ირლანდია: დაცვის ლიდერი დაბრუნდა, ფორვარდი გამოირიცხა

ირლანდიის ნაკრებს წამყვანი მცველი შონ დაფი დაუბრუნდა. ბრაიტონის ფეხბურთელი მწვრთნელ მიკ მაკარტის სიაში არ გახლდათ, რადგან ტრავმა ჰქონდა, თუმცა ნაკრებს შეუერთდა და თბილისში ჩამოვა. 

ირლანდიური პრესის ვარაუდით, დაფი სასტარტოში დაიწყებს.

 

ცნობისთვის, ეს ის დაფია, შარშანწინ თბილისში რომ გაიტანა. მაშინ საქართველო–ირლანდია 1:1 დასრულდა. ირლანდიელის გოლი საეჭვო სიტუაციაში გავიდა: გიორგი მაკარიძეს აშკარად ხელი ჰკრა.   

 

სამაგიეროდ, თითქმის გამოირიცხა დევიდ მაკგოლდრიკის თამაში. შეფილდ იუნაიტედის თავდამსხმელი საუკეთესო იყო ირლანდია–საქართველოს ბოლო მატჩში, რომელიც 1:0 დასრულდა.

 

მაკგოლდრიკმა, შესაძლოა, 15 ოქტომბერს ჟენევაში შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშოს.

 

 

შეგახსენებთ, საქართველო–ირლანდია 12 ოქტომბერს დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.