auf wiedersehen, ბასტი!

ბასტი ფანტასტი - ომი დასრულდა!

შესაძლოა ადამიანს გერმანული ფეხბურთი არ გიყვარდეს, მაგრამ ბასტიან შვაინშტაიგერს არ აფასებდე - წარმოუდგენელია. ყველა დიდ საკლუბო თუ სანაკრებო გუნდს თავისი ეპოქა გააჩნია, ამ ეპოქას კი თავისი გმირები ჰყავს. ბაიერნი და გერმანია, ნაციის ამ ორი დიდი მონსტრის გული წლების განმავლობაში ბასტის სხეულში ფეთქავდა. ის იყო იმ გერმანელის სახე, რომელიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში სულ ჰყავს, მანამდე კანის და ეფენბერგის სახით, ახლა კი - იოზუა კიმიხის.

 

შვაინშტაიგერს გერმანიაში გამოჩენისთანავე იმედისთვალით შეჰყურებდნენ. თავიდან გამთამაშებლად თამაშობდა, შემდეგ კი ნახევარდაცვაში უკან დაიხია, სადაც უფრო მეტად იპოვა თავი და ლეგენდად ჩამოყალიბდა.

 

მას კარიერაში ბევრი წარუმატებლობაც ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალიც წაუგია და ჩემპიონთა ლიგისაც, თანაც ორჯერ, თუმცა ეს მეორე მისთვის ყველაზე ცუდად გასახსენებელი იყო - პენალტების სერიაში ბურთი ძელს მოარტყა და დროგბას საჩემპიონო დარტყმის საშუალება მისცა.

 

თითქოს, ამ იმედისმომცემი ბიჭის თაობას ასე უკვალოდ უნდა ჩაევლო. ბასტი და ლამი უკვე 30 წლისანი იყვნენ, რის შემდეგაც ფეხბურთელის კარიერაში დაღმართი იწყება. თუმცა საქმე გერმანელებთან გვაქვს,  მათთვის ხომ ყველაფერი ბოლო წამამდე გრძელდება - ამ შემთხვევაში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე.

 

bastian schweinsteiger champions league-ის სურათის შედეგი

 

2013 წელს, მიუნხენის ბაიერნმა გრანდიოზული სეზონი ჩაატარა, ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეეძლო და სეზონში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა (ბუნდესლიგაში ლევერკუზენის ბაიერთან და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბორისოვის ბატესთან). ჩემპიონთა ლიგის თასისკენ მიმავალ გზაზე ისეთი კონკურენტები ჩამოიცილა, როგორებიც იუვენტუსი და ბარსელონა არიან, ფინალში კი დორტრტმუნდის ბორუსია დაამარცხა.

 

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კი ნამდვილი კლასიკაა. შემდეგ იტყვიან, ბუნდესმანშაფტმა ეს ტიტული იმიტომ მოიგო, რომ მის შემადგენლობაში პიროვნებები თამაშობდნენო. რა თქმა უნდა, ეს ასეც არის. შვაინშტაიგერმა იმ შეხვედრაში ადამიანური ძალების მაქსიმუმი ჩადო, მოედანზე იყო იქ, სადაც ნაკრებს ყველაზე მეტად უჭირდა და ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე უფრო ძლიერი დგებოდა. ნაომარმა, ნაცემმა და ყველაზე ბედნიერმა შვაინშტაიგერმა მსოფლიო ჩემპიონის თასი ცაში აღმართა. ბასტიმ ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

 

bastian schweinsteiger world cup champion-ის სურათის შედეგი

 

ამის შემდეგ თავს უფლება მისცა, ბავშვობის ოცნებებს გაჰკიდებოდა და 31 წლის ასაკში სათამაშოდ პრემიერლიგაში წავიდა. მანჩესტერში ორ წლიანი თავგადასავალის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა, სადაც კარიერა საბოლოოდ დაასრულა კიდეც.

 

ბასტიმ 35 წლის ასაკში უკვე იმდენი შეძლო, რომ დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია მოჰყვეს. თუმცა ის გერმანელია და არასდროს გაჩერდება. სადაც წავა, ყველგან წარმატებული იქნება.

 

auf wiedersehen, ბასტი!