ფლორენციის საჩუქარი

რიბერის იტალიური რეკორდი


საკვირველი ამბავია - 36 წლის რიბერი სერია А-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...
ფრანგი გასულ ზაფხულს, კინაღამ ერთერთ რუსულ კლუბში აღმოჩნდა. ჯერ ჩვენი საბა კვირკველიას მოსკოვის ლოკომოტივი დაასახელეს, შემდეგ სპარტაკზეც ალაპარაკდნენ.
რკინიგზელთა გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ რუს ჟურნალისტებს უთხრა, რიბერის პირადად შევხვდიო. 
„ერთად ვივახშმეთ. მედიაში მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამიცდილება მაქვს და ბევრი კონტაქტები შემომრჩა. რიბერისთან შეხვედრაც პრობლემა არ ყოფილა. ის მებძოლი ფეხბურთელია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეიძლება გააძლიეროს გუნდი. მაგრამ ასაკშია,“ - ამბობდა მაშინ კიკნაძე.
შედეგად, რიბერი „ფიორენტინაში“ აღმოჩნდა. რუსულ პრემიერლიგაში კარიერის მშვიდად დამთავრებას, ბოლოს მაინც იტალია აირჩია და სწორადაც მოიქცა - ფიორენტინასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

 

მანამდე 12 სეზონის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა. რვაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხუთჯერ ქვეყნის თასი და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ფიორენტინაში მისი წლური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.
შარშან ფიორენტინა ძლივს გადაურჩა ელიტიდან გავარდნას. ივლისში  კი ის იტალიური წამოშობის ამერიკელმა მილიარდერმა როკო კომისომ იყიდა 160 მილიონ ევროდ.
კომისომ მოკლე ხანში ბევრი რამ შეცვალა კლუბში, გააახალგაზრდავა. და რაც მთავარია, პომპეზურად წარუდგინა გულშემატკივრებს ვეტერანი რიბერი. 
პრეზენტაციისას, არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე შუქი გამორთეს. ფრანგი სიბნელეში გავიდა მინდორზე. უცებ ყველა მხრიდან ფოიერვერკით განათდა იქაურობა, რომელსაც ლაზერული შოუ მოჰყვა. 
კომისომ მიკროფონი აიღო და გულშემატკივრებს მიმართა: „რიბერი ჩემი საჩუქარია ფლორენციას. ის ლეგენდაა. სერია A-ს არც ერთ ფეხბურთელს, კრუშტიანუ რონალდუს გარდა, არ ჰქონია ამდენი ტიტული, რამდენიც ფრანგ ვარსკვლავს აქვს საერთაშორისო სარბიელზე,“ - თქვა კომისომ. 
შემდეგ ისიც დაამატა, რიბერის მსგავსი ფეხბურთელები სერია A-ს პრესტიჟს უმაღლებენო. 
ერთი პრობლემა ფრანგის ასაკი იყო მაგრამ...

მიმდინარე სეზონში ფრანგმა სერია A-ში შვიდი მატჩი ჩაატარა. სექტემბერში ის მინდორზე ხუთჯერ გამოჩნდა (ოთხჯერ - ძირითად შემადგენლობაში). შედეგი სოლიდურია - ორი გოლი და ერთიც ასისტი.
ასევე სექტემბერში, რიბერიმ იტალიური უმაღლესი ლიგის რეკორდიც დაამყარა - ყველაზე ასაკიანი ლეგიონერი გახდა, ვისაც სერია A-ში გაუტანია. მეოთხე ტურის შეხვედრაში ატალანტას წინააღმდეგ (2:2) ის 36 წლის და 168 დღის იყო.
მეექვსე ტურში ფიორენტინამ მილანს 3:1 მოუგო. მატჩის შემდეგ რიბერიმ ჟურნალისტებს უამბო თუ რას ფიქრობს საკუთარ ასაკზე.
„დიახ, უკვე ასაკში ვარ. მაგრამ თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. საქმე, რომელიც მიყვარს. მიხარია, რომ გუნდს ყველაფერი კაერგად მისდის. აქ ახალი გამარჯვებების სურვილით ჩამოვედი,“ - ამბობდა რიბერი.
ახლა ფიორენტინა, რომელმაც სეზონი ორი წაგებით დაიწყო, 11 ქულით მერვე ადგილზეა, თუმცა მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.