ჩემპიონი ფორმაშია, რეალს აარტყეს

ცსკა ევროლიგის ლიდერია. 

ევროლიგაზე ორი საინტერესო ჩეხვა იყო.

კაუნასში, ჟალგირისმა რეალი გატესტა. მოსკოვში, მოქმედი ჩემპიონი ცსკა კიდევ ერთ საინტერესო რუსულ კლუბს, ხიმკის დაელაპარაკა.

ჟალგირისის მთავარი მწვრთნელი არის შარუნას იასიკიავიჩუსი. ლეგენდა, რომელიც ევროლიგას ნიჭით, ხასიათით, კბილებით იგებდა. გუნდიც ამ თვისებებს აწვება. და, ხანდახან, ფავორიტებსაც უგებს.

ჟალგირისმა ბოლო მეოთხედი 29:13 მოიგო და თამაში, 86:73 დაიტოვა. ზაკ ლიდეიმ 25 ქულა დაირტყა. რეალში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ზაკ რენდოლფი გახდა. რეალში 10 ქულაზე მეტი ვერავინ ვერ ავიდა.

რეალმა ამ ევროლიგაზე პირველად წააგო. ჟალგირისმა - პირველად მოიგო.

ცსკამ ხიმკის ელეგანტურად გადაუჯოკრა. ცსკა-ს ჯოკერი მაიკ ჯეიმსი იყო. ცოტა არასტაბილური, მაგრამ არარეალურად მონდომებული ტიპი, რომელმაც არასრულ 29 წუთში 26 ქულა და 5 პასი აიღო.

ცსკა ევროლიგის ლიდერია. 3 თამაში, 3 მოგება, 3 დომინანტური მოგება.

ჩემპიონის შემდგეი ტესტი - ბერლინში, ალბასთან.