დინამოების საჩემპიონო მატჩი ფრედ დასრულდა

შესაძლოა, ეს დინამოების ისტორიაში ყველაზე პრინციპული მატჩიც იყო...

ბათუმში ეროვნული ლიგის 30-ე ტურის, შესაძლოა სეზონის, ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ორი დინამო შეხვდა, 61-61 ქულით, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ისე, რომ 1-2 ადგილებს სწორედ ისინი იყოფდნენ.

 

მატჩის პირველ ნახევარში ბათუმელი ფეხბურთელები დომინირებდნენ. საერთოდაც, როგორც იტყვიან, თოლიებს მასპინძლის უპირატესობა ჰქონდათ, რადგან, წვიმის მიუხედავად, სტადიონი სრულად შევსებული იყო და ქომაგობა 1 წუთით არ მოკლებიათ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლადო დვალიშვილის თამაში, რომელიც მთელი ტაიმის განმავლობაში არ გაჩერებულა და თითქმის არცერთი პოზიციური ორთაბრძოლა არ წაუგია. 

 

პირველ ნახევარში მხოლოდ ნახევარ-მომენტები იქმნებოდა და ისეთი შეტევა არ ყოფილა, ამა თუ იმ ფეხბურთელს აუცილებლად რომ უნდა გაეტანა. 

 

მეორე ტაიმი, პირველისგან განსხვავებით, ბევრად სანახაობრივი გამოვიდა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ბევრად მწვავედ შეუტიეს და უკვე 50-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ფლამარიონს ჰქონდა. 

 

55-ე წუთზე, თბილისელთა კარის მიმართულებით ჯოვინო ურტყამდა,რომელზეც ხელით ზარიამ ითამაშა და სრულიად დამსახურებულად თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ფლამარიონი მივიდა და თოლიები დააწინაურა. 

 

აღნიშვნის ღირსია მოედანი, რომელზეც წყალი იდგა და გუნდები ბურთის გაგორებას უბრალოდ ვერ ახერხებდნენ. 

 

66-ე წუთზე მამუჩაშვილი საჯარიმოს გარედან ურტყამდა და ორამდე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

 

შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოედანზე დინამოს ახალი ათიანი და ნაკრების ფორვარდი, ლევან მჭედლიძე შემოვიდა, რომელმაც 83-ე წუთზე კაპლიენკოს პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. ეს, ამ თამაშში, თბილისის დინამოს პირველი და უკანასკნელი კარში დარტყმა იყო.

 

საბოლოოდ - 1:1 

 

ჩემპიონატის დასრულებამდეე 6 ტურია და ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია.

 

ბათუმის დინამო 1:1 თბილისის დინამო

 

55' - ფლამარიონი (1:0)
83' - მჭედლიძე (1:1)