მისტერ ბინი

ჰოლანდიურ ჟურნალ ElfVoetbal-ში ინტერვიუ გამოქვეყნდა შოთა არველაძესთან. ქართველმა ფორვარდმა აიაქსში 124 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა, ხოლო ალკმაარში – 89 შეხვედრაში 48 ბურთი. ათი წელიწადზე მეტია, რაც შოთამ კარიერა დაასრულა.

შოთა არველაძე იყო რამდენიმე გუნდის მწვრთნელი, ახლაც ტაშკენტის ფახთაქორს თავკაცობს. გამოცემას უწერია ლუის ვან გაალის სიტყვები, მარკო ვან ბასტენის წასვლის შემდეგ, აიაქსს არველაძის დონის თავდამსხმელი არ ჰყოლიაო.   

 

„აიაქსში მოვედი, როგორც უცნობი ფეხბურთელი. ზოგიერთები ამბობდნენ, აიაქსის დუბლებში მიდისო. ის დრო იყო, როცა ინტერნეტი ცოტას თუ ჰქონდა. არაფერს ვამბობ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. აიაქსის ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. თუ არ ვცდები, მარტინ როიზერმა (აიაქსის შემტევი) მომიძებნა მეტსახელი: მისტერ ბინი. არც ვიცოდი, თუ ვინ იყო მისტერ ბინი, მერე ვნახე ტელევიზორში. ბევრი ვიცინე. მოგვიანებით შემარქვეს Showtime Arveladze. ეს უკვე ჩემს თამაშს უკავშირდებოდა. 

 

...ვხედავდი, რომ აიაქსში მაფასებდნენ. კარგი ურთიერთობა მქონდა ისეთ ერთგულ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ ბობი ჰარმსი და სეიაკ ვოლფსი. ნამდვილი აიაქსისტები იყვნენ. ისინი კლუბში ცხოვრობდნენ. მათ დაკრძალვაზეც ვიყავი. გასულ წელს იაკუბუ აბუბაქარიც გარდაიცვალა. თავის დროზე, მასზე ადრე ბევრს ვიცინოდით, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო აიაქსისთის. 1997 წლიდან მოყოლებული, აიაქსში ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, მათ შორის, რაფაელ ვან დერ ვაარტი, კრისტიან კივუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაქსველი, ჯონი ჰეიტინგა, ვესლი სნეიდერი. ბევრი მაგარი ფეხბურთელია. მათთვის დიდი პატივი იყო ჩემთან ერთად თამაში, ჰა–ჰა.

 

...აიაქსთან დამშვიდობება ისეთი არ გამოდგა, როგორიც მინდოდა (შოთა რამდენიმე დღე საპატიმროშიც კი იყო გადასახადებთან დაკავშირებით). ეჭვობდნენ, რომ გადასახადებს ვმალავდი. ცუდი პერიოდი მქონდა. კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებდა, მაგრამ ჩემს აიაქსში თამაშს ვეტო დაედო. მალევე გლაზგო რეინჯერსში გადავედი. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში მშვენიერი წლები გავატარე, აიაქსი ჩემს გულში დარჩა. ეს ოცნება იყო. რეინჯერსში თამაშის შემდეგ კიდევ მომეცა აიაქსში გადასვლის შანსი. მწვრთნელი დენი ბლინდი იყო, მაგრამ ჩემს ნაცვლად შვედი მარკუს როზენბერგი მიიყვანეს. ვფიქრობდი, რომ ეს სირცხვილი იყო. გადავედი ალკმაარში და იქაც ძალიან კარგი წლები გავატარე“.