1:1 – რჩება ექვსი ფინალი

საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს ასეთი ამბავი 2002 წელს გვახსენდება. ბოლო ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოს მასპინძლობდა, ფრეც აწყობდა და 1:0 მოუგო მალხაზ ასათიანის პენალტით. 

მაშინ ტორპედო ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. გადაჭედილი იყო სტადიონი.

 

ასე იყო 6 ოქტომბერს ბათუმშიც. ორი საათით ადრე უკვე გადაჭედილი იყო ტრიბუნები. თავსხმა წვიმამ და ქარმა თამაშს დაღი დაასვა, მითუმეტეს, გია გეგუჩაძის გუნდსაც უყვარს ბურთის გაგორება და ჩისკოს დინამოსაც.

 

1:1. ასეთ მატჩებს პატარა დეტალები განსაზღვრავს. ლევან მჭედლიძემ ისეთ დროს გაიტანა და ისეთი გოლი, რომ კრიტიკოსები დაადუმა. პირველივე შეხებაზე, თანაც, სად დაასწრო. კაპლიენკომაც კარგად ითამაშა იმ მომენტში, მაგრამ მაინც სოლო–გოლად უფრო ჩავთვლიდით. გონწასულს რომ წყალს შეასხავ და გამოაფხიზლებ, ასეთი იყო ეს გოლი. რომ წაეგო, რა შანსიღა რჩებოდა თბილისის დინამოს? მცირე. ბათუმის დინამო 3 ქულით ხომ წინ გავიდოდა, პლუს, დარჩენილ 6 ტურში ერთი წაგების უფლებაც ექნებოდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ კალენდარიც უკეთესი აქვთ... მოკლედ, თბილისელთა შანსი ძალიან მცირდებოდა.

 

ახლაც, ობიექტურად თუ შევხედავთ, კალენდრისა და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე ბათუმელებს აქვთ უპირატესობა, მაგრამ მეორე მომენტიცაა: გეგუჩაძეს გრძელი სკამი არ აქვს, ფაქტიურად, 13 ფეხბურთელზე გადადის მთელი სეზონი და ამან შესაძლოა ბოლო ტურებში იჩინოს თავი. თბილისელებს კი დაუბრუნდებათ ლევან კუტალია და ნოდარ ქავთარაძე.


 

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ბათუმელთაგან მეტი აგრესია მოდიოდა. უფრო მეტნი გადადიოდნენ შეტევაზე, სტუმრებს კი თითქოს აკლდათ გამბედაობა. თბილისელთა შემტევებს ხშირად უხდებოდათ სიღრმიდან მოქმედება, ეს კი დიდ გამძლეობას მოითხოვდა.

 

გოლი, რომელიც ბათუმელებმა გაიტანეს და ანგარიში გახსნეს, ლოგიკური იყო. იმ მონაკვეთში გააძლიერეს ზეწოლა და გიორგი პაპავას ხელზე მოხვდა ბურთი, რასაც პენალტი და ჯოვინო ფლამარიონის გოლი მოჰყვა. ბათუმის დინამოს უკან აარ დაუხევია და შენარჩუნებაზე არ უთამაშია. ალბათ, ყველაფერი მშვიდად დასრულდებოდა, რომ არა მჭედლიძის ფაქტორი.

 

ბოლოს მსაჯობაზეც. რუმინელებმა კარგად გაართვეს თავი საქმეს: ბირშანმაც და გვერდითებმაც. პენალტის ეპიზოდშიც გაერკვნენ, ბოლოს ფლამარიონის მომენტზეც და ბევრ სხვა სათამაშო სიტუაციაშიც. არც ყოფილა შფოთი და არეულობა. რა დავამატოთ? ვისურვებდით, სულ ასეთი მსაჯობა ყოფილიყოს საქართველოს ჩემპიონატში.  

 

ნეიტრალური ქომაგებისთვის კი ეს 1:1 მშვენიერია. გაიგე ახლა, ვინ გახდება ჩემპიონი...