რა ენაღვლება...

350 ათასი გირვანქა კვირაში 

ამ დღეებში The Athletic-მა დიდი ინტერვიუ დაბეჭდა ლონდონის არსენალის ნახევარმცველ მესუთ იოზილთან. იოზილმა თავი იმართლა უსახური თამაშისთვის, დაგმო რასიზმის გამოვლინებები გერმანიაში, ისაუბრა ბუნდესნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე, ბოლოს კი თავისი მომავლის შესახებ მოუთხრო ჟურნალისტებს.

„არსენალთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე მაკავშირებს და ბოლომდე დარჩენას ვაპირებ. როცა მეთოფეებთან ხელშეკრულებას ვაფორმებდი, ყველაფერი კარგად მოფიქრებული მქონდა. ვიცოდი, რომ კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ვიღებდი. არ მინდოდა ერთი ან ორი წელიწადი გამეტარებინა ლონდონში. არსენალთან ჩემი სახელის დიდი ხნით დაკავშირება მინდოდა და კლუბსაც იგივე სურდა. დგება ხოლმე რთული პერიოდები, როგორც ახლაა, მაგრამ ამ დროს გაქცევა არაფრით შეიძლება. ამიტომ, აქ მინიმუმ 2021 წლამდე დავრჩები.“ - ამბობს იოზილი.

ცოტა უცნაურია თურქული წარმოშობის გერმანელის ეს სიტყვები, თუკი გავითვალისწინებთ, რომ უნაი ემერის არსენალში მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ, იოზილის საქმეები უკან-უკან წავიდა. მან ლიდერის ფუნქცია დაკარგა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც პრობლემად ექცა. კერძოდ, მხარი ვერ აუბა ემერის დამკვიდრებულ მკაცრი პრესინგის სტილს.

გარდა ამისა, გასულ სეზონში გაიხსნა ახალგაზრდა მატეო გენდუზი, ათამაშდა ლუკას ტორეირა, სტაბილური იყო გრანიტ ჯაკა. ამიტომ, მეთოფეთა ძირითადში იოზილისთვის სულ უფრო იშვიათად იძებნებოდა ადგილი.წინა სეზონი უარესი გამოდგა მესუთის პრემიერლიგურ კარიერაში დროის ხანგრძლივობის მიხედვით. სულ 1741 წუთი დაჰყო მინდორზე. სასტვენიდან სასტვენამდე მან მხოლოდ 10 შეხვედრაში ითამაშა.

მიმდინარე სეზონში, დანიელ სებალიოსის გუნდში გამოჩენამ იოზილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ბოლო დროს ის მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა და ჯამში 71 წუთს ითამაშა. ემერიმ ის ბოლო სამ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედთან, სტანდარდთან და ბორნმუთთან საერთოდ არ შეიყვანა განაცხადში. მის ადგილზე 20 წლის ჯო უილოკს ათამაშებდა. გერმანელის მომავლის შესახებ კი ერთობ ბუნდოვნად საუბრობდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ 31 წლის იოზილი ყურადღებას არ აქცევს მის ახლანდელ მდგომარეობას და არც გასულ სეზონს იხსენებს. კლუბის ერთგულია და სჯერა თავისი მომავლის ემერისთან ერთად. ძირითადში დაბრუნების იმედიც აქვს და იმ ძვირფას სათამაშო დროს კარგავს, რომელც სხვა გუნდებში შეიძლებოდა მიეღო. მისით მილანი, ფენერბაჰჩე და ამერიკული MLS-ის კლუბები იყვნენ დაინტერესბულნი. 
მაგრამ არსენალში მისი დარჩენის მიზეზი გაცილებით პროზაული ჩანს, ვიდრე საკლუბო პატრიოტიზმი. 
რატომ რჩება არაენალში?

შეგახსენებთ, ორი წლის წინათ, იოზილი არსენალის ლიდერი იყო. მაშინ მწვრთნელი არსენ ვენგერი გახლდათ, რომელიც გერმანელს განუსაღვრელ უფლბებს აძლევდა მინდორზე. 

2017 წლის შემოგდომაზე ლონდონელები მას ახალ კონტრაქტს და ჯამაგირად კვირაში 280 ათასი ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ იოზილს თანხა ეცოტავა. ასტრონომიულ 350 ათას გირვანქას (დაახლოებით 395 ათასი ევრო) ითხოვდა, თუმცა მაშინდელი  მისი შემოსავალი 140 ათას გირვანქას შეადგენდა. 

სიტუაცია იცვლებოდა, მისით მანჩესტერ იუნაიტედი, ინტერი და ბარსელონა დაინტერსედნენ. შედეგად, კლუბი იძულებული გახდა გერმანელის მოთხოვნას დათანხმებოდა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

 

იოზილი დღემდე იღებს გასამრჯელოდ კვირაში 350 ათას გირვანქას. შედარებისთვის, მო სალაჰის ანაზღაურება ლივერპულში კვირაში 200 ათასია, ამდენივეს იღებს ტოტენჰემში ჰარი კეინიც. 290 ათასი გირვანქაა პოლ პოგბას ჯამაგირი მანჩესტერში, 280 ათასი კევინ დე ბრუინის სიტიში. 


მაშ რაღა გასაკვირია, რომ იოზილი არსენალში კონტრაქტის გასრულებამდე დარჩენას აპირებს. სხვაგან ამხელა ფულს ვინ გადაუხდის?!