9 გოლი, 9 ქულა – ეს იყო გუნდი

3 მატჩი, 3 მოგება, ბურთები 9:3 – საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 9 ქულით დაასრულა და ელიტრაუნდში პირველი ადგილით გავიდა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ჯერ მასპინძელ უნგრეთს აჯობეს (4:2), მერე ყაზახებს (3:1) და ბოლოს ჯგუფის ფავორიტი ხორვატიაც მიაყოლეს (2:0).

 

კარგი თაობაა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბავშვებშიც და ამ ასაკობრივებში საქმე ცუდად არ გვაქვს. ყველაზე მეტად დიდი ფეხბურთისკენ გარდამავალ პერიოდში ჭირს.

 

სვანაძეს განვლილ თამაშებზე ვესაუბრეთ. აქვე, ინტერვიუც:

 

საქართველოში მხოლოდ უნგრეთთან თამაშის ნახვა მოხერხდა. სამწუხაროდ, სხვა მატჩებს თავად მასპინძლები არ გადასცემდნენ. შევაფასოთ თამაშები... უნგრეთით დავიწყოთ, სადაც იყო საკვანძო მომენტები, გარკვეულ პერიოდებში საქართველო სუსტად გამოიყურებოდა და მაინც მოახერხა თამაშის მოტრიალება.


საერთო ჯამში, ეს შედეგი გუნდურმა თამაშმა მოიტანა. მართალი ხართ, გარკვეულ მონაკვეთებში უპირატესობა უნგრელებს ჰქონდათ. ცუდად დავიწყეთ, რასაც ბიჭების სასტარტო ნერვიულობას უფრო დავაბრალებდი. ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა თამაში შეცვალა, მაგრამ მერე დასანანი გოლები გავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი 10 კაცით იყო დარჩენილი, პრობლემებს გვიქმნიდა. ცვლილებებმა და ტაქტიკურმა გადაადგილებებმა შედეგი მოიტანა.  საბოლოოდ, მეტოქე გავტეხეთ. არადა, უნგრეთს წლეულს 11 ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩატარებული, აქედან 7 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება ჰქონდა. ძლიერ ნაკრებს ვაჯობეთ.

 

...ყაზახეთიც არ იყო სუსტი, მაგრამ ხორვატია და უნგრეთი აღემატებოდნენ. ხორვატებთან თამაშს რაც შეეხება, ფრე არ გვაწყობდა და შეტევებით დავიწყეთ. ჩვენმა გეგმამ იმუშავა. ორი გოლის მერე უკან დავიწიეთ, ტაქტიკურ ცვლილებებს მივმართეთ, 5–მცველიან სისტემაზე გადავედით და ბოლო ნახევარ საათში ხორვატებს ჰქონდათ უპირატესობა. ძლიერ გუნდს ვხვდებოდით და არაა გასაკვირი, რომ გაგვიჭირდა. რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჩვენც გვქონდა შანსი.

 

არ შიშობდით, რომ კვარაცხელიასა და დავითაშვილს, შესაძლოა, მოტივაციის პრობლემა ჰქონოდათ? გაგვიგია, რომ ადრე სხვა ფეხბურთელებზე იმოქმედა, როცა ქვემოთ ჩამოსწიეს.


არა. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მათ ამ ეტაპზე ჩვენთან ითამაშეს. ამაში ალექსანდრე იაშვილის ფაქტორი უნდა აღვნიშნო. მოტივაციაზე არ ვშიშობდი, რადგან კვარაცხელიასაც დიდი ხანია ვიცნობ და დავითაშვილსაც. გარდა პიროვნული თვისებებისა, საფეხბურთო ოჯახიდან არიან. უფრო იმაზე ვფიქრობდი, რამდენად სწრაფად მოხდებოდა მათი გუნდთან შეთამაშება. ამაზე ორი დღე გვქონდა სამუშაო.  

 

ზოგადად ამხანაგურებში ჩანდა, რომ ამ ნაკრები მომზადებული ხვდებოდა ამ შესარჩევს. სასელექციო პროცესზე გვითხარით...


დიდი დრო გვქონდა. შარშანდელი ოქტომბრიდან დავიწყეთ მომზადება და მისასალმებელია ფედერაციის მიერ არჩეული ეს მოდელი, რაც ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს საფუძვლიანად მუშაობის საშუალებას აძლევს. გარდამავალ პროცესს ვგულისხმობ. 11 ამხანაგური ჩავატარეთ და აქედან 6 მოვიგეთ. გარდა ამისა, შიდა შეკრებები გვქონდა. სელექცია 90–ზე მეტ ფეხბურთელს შეეხო, რაც საქართველოსთვის დიდი რიცხვია. მადლობა ფედერაციას, რომ ამდენი შეკრების საშუალება მოგვცა.

 

დილემაზეც: ნაკრებში ფეხბურთელების დიდი ნაწილი თბილისის დინამოს 19–წლამდელთა გუნდშია და უფროსებთან თამაშის გამოცდილება არ აქვს. თუმცა არიან ისეთები, ეროვნულ ლიგაში, ლიგა2–ში, ან ლიგა3–ში გამოდიან, ოღონდ არა დინამოს დონის გუნდში. მათ უფროსებთან უწევთ გამოსვლა. ასეთ დროს ალბათ რთულია არჩევა...


ასეა და რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, რომ 18 წლის ჭაბუკს კაცებთან თამაშის გამოცდილება ჰქონდეს. ეს ორჯერ ორია. მაგრამ არის მეორე მომენტი: მესმის, რომ ეს გუნდი მაღალი მიზნებისთის იბრძვის, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ამდენად, ჭაბუკებს თავიანთ ასაკობრივში უწევთ გამოსვლა. მაგრამ როცა ნაკრების შეკრებაა, ხშირია შემთხვევა, როცა კაცებთან ნათამაშევი და გამოცდილი ჭაბუკი დინამოს 19–წლამდელთა გუნდის ფეხბურთელს ჩამორჩება და კონკურენციას ვერ უძლებს. ისე კი, სელექცია გაგრძელდება, მუდმივი პროცესია.

 

უნგრეთში რა შეფასება მოჰყვა საქართველოს ნაკრების თამაშს? ალბათ შეიკრიბებოდით მწვრთნელები და ისაუბრებდით.


რა თქმა უნდა, გვქონდა შეხვედრები, აზრების გაცვლა–გამოცვლა. თავიდან ხორვატია და უნგრეთი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ პირველი ტურის მერე სხვანაირად გამოჩნდა. აღნიშნავდნენ საქართველოს კოლექტიურ ამაშს. როცა ვამბობ გუნდურს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალისტები არ გვყავს, მაგრამ ისინიც კი უპირველესად გუნდურ პრინციპებზე იყვნენ მორგებულები.