ღია წერილი ფეხბურთის კერპს

 კიდევ კარგი, იმათ არ დაავიწყდათ გიბრალტარი რომ იყვნენ და წააგეს

ნათქვამია, ოცნებაშიც ფრთხილი უნდა იყო, ვაითუ აგიხდესო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი კვირის წინ მეგობარს ვეუბნებოდი, ოღონდ ირლანდიას მოვუგოთ და მერე, თუ გინდა, გიბრალტართან წავაგოთ, მეთქი. ფეხბურთის კერპმა ეტყობა მოისმინა ჩემი ნათქვამი, ოღონდ ძალიან თავისებურად გაიგო.

 

ვიხუმრე, დიდო კერპო, ვიხუმრე. მართლა კი არ მიგულისხმია. ადამიანები ხანდახან რაღაცებს ისე ვამბობთ ხოლმე, პირობითად. ანუ, ვამბობთ, მაგრამ პირდაპირი გაგებით არ ვგულისხმობთ. ამიტომ, თქვენ, კერპები და ზებუნებრივი არსებები სიტყვაზე გამოჭერებს არ უნდა იყოთ.

 

ახლავე აგიხსნი. თუ ჩემი წინა ბლოგი წაიკითხე (კერპი ხარ და რაკი ფეხბურთზე იყო წესით წაკითხული უნდა გქონდეს), გეხსომება, რომ ირლანდიელებზე ვწერდი —ისედაც სულ გვიგებენ, გვჯობნიან, ჰოდა, ბედი და მსაჯიც ხშირად მაგათ მხარეზე რომ არიან, ეს რაღა უბედურებაა, მეთქი. მოკლედ, პირდაპირ ვერ გაგიბედე და ისე შეგაპარე, იქნებ ამ ბედისა და მსაჯის საკითხი რამენაირად მოვაგვაროთ, მეთქი. მერე კი ამხანაგთან ლაპარაკში ირლანდიასთან მოგების სურვილი უფრო მკაფიოდ რომ გამომეხატა (შენ გასაგონად, რასაკვირველია) დავაყოლე, ოღონდ ამათ მოვუგოთ და მერე გიბრალტართან თუ გინდა წავაგოთ, მეთქი.

 

გაზვიადება იყო ეს, ჰიპერბოლა. აი, ხალხური ლექსი ხომ იცი —აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა დაყლაპს ვუზამ; ვინმე მართლა მთებისთვის წიხლების დაშენას ან რკინის დაღეჭვას კი არ აპირებს. უბრალოდ ტრაბახობს კაცი — მაგარი ვარო, ამის თქმა უნდა. ჰოდა, მეც რომ დავაბრეხვე ოღონდ ირლანდიასთან მოვიგოთ და თუ გინდა გიბრალტართან წავაგოთ, მეთქი მართლა წაგებას კი არ გთხოვდი.

 

უიმე, დედა. რომ მახსენდება, მაჟრჟოლებს. კინაღამ ცუდი რაღაც  არ შეგვემთხვა. გამოვარდნენ ეს მეხანძრეები და პოლიციელები და ანგარიში გაგვითანაბრეს… 2:0-ს ვიგებდით. თავი მაგრები გვეგონა. სულ დაგვავიწყდა საქართველო რომ ვიყავით. აქეთ გორისთვის წიხლის კვრას და იქით რკინის დაღეჭვას ვაპირებდით, რომ უცებ - 2:2. კიდევ კარგი, იმათ არ დაავიწყდათ გიბრალტარი რომ იყვნენ და წააგეს, თორემ ცუდად იყო საქმე.

 

მერედა, ჩემო ძვირფასო, (ო, დიდო) კერპო. გახსოვს, მე რა გთხოვე? ირლანდიასთან მოვიგოთ, მეთქი. ორივე თამაში ფრე დასვიო, ის კი არ მითქვამს. შენ, ლოთიანად, ხომ არ ყომარობ? იქ, გიბრალტარში რომ გიყურებდი, ტაიმბოლის ეჭვი გამიჩნდა, ხომ იცი… ვიფიქრე, რა გაუჭირდა ამხელა კერპს ასეთი, მეთქი.

 

მოკლედ, საბოლოოდ, გიბრალტარელთა წყალობით გადავრჩით და სადღეისოდ ცხრილს მეტ-ნაკლებად შეეხედება. გვაქვს 8 ქულა, არ გვაქვს სანერვიულო (ვერსად ვერ გავდივართ; თუ უნდათ რაგბივით სულ გააუქმონ შემდეგი თამაში) და შვეიცარიას მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით. ყველაფერი ლამაზად დალაგდა, არა?

 

თან ბოლო თამაში სად გვაქვს არ იკითხავთ? შვეიცარიაში (15 ნოემბერს). გულუბრყვილო კაცისთვის ისე ჩანს, რომ თუ მოვიგებთ, შეჯიბრებას ტოლი ქულებით დავამთავრებთ. ფაქტობრივად, მესამე ადგილს გავიყოფთ. ჰოდა, ჩემო, (ო, დიდო) კერპო, მოდი რა….

 

მაგრამ, სტოპ! ჯერ არა! ჯერ მაინც კარგად მოვიფიქრებ როგორ უნდა გთხოვო და მერე გეტყვი, თორემ ვატყობ,შენ რაღაც-რაღაცები გერევა ხოლმე.