ფრთხილად, კავკასიაში ავი ძაღლია!

საქართველოს ნაკრებს შესარჩევების ისტორიაში არაერთხელ უთამაშია ავი ძაღლის როლი. უფრო გასაგებად: იმ დროს გაუმწარებია ფავორიტი, როცა თავად უკვე დაკარგული ჰქონდა გასვლის შანსი. 

ისე რომ გადავხედოთ, ჩვენ ნაკრებს სწორედ ასეთ არხეინა დროს აქვს ნათამაშევი საუკეთესო მატჩები.

 

ეტყობა, ფსიქოლოგიური მომენტია: როცა ნაკლებად გჭირდება, უფრო თავისუფლად და ლაღად თამაშობ. აბა, შოტლანდიელებს ჰკითხეთ, როგორი ავი ძაღლი აბია კავკასიაში – როგორ არ ესიამოვნებათ, წილისყრამ კიდევ რომ შეახვედროთ საქართველოს. 

 

გავიხსენოთ?

  

1995: საქართველო–ბულგარეთი 2:1

თბილისურ მატჩამდე ბულგარეთს ერთი ფრე ჰქონდა, დანარჩენი კი – მოგება. ბრწყინვალე ბულგარეთი იყო თავისი სტოიჩკოვით, კოსტადინოვით, ლეჩკოვითა და ბალაკოვით, თბილისში ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე გერმანიასთან 0:2–ს აგებდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. პირველ ადგილზე იყვნენ და თბილისში, თამაშის წინა დღეს კომენტარებში ბაქიბუქობდნენ. მინდორზეც გამომწვევად იქცეოდნენ, განსაკუთრებით კი სტოიჩკოვი.

 

ჰოდა, მწარედ მიიღეს. ისე, პირდაპირ ორი გუნდი გადიოდა და ბულგარეთს ხელი არ შეშლია, მაგრამ მაინც, სად გერმანიას რომ გაასწრებ ჯგუფში და სად – მეორეზე რომ გახვალ.

 

1997: საქართველო–იტალია 0:0 

ნიკა ტოგონიძე ვეფხვივით იყო კარში, შეცვლაზე შესულმა კახა კალაძემ კრისტიან ვიერი ამოკეტა... ყველამ კარგად ითამაშა. ჯგუფში გვყავდა ინგლისიც. სწორედ ინგლისი–იტალია იბრძოდნენ პირველი ადგილისთვის, მეორე ადგილოსანი კი გადათამაშებში ხვდებოდა. აპენინელები ქულებით წინ იყვნენ და თბილისში რომ ემარჯვათ, ბოლო ტურში ინგლისთან შინ ფრეც ხელს აძლევდათ, რათა პირველზე გასულიყვნენ. მაგრამ აი, რა მოხდა: იტალიამ თბილისში ვერ გაიმარჯვა და შინ უკვე აუცილებელი სამი ქულა უნდოდა ბრიტანელებთან, რაც ვერ მოახერხა – 0:0.

 

შესაბამისად, ჩეზარე მალდინის გაწვრთნილ სკუადრას რუსეთთან ჭიდაობა მოუწია, თოვლსა და ქარში. მაინც გავიდა იტალია, მაგრამ ძლივს, დიდი რისკის ფასად და ამაში საქართველო იყო დამნაშავე. ინგლისს გავუმარტივეთ საქმე.

 

2007: საქართველო–შოტლანდია 2:0

სქოთები პირველ ადგილზე იყვნენ და უსწრებდნენ... იტალიასა და საფრანგეთს. წარმოიდგინეთ, მუნდიალის მოქმედ ჩემპიონსა და ფინალისტს! თბილისში შოტლანდიას რომ მოეგო, ბოლოს იტალიასთან შინ ფრეც მოაწყობდა გასასვლელად. ახლა კი განსაჯეთ, რამხელა სხვაობაა, იტალიასთან სად ფრეც რომ შენია და სად მხოლოდ მოგება რომ გჭირდება.

 

მოკლედ, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილმა საქართველომ ოქტომბრის საღამოს ბდღვინი ადინა ბრიტანელებს, თანაც, მოედანზე საშუალო სკოლის სამი მოსწავლე: ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე (პირველი გოლი მან გაიტანა) და გიორგი მაკარიძე. საბოლოოდ, შოტლანდია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მათი ეკლიანი გზა თბილისიდან დაიწყო...

 

2013: საქართველო–საფრანგეთი 0:0

ჯგუფში იყო ესპანეთიც. ერთი გუნდი პირდაპირ გადიოდა მუნდიალზე, მეორე კი ფლეი–ოფში ხვდებოდა. ფრანგებს თბილისურ მატჩამდე თითქმის უკვე დაკარგული ჰქონდათ პირველობის შანსი, მაგრამ მეორე ადგილზე რაც შეიძლება მეტი ქულით გასვლა სურდათ. გასაგებია, სატურნირო კუთხით დიდად არ გამწარებულან მამლები, თუმცა მაინც...

 

2015: საქართველო–შოტლანდია 1:0

სქოთები მეორედ გავამწარეთ. ადრე თუ საფრანგეთმა და იტალიამ იხეირეს, ამჯერად ირლანდიამ გაიხარა. ვაკო ყაზაიშვილის გოლი გადამწყვეტი გამოდგა. შოტლანდიას რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონია. პირველ–მეორეზე გერმანია და პოლონეთი გავიდნენ, მესამეადგილოსანი ფლეი–ოფში გადიოდა და ეს ან შოტლანდია უნდა ყოფილიყო, ან ირლანდია. საბოლოოდ ირლანდია გაძვრა – დიდწილად ქართველთა დახმარებით.

 

2019: საქართველო – დანია 0:0

ჯერჯერობით, ასე ჩანს... ირლანდია–შვეიცარია–დანიას თითქმის თანაბარი შანსი აქვთ, ამ სამიდან ერთი გარეთ დარჩება და თუ დანიელები დარჩნენ, ამაში დამნაშავე საქართველოც იქნება. მაგრამ ვისურვებდით, რომ ირლანდია და შვეიცარიაც გაგვემწარებინოს.