შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრები შედარებით მაღალ დონეზე ადის

ტაშკენტის ფახთაქორის მწვრთნელი შოთა არველაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგას მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე გავა. 

ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აზერბაიჯანულ პრესას ესაუბრა და ინტერვიუდან ამონარიდებს გთავაზობთ.

 

შოთა არველაძე: – უზბეკეთში თავს კარგად ვგრძნობ. არის პატარა სირთულეები, მაგრამ მხოლოდ პატარა. ისრაელი, თურქეთი, ჰოლანდია, შოტლანდია – ამ ქვეყნებშიც ვმუშაობდი და  იქაც კავკასიისგან განსხვავებული კულტურაა, მაგრამ არანაირი პრობლემა.

 

...რატომ ვერ ახერხებენ ქართული კლუბები იგივეს, რასაც ყარაბაღი ახერხებს? სამწუხაროდ, ჩვენთან ფეხბურთში ამხელა ფული არ იდება. დააფასეთ, რაც გაქვთ. არცთუ ცუდად გაქვთ საქმე.

 

...ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრებმა 7 მატჩი ჩაატარა და ცუდად მხოლოდ ერთხელ ითამაშა: დანიასთან გასვლაზე. დანარჩენ შეხვედრებში ღირსეულად გამოიყურებოდა. ერთა ლიგაში ჯგუფი იოლად მოვიგეთ. თანმიმდევრულად ავდივართ შედარებით მაღალ დონეზე და ვფიქრობ, ერთა ლიგაში გავიმარჯვებთ კიდეც.

 

...საქართველომ ევრო–2020–ის მატჩი ბაქოში რომ ჩაატაროს? მშვენიერი იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ გავალთ, მოხარული ვარ, რომ ბაქოში ამხელა დონის მატჩი გაიმართება. მახსოვს, ჩემი ძმა და თქვენი ფედერაციის ხელმძღვანელებიც გახარებულები იყვნენ. ეს ჩვენი წარმატებაცაა. იმედი მაქვს, ასეთი დიდი თამაშები ჩვენს ქვეყნებში მომავალშიც შედგება. ბევრი ქართველი მანქანაში ჩაჯდება და ბაქოში გაემგზავრება თამაშის საყურებლად. საქართველოსთვისაც სტიმულია, ანუ მომავალში ჩვენც შეგვიძლია მსგავსი რანგის მატჩის მასპინძლობა.იმედია, მეც ჩამოვალ.