ყველაზე სუსტი მანჩესტერი

როგორ გადავარჩინოთ სულშერი?


ცუდად მიდის მანჩესტერ იუნაიტედის საქმეები. კვირას „ეშმაკუნებმა“ ნიუკასლთან წააგეს (0:1) და პრემიერლიგის ცხრილში მე-12 ადგილზე დადგნენ. მათ რვა ტურის შემდეგ  9 ქულა აქვთ, რაც მხოლოდ ორით მეტია გასავარდნ ზონასთან.
ეს უცუდესი შედეგია 1989-90 წლების სეზონის შემდეგ, როცა მანჩესტერი 8 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზე იყო. მაგრამ, მაშინ პრემიერლიგა ჯერ არ არსებობდა.
კრიტიკაც არ ახანებს. მაგალთად, მანჩესტერის ლეგენდა გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მარუან ფელაინის, ალექსის სანჩესისა და რომელუ ლუკაკუს გაყიდვა შეცდომა იყო. საერთოდ, პოსტ-ფერგიუსონისეულ ეპოქაში, მანკუნიანელთა კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა, ბევრი გაუაზრებელი შენაძენი გააკეთა, რამაც შიდა-ბალანსი დაარღვია და ახლა სულშერს ვითარების დასალაგებლად დრო დასჭირდება.

„ხარისხი დაეცა. მათ ნაბიჯი უკან გადადგეს. ფელაინისთან, სანჩესთან და ლუკაკუსთან ერთად, მათი წინა ხაზი გაცილებით საინტერესოდ გამოიყურებოდა, - თქვა ნევილმა, - ახლა სტილიც გამოსასწორებელია და სატრანსფერო პოლიტიკაც. ეს არ იქნება ადვილი. ის, რაც წლების განმავლობაში არასწორად მიმდინარეობდა, უცებ ვერ გამოსწორდება და სულშერს გვარიანი ნერვიულობაც მოუწევს. აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის მწვრთნელები მოჰყავდათ. ახლა სულშერი მოიყვანეს, რომელიც კიდევ უფრო სხვა სტილის მიმდევარია. თუ თქვენ ყოველ ორ წელიწადში ცვლით მწვრთნელს და შესაბამისად სტილს და 250 მილიონგირვანქიან ინვესტიციას აკეთებთ, პრობლემები აუცილებლად გექნებათ.“

მიუხედავად ასეთი ცუდი დასაწყისისა, „ეშმაკუნების“ ყოფილი მარჯვენა მცველი მიიჩნევს, რომ სულშერმა უნდა გააგრძელოს მუშაობა და დაამთავროს წმენდის პროცესი. მოთმენაა საჭირო. ნორვეგიელ სპეციალისტს მეტი დრო უნდა მისცენ, ვიდრე მის წინამორბედებს აძლევდნენ.
„ახლა მანჩესტერი იმ შეცდომების შედეგს იმკის, რაც ბოლო წლებში კლუბში ხდებოდა. დირექტორთა საბჭოს უგუნური გადაწყვეტილებების გამო, - აგრძელებს ნევილი, - სულშერი უნდა დარწმუნდეს, რომ მას წმენდის საშუალებას ბოლომდე დაანებებენ და იმ 250 მილიონს ისე დაახარჯვინებენ, როგორც თავად მოისურვებს. თუმცა, კარგი რაღაცეებიც მოხდა. უპირველესად, კონგოელი აქსელ ტუანზებესა და ჰარი მაგუაირის ტრანსფერებს ვგულისხმობ. ხუთი-ექვსი ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოჩნდა, რომლებიც ყოველდღიურად უმატებენ. მეტი ახალგაზრდის მიზიდვაა საჭირო, ახალი სისხლი აუცილებელია. სხვაგვარად არაფერი გამოვა. წინა წლების გაცდენებს, უცებ ვერ აინაზღაურებ.“

კიდევ ერთი პრობლემა. ინგლისური ფეხბურთის ორი ლეგენდა ალან შირერი და მარტინ კიოუნი მანჩესტერის ყმაწვილ მარკუსს რაშფორდს იცავენ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ერთობ გააწბილა ქომაგები. 

„არ მინდა გავაკრიტიკო რაშფორდი, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია. უკვე ავიწყდებათ, რომ მხოლოდ 21 წლისაა. მაგრამ, ვგრძნობ, რომ დაძაბულია იმით, რაც მის გარშემო ხდება. თითქოს გუნდიდან ამოვარდნილივით არის. ხშირად თითქოს „ვერ ამჩნევენ. პასს უგვიანებენ,“- ამბობს კიოუნი.
არსენალის ყოფილ მცველს, ნიუკასლის ყოფილი შემტევი ალან შირერიც ეთანხმება: „ეს ყველაზე სუსტი მანჩესტერია, რაც ბოლო დროს მინახავს. რაშფორდის ამბავი კი მართლაც შესაშფოთებელია. საინტერესოა, როგორ ურთიერთობს თანაგუნდელებთან, რას ეუბნებიან, ან თავად რას აბობს. ფაქტია, რომ ბოლო დროს ის მინდორზე არ ჩანს.
ახლა სანაკრებო პაუზაა და იმედია, სიტუაციის შეცვლა მასზე დადებიტად იმოქმედებს,“ - დასძენს შირერი.