ძალიან სუბიექტური წერილი

მათი გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა ალბათ დაღლილი, მაგრამ ჯიუტი მოწინააღმდეგის გაგლეჯვას. 

ფეხბურთს და ირლანდიას ერთად რომ ახსენებენ, გონებაში სიტყვა უსამართლობა ამოტივტივდება ხოლმე. ვიცი, როგორ არა, რომ თანამედროვე ირლანდია თანამედროვე საქართველოს ჯობია, მაგრამ ჯობნა სხვაა, უსამართლობა კი სხვა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შენ შეიძლება ათიდან შვიდი მომიგო, მაგრამ ის ჩემი წილი სამი გამარჯვება არ უნდა მომპარო.

 

მოკლედ, გადანახულ ფაილებში, აი, რა ვიპოვნე:

 

BBC: „მეორე ტაიმში ირლანდიელთა გაწბილებულ გუნდს სიცოცხლე პენალტმა დაუბრუნა. დავინახეთ, რომ ბურთი ლობჟანიძეს ზემოდან მხარზე მოხვდა. მსაჯისგან თავად ირლანდიელებიც არ ითხოვდნენ არაფერს, მაგრამ ჰიიტიამ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და კინმა ანგარიში გაათანაბრა“.

 

სანი: „73-ე წუთზე მსაჯმა იუნი ჰიიტიამ ირლანდიელებს გულუხვი საჩუქარი გაუკეთა, პენალტი აჩუქა და თამაშში დააბრუნა. მას მერე, რაც ფინელმა არბიტრმა უჩა ლობჟანიძეზე ხელით თამაში აღნიშნა აუტსაიდერები (ანუ ქართველები) დაიზაფრნენ. არადა, იმ ეპიზოდში კინიც თამაშგარეში იდგა“.

 

დეილი მეილი: „ირლანდია ისევ კაპიტანმა, რობი კინმა იხსნა, თუმცა 73-ე წუთზე, სანაკრებო კარიერაში 36-ე გოლის გასატანად ისეთი პენალტი დაარტყმევინეს, რომ წესით უნდა შემცბარიყო. თანამსაჯმა მიკო ალაკარემ კინზე თამაშგარე აწია, მაგრამ მისმა თანამემამულემ, იუნი ჰიიტიამ ბლექბერნის მცველს ზურაბ ხიზანიშვილს (მეილის ჟურნალისტი ცდება, ლობჟანიძე უნდა დაეწერა) „ხელით თამაში“აღმოუჩინა. ჰიიტიამ სტუმრების პროტესტს ყურადღება არ მიაქცია, ალაკარემ კი ალამი დამალა და...“

 

გარდიანი: „დუბლინელ მაყურებელს შფოთვა ეძალებოდა, რადგან მათი გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა ალბათ დაღლილი, მაგრამ ჯიუტი მოწინააღმდეგის გაგლეჯვას. და აი, ამ დროს ჯოვანი ტრაპატონის გუნდს ძნელად დასაჯერებელი პენალტი აჩუქეს. კევინ დოილმა ბურთი კინს გადააწოდა, ის კი ოფსაიდში იდგა და ამის აღსანიშნავად თანამსაჯმა აღმართა კიდეც ალამი. თუმცა, სანამ ბურთი კინს მიუვიდოდა ის უჩა ლობჟანიძეს ზემოდან მოხვდა მხარზე. ფინელმა არბიტრმა იუნი ჰიიტიამ სტუმართა პროტესტისა და მასპინძელი გულშემატკივრის გაოცების მიუხედავად, პენალტი დანიშნა“.

 

ეს ამბავი 2009 წლის 11 თებერვალს მოხდა. თარიღი არ მოგწონთ? ბრიტანულ კლუბებში მოთამაშე წვიმაში, თოვლსა და ნისლში დაბადებულ-გაზრდილი ირლანდიელებისთვის 2 თებერვალი შესანიშნავი დრო იყო (მათთან ამ დროს გაქანებული სეზონია);რუსეთის, უკრაინის და აქა-იქ საქართველოს გუნდებში თავმოყრილი ქართველებისთვის კი ეს თარიღი ნამდვილი კატასტროფა გახლდათ — ზოგი შეკრებიდან იყო ახალი დაბრუნებული, ზოგიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ ტურებში დაბაჯბაჯებდა (აბა, იმას სირბილი არ ერქვა).

 

მაინც რატომ გვაიძულეს თებერვალში თამაში ან ჩვენმა ფედერაციამ რატომ არ გააპროტესტა ეს „ძალადობა“, პირადად ჩემთვის დღემდე ბურუსით არის მოცული.

 

და მაინც, მოხდა ის, რაც ზემოთ ინგლისურმა გამოცემებმა აღწერეს. ირლანდიას ვიღაც ფინელი მსაჯის, გვარად ჰიიტიას დახმარება დასჭირდა. თან შინ.

 

იმავე შესარჩევი ციკლის პირველი თამაში კი თბილისის ნაცვლად გერმანიაში გვათამაშეს. მიზეზი: 2008 წლის აგვისტოს ომი. ირლანდიელებს საქართველოში ჩამოსვლის შეეშინდათ.

 

ჯანდაბას, ეს კიდევ გასაგებია. ხუთდღიანი ომი მართლა იყო და მოდი ისიც დავიჯეროთ, რომ  ხალხმა კი არ იეშმაკა, არამედ თბილისში ჩამოსვლის შეეშინდა, მაგრამ ორივე თამაშის „უცნაურობები“ ერთად რომ დაგროვდა, რაღაც ვერ დაიხატა მთლად სამართლიანი სურათი.

 

კიდევ, მახსოვს 2017 წლის 2 სექტემბერს თბილისში, მეკარე გიორგი მაკარიძე მაღალ ბურთზე რომ გამოვიდა, ირლანდიელებმა კი საჯარიმოში მეკარეზე თავდასხმის წესი არად ჩააგდეს, გოლი გაიტანეს და მსაჯმაც ის წარბშეუხრელად ჩათვალა.

 

ვერ გეტყვით ამ ყველაფრის გამო შექმნილი განწყობა მალაპარაკებს თუ რა ხდება, მაგრამ ასე მგონია, რომ საქართველოს ნაკრების დარტყმული მაინცდამაინც ირლანდიასთან ხვდება ძელს, მაინცდამაინც ირლანდიასთან ცდება კარს მილიმეტრებით და ბურთი ზედ მეტოქის კარის ხაზთან რომ ჩაიფუშოს, არც ის გამიკვირდება.

 

ჰოდა, ძალიან მინდა, რომ ამ ტენდენციასბოლო მოეღოს.

 

ვიმეორებ, ვიცი, რომ გვჯობიან. ამიტომ, ბედის და რაც მთავარია მსაჯის დახმარებაარ სჭირდებათ.

 

იმ დღეს კი, 2009-ში თამაშის დამთავრებამდე 17 წუთიღა რჩებოდა.