იუვენტუსი პოგბას არ ეშვება

ტურინელები მზად არიან პოგბას სანაცვლოდ მანჩესტერს ორი ფეხბურთელი დაუთმონ 

დიდი ხანია, რაც იუვენტუსს მანჩესტერიდან პოგბას დაბრუნება სურს. იტალიელებმა ფრანგის შეძენა ზაფხულშიც სცადეს, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ბოლო ინფორმაციით, სარის გუნდი პოლის გადაბირებას ზამთარშიც შეეცდება და მანჩესტერს მის სანაცვლოდ ემრე ჩანს და მარიო მანჯუკიჩს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ ხორვატი ფორვარდით თავად იუნაიტედიცაა დაინტერესებული.

 

პოგბა მანჩესტერში სწორედ იუვენტუსიდან 2016 წელს გადავიდა. ფაქტია ბოლო დროს მან აშკარად მოუკლო, რაც გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზია. აღსანიშნავია, რომ შარშან ზაფხულს პოგბას გუნდის დატოვება და ბარსელონაში გადასვლა სურდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ამ სეზონში ნახევარმცველმა 6 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა.