გაუჩინარებული ხაბიბის ისტორია... (+ვიდეო)

ხაბიბს ნამდვილად პრობლემა აქვს...

17 ოქტომბერს, მოსკოვში, დასტინ პორიესთან გამარჯვების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვს პრეს კონფერენციაზე დაახლოებით 60 ჟურნალისტი ელოდებოდა, თუმცა არ გამოცხადდა, თანაც ეს მომლოდინე აუდიტორიას 40 წუთის შემდეგ უთხრეს. საკვირველი კი ის არის, რომ რუსი მებრძოლი იმ დროს იმავე შენობაში იმყოფებოდა.

 

ამ ყველაფრის შესახებ ბევრი ისტორია გავრცელდა, თუმცა ერთი რამ ცხადია; ხაბიბთან ყველაფერი რიგზე ვერ არის.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ნურმაგომედოვის ამ პრეს კონფერენციამ უამრავი ადამიანი მიიზიდა. თავდაპირველად, ითქვა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხარვეზის გამო არ იწყებოდა. 40 წუთის შემდეგ, იგორ კიმმა („გორილა ენერჯის“ თანადამფუძნებელი, რომელიც ხაბიბთან თანამშრომლობს) თქვა

 

„იმედი გვაქვს, ხაბიბი ახლო მომავალში შემოგვიერთდება“

 

ამის შემდეგ, მან ხაბიბის კარიერის შესახებ ისტორიების მოყოლა დაიწყო. როცა ჟურნალისტების ჯერი დადგა, პირველი შეკითხვა ასეთი იყო:

 

„სად არის ხაბიბი?“

 

კიმი დიდხანს დუმდა, შემდეგ კი თქვა:

 

„ასეც ხდება ხოლმე“

 

 

დარბაზში მყოფი ადამიანების ნახევარი მაშინვე გასასვლელისკენ გაემართა.

 

საქმე იმაშია, რომ ნურმაგომედოვის წარმომადგენლებმა ყველაფერი პრეს კონფერენციის დაწყებამდე იცოდნენ, მაგრამ  ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამთ და ენერგეტიკული სასმელის რეკლამებს აჩვენებდნენ.

 

ამ დროს ხაბიბი შენობაში იყო, თუმცა, უკანასკნელ მომენტს - ჟურნალისტებთან შეხვედრამდე 10 წუთით ადრე - მან შენობა დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდა.

 

 

20 წუთის გასვლის შემდეგ, კიმმა თქვა, რომ ის სასწრაფოდ კრემლში გამოიძახეს. მასთან დაახლოებულმა პირმაც უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა, საღი აზრის დონეზეც რომ ვთქვათ, ასეც რომ ყოფილიყო, ამას დასაწყისშივე იტყოდნენ.

 

რატომ დატოვა რუსმა მებრძოლმა დარბაზი, რამდენიმე ვერსია არსებობს

 

პირველი

 

მას არ მოეწონა, რომ ნახევრად შიშველი გოგონები ენერგეტიკული სასმლის რეკლმირებას ეწეოდნენ. ეს ყველაფერი მისი სარწმუნოებიდან გამომდინარე გასაგები იქნებოდა, თუმცა როდესაც „გორილა ენერჯისთან“ კონტრაქტს აფორმებდა, იგივე სიტუაცია იყო, ანდა ოქტაგონზე როგორ ჩხუბობს, როდესაც გოგონები ამავე მდგომარეობაში არიან?

 

მეორე

 

მას არ სურს, რომ მოსკოვის ლუდსახარშთან ასოცირდებოდეს, რომელიც ამ ენერგეტიკულ სასმელსაც აწარმოებს, თუმცა - რატომ დათანხმდა ასეთი ბრენდის სახე ყოფილიყო?

 

მესამე

 

მას არ სურდა რასულ მირზაევის ცემის შესახებ კითხვების მოსმენა, მაგრამ - თუ ასეთი პროვოკაციული შეკითხვა დაისმებოდა, ხაბიბს ან მისი გუნდის რომელიმე წევრს შეეძლო ეპასუხა: „ახლა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა ჩვენზე მეტად ამ საკითხის დახურვით არავინაა დაინტერესებული. სიახლეს შეგატყობინებთ“

 

ხაბიბის მთავარი პრობლემა ჟურნალისტებთან კომუნიკაციის არქონაა. მასთან კონორთან ან ტონი ფერგიუსონთან ჩხუბზე თუ ისაუბრებ, სხვა ყველაფერში შეზღუდული ხარ, რასაც სხვა სპორტსმენებს არ ახასიათებთ. როდესაც მაკგრეგორმა მოხუც კაცს ერთ-ერთ პაბში ხელი დაარტყა, მალევე ინტერვიუ ჩაწერა. მარია შარაპოვას დოპინგის სკანდალი სანამ გამოვლინდებოდა, მან პრეს კონფერენცია მოიწვია და განცხადება თავად გააკეთა. ზიდანმა მადრიდული ტრიუმფის შემდეგ თანამდებობიდან წასვლა როცა გადაწყვიტა, სხვა არ გაუშვია, ჟურნალისტების წინაშე თავად წარდგა...

 

2018 წლის ოქტომბერში, როდესაც კონორმა ხაბიბთან ბრძოლის წინა პრეს კონფერენციაზე 25 წუთით დააგვიანა, მაშინ ნურმაგომედოვმა თქვა

 

 

„აქ იმისთვის არ ვარ, რომ ვინმეს ველოდო. ფანები მოვიდნენ, პრესაც აქაა. პრეს კონფერენციის დასაწყისი წინასწარ იყო ჩანიშნული“

 

ამ შესანიშნავი სიტყვის შემდეგ 1 წელი გავიდა და ხაბიბმა უარესი გააკეთა. რუს მებრძოლს ნამდვილად რაღაც პრობლემა აქვს.