10 საინტერესო სეზონი, 2001 წლის სტარტზე გაფორმებული 100-მილიონიანი კონტრაქტი, ბოლო წამზე დამარხული მაიამი ფლეი ოფში და მეტი არაფერი - ლეგენდები ოდნავ მეტით გვახსოვს. ლეგენდები მეტს იგებდნენ. ჰიუსტონისთვის ეს საკმარისი იყო.

მარკ ჯექსონი და მისი უნიკალური პასი? სენტ ჯონიდან ბრუკლინის გავლით ნიქსმა მიიღო ელეგანტური გამთამაშებელი, რომელმაც ბევრი კარგი პასი და მოგონება დატოვა. მარკი უყვარდათ და შემდეგ, ჯექსონი ინდიანაში გადავიდა. ცუდი პასი ფანებისთვის.

ბილ ბრედლი და მისი საოცარი მეტსახელი „დოლარი’? მისტერ ბრედლი ნიქსის ორივე საჩემპიონო გუნდის წევრი იყო, მაგრამ საშუალოდ 14 ქულით და 4 პასით შენ არ ხარ ლეგენდა.

კარმელო ენტონი და მისი რამდენიმე ელეგანტური სეზონი? მონსტრი - შეტევაში და პოდიუმის მოდელი - დაცვაში. დაუნდობელი ერთი-ერთზე შეტევის დროს და პასიური და ზარმაცი პერსონალური დაცვის დროს. კარმელო იყო ნიჭი და ეს ნიჭი დაილექა. სამწუხაროდ.

ბერნარდ კინგი? რომელიც გახდა რეგულარულის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. რომელმაც ნიუ ჯერსის ერთ შეხვედრაში 60 ქულა აარტყა. რომელიც 1984 წლის იანვარში გახდა პირველი მოთამაშე, ვინც ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ, 50 ქულას აგროვებდა. რომელიც იყო ძალიან დიდი. რომელსაც არ გაუმართლა (მძიმე ტრავმა მიიღო) და რომლის კარიერა ნიქსში ოთხნახევარი სეზონის შემდეგ დაიხურა. ბერნარდი იყო შეუდარებელი.

დეივ დებიუშირი? რომელმაც პროფესიული კარიერა 12 სეზონში საშუალოდ აღებული 11 მოხსნით დაასრულა. რომელსაც აკლდა სიმაღლე და არ აკლდა ლტოლვა. რომელმაც ნიქსს (ექვსიდან) ბოლო ოთხ სეზონში საშუალოდ 15 ქულა და 10 მოხსნა აჩუქა. მკვლელი ფორვარდი. ლეგენდა? ალბათ, არა. დებიუშირი თავისი გენერაციის ჩარლზ ბარკლი იყო.

ერლ მონრო? უილის რიდის მეგობარი მოედანზე და უბანში. მონრო იგებდა თამაშებს, მონრო იგებდა ფლეი ოფის სერიებს და მონროს სტატისტიკა (16.2 ქულა, 3.5 პასი) არ გკლავდა, მაგრამ მონრომ იცოდა, როდის უნდა დაეჭრა ის, მეორე გუნდი. ნიქსის ლეგენდა, მაგრამ მაინც უილის რიდის შემდეგ. ტიტანი დაცვაში. ჩვენ გვახსოვს. ჩვენ ვაფასებთ.  

უოლტ ფრეიზერი? შეუცვლელი მოთამაშე დაცვაში და ერთ-ერთი კარგი, შეუცვლელი გუნდის  კონსტრუქციულ ქმედებაში. ინსპირაციული პერსონაჟი გულშემატკივრებისთვის. ფრეიზერი (19.3 ქულა, 6.3 პასი, 6.1 მოხსნა) ათ სეზონში ნიქსის ჰეროინი გახდა. და მისი კალათბურთი იყო ვუდსტოკი. ოდნავ, მაგრამ მაინც რიდის შემდეგ.  

რჩება ორი განსაკუთრებული, ნიქსის გულშემატკივრებისთვის საყვარელი მოთამაშე.

პატრიკ იუინგი და უილის რიდი.

სტატისტიკით იუინგი წინ არის. 22.8 ქულა, 19.4 მოხსნა, 2.7 დაფარება, 2.0 პასი, 1.0 ჩაჭრა და თამაშიდან ზუსტი სროლების 50.8 პროცენტი. ნებისმიერი მაღალი მოთამაშისთვის საოცნებო სტატისტიკა. პარალელურად, პატი პირველი და ყველაზე დიდი ოცნების გუნდის წევრი იყო.

და, პატრიკს არ გაუმართლა, რომ მისი პიკის დროს მაიკლ ჯორდანი ღმერთი გახდა. და, მისტერ იუინგს არ გაუმართლა, რომ ჯონ სტარქსმა 1994 წლის ფინალში მაშინ ვერ ჩააგდო, როდესაც ჩემპიონობა ახლოს იყო.  

და, პატრიკმა ვერ მოიგო. ის, ერთი, გადამწყვეტი სერია. ვერც - ჯორდანთან და ვერც - ჰაკიმ ოლაჯუონთან. იუინგი აგროვებდა სტატისტიკას, მოხსნებს, ქულებს და ჭრილობებს. შეუხორცებელ იარებთან ერთად.

მედისონ სკვერ გარდენი, კალათბურთის ბებერი მეძავი თავს უხრიდა პატს. და ამ დარბაზმა იუინგს ბევრი წაგებული სერია არ აპატია. ლეგენდარულმა ცენტრმა ნიქსს ოცნება ვერ აჩუქა.

ის, რაც გააკეთა უილის რიდმა.

და ნიქსის ფანებისთვის რიდი იუინგზე, ყველაზე დიდი მოთამაშეა. რომელიც გადიოდა მოედანზე და კვდებოდა ნიქსისთვის.

უილის რიდი იყო ნიუ იორკი.