ვლადიმირ ვაისი: გიბრალტართან მოგება ადვილი არ ყოფილა

მეორე ტაიმში რიგ ეპიზოდებში კონცენტრაციის პრობლემა იყო და ამან საქმე გაგვირთულა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გიბრალტარი 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯვაროსანთა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

 

„ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოგება ადვილი არ ყოფილა. თამაში კარგად დავიწყეთ და პირველ 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ. შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი რომ კონცენტრაცია შეენარჩუნებინათ და შეტევაში უფრო აქტიურად ეთამაშათ.

 

სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმში ხარაიშვილმა ტრავმა მიიღო, ამან გუნდზე ძალიან იმოქმედა. ნახევარდაცვაში გარკვეული პერიოდით მეტოქემ გვაჯობა. ორი შეცდომა დავუშვით და ორი გოლი გავუშვით.

 

გაგვიმართლა, რომ გამარჯვების გოლი გავიტანეთ და 3 ქულა ავიღეთ, მაგრამ განვმეორდები და ვიტყვი, რომ მოგება ადვილი არ ყოფილა. მეორე ტაიმში რიგ ეპიზოდებში კონცენტრაციის პრობლემა იყო, რამაც საქმე გაგვირთულა“-თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მომენტისთვის ჯგუფში 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიას ესტუმრებიან.