ტორპედოს განცხადება: კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, მაგრამ...

გუშინაც გვეწერა, რომ კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

საცოდაობაა, ბოლო ორ–სამ წელიწადს თუ ავიღებთ, ტორპედომ საქართველოში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო, შარშან ევროტურნირებზე ცუდად არ უთამაშია, ევროპა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. ისედაც, ტორპედოს როგორი ტრადიციები აქვს, ამაზე წერას აღარ დავიწყებთ.  

 

აი, კლუბის განცხადებაც:

 

„ტორპედოში ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა, მიუხედავად არაერთი პრობლემისა ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა... დრო გადიოდა, პრობლემები რჩებოდა.

 

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურადაა ჩართული ტორპედოს ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული ფინანსურად დაგვეხმაროს, მათგან ტორპედო დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

 

თამაშიდან თამაშამდე იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ ტორპედოს ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც ტორპედო მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის.

 

დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ტორპედოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არა თუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია“.