იდეალური მკვლელი

ვეტერანმა კიდევ ერთხელ გააკეთა მოძრაობა...

NBA Top 50. ჯორჯ გერვინი

კარიერა: 1974-1985 (სან ანტონიო), 1985-1986 (ჩიკაგო).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე (9).

ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP (1980).

სეზონის პირველი ხუთეული - 5 (1978-1982).

სეზონის მეორე ხუთეული - 2 (1977, 1983).

ყველაზე შედეგიანი მოთამაშე - 4 (1978-1980, 1982).

სტატისტიკა: 25.1 (26 595) ქულა, 5.3 (5 602) მოხსნა, 2.6 (2 798) პასი.

 

სტამბოლში, სან ანტონიოს და ფენერბახჩეს თამაშის დაწყებამდე  საკმარისი დრო იყო დარჩენილი. გემრიელად მოვთავსდით ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სავარძლებში, დავრწმუნდით, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ელეგანტური, ცივი დარბაზის დათვალიერება გადავწყვიტეთ. თბილისიდან კოლეგები სავარაუდო ჩართვაზე გვესაუბრებოდნენ. არაფერი არ ისმოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ერთწუთიან ჩართვას გავაკეთებდით და დროც საგანგებოდ შევარჩიეთ. დარბაზში ყველაფერი NBA-ს, სან ანტონიოს ფერებში იყო. თურქეთში უძლიერესი, სამაგალითო ორგანიზაცია ჩამოვიდა. ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ იგებს. სპერსი ამას საერთო დონის გაზრდით აკეთებს. სან ანტონიო ჩემი საყვარელი გუნდი იყო (ყოველთვის დარჩება) და იმ დღეს პარკეტზე ტიმ დანკანი, ტონი პარკერი, ემანუელ ჯინობილი, ბორის დიაო, მარკო ბელინელი და ახალგაზრდა მონსტრი - კავაი ლეონარდი უნდა გასულიყვნენ.

მივუახლოვდით ადგილს, სადაც NBA-ს ჩემპიონის თასი იყო და მსურველებს შეეძლოთ სამახსოვრო ფოტოს გადაღება. უბრალოდ, რიგი ტრაბზონიდან იწყებოდა და უნდა აგერჩია, სამახსოვრო, ფოტო თუ თამაში? ალბათ, თამაში უკეთესი იყო და ნელ-ნელა კუთვნილი ადგილებისკენ დავიძარით. სან ანტონიოს მოწინააღმდეგე დღეს ძალიან კარგი ფენერბახჩე უნდა ყოფილიყო. გუნდი, სადაც ჟეიკო ობრადოვიჩმა გამოცდილება და კლასი მიიტანა.

ვიწრო გასასვლელში ხალხმრავლობა იყო. თითქოს, ალყაში მოქცეული სამასი სპარტელი იქ სიკვდილს ებრძოდა. თითქოს, ეს დარბაზის ყველაზე სახიფათო წერტილი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გასასვლელი უნდა გაგვეარა. მივუახლოვდით ადგილს და დაცვის თანამშრომელმა სად მიბრძანდებითო, დაინტერესდა. ვაჩვენეთ ჩვენი აკრედიტაციები და სხვებისგან განსხვავებით, მიგვიშვეს გასასვლელთან.

იქ ფოტოსესია მიდიოდა. ინტერესის ობიექტი - ორი მამაკაცი. ერთი, ოდნავ ახალგაზრდა. მეორე, ოდნავ ახალგაზრდაზე ასაკში შესული, მაგრამ - მაინც მაგარ ფორმაში. მათთან ფოტოს გადაღების მსურველები ძირითადად, პატარა კალათბურთელები იყვნენ. მსურველებში რამდენიმე თურქი გოგონაც იყო. უხერხულობამდე მოკლე ქვედატანით. გოგონები სექსს ასხივებდნენ და ეს ორი მამაკაცი კმაყოფილი იყო.

ახალგაზრდა ეგრევე ვიცანი. ის თითქმის არ შეცვლილა. ისეთივე ელეგანტური. როგორც - ავაზა. რომელიც რბილად, უხმოდ უახლოვდება მსხვერპლს, რომ მოიკლას შიმშილი და ახალი თამაშისთვის მოემზადოს. ამ ავაზამ სან ანტონიოს ბევრი კარგი სეზონი აჩუქა და ყველას ახსოვს ის, ერთი თამაში. 1999 წლის ფლეი ოფი. დასავლეთის კონფერენცია. ფინალი. მეორე ჩეხვა. პირველი სპერსმა მოიგო და მეორეში, ბოლო წამებზე დანკანის და დევიდ რობინსონის მოწესრიგებული გუნდი აგებს. ბურთი მიდის მტაცებელთან. რომელიც წაბარბაცდა, რაშიდ უოლასის ხელებს ზემოდან გაუშვა ბურთი და ჩააგდო! ჩააგდო! პორტლენდი სისხლისგან დაიცალა და სან ანტონიომ ის სერია 4:0 დახურა.

იქ, დარბაზში იმ ზუსტი სროლის ავტორი, შემოქმედი, მოქანდაკე იდგა.

შონ ელიოტი.

მეორე, ოდნავ არაახალგაზრდა გოგონებს ვერ სცილდება. შემოიგდებს ზურგზე და ეთამაშება. გადახვევს ხელს, დაუკუჭავს თმას და გადაიხარხარებს. ისე გემრიელად გამოსდიოდა ეს ურთიერთობა, რომ იქ მყოფ საზოგადოებას მაგნიტივით იზიდავდა.

იმ ადამიანმა გააკეთა მოძრაობა. თითქოს, ბურთს უშვებდა. და, დედას გეფიცებით, აღარ დამჭირდა მისი სახის დანახვა. თვალებს ვერ დავუჯერე. ჩემს წინაშე იყო ადამიანი, რომელმაც სან ანტონიოს NBA-ს პატივისცემა აჩუქა. იქ იყო ადამიანი, რომელიც კალათბურთს ელეგანტურად თამაშობდა. იქ იყო ადამიანი, რომელმაც კარიერის ბოლო სეზონი ახალგაზრდა მაიკლ ჯორდანთან ერთად გაატარა. ეს ადამიანი ყველას უყვარდა. ალბათ, დღესაც ყველას უყვარს. ეს ადამიანი უპრობლემოდ აგროვებდა არასრულ სამ მეოთხედში 63 ქულას და ამას - სამიანების და შაკის წონის გარეშე აკეთებდა.

იქ, გოგონების გარემოცვაში იდგა იდეალური მკვლელი. მეტსახელად - The Iceman.

ჯორჯ გერვინი.

ის, რომელმაც ზედიზედ 407 მატჩში 10 და მეტი ქულა დააგროვა. ფანტასტიკა.

ის, რომელიც 12-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდა და ყველა სეზონში, საშუალოდ, სულ მცირე 21 ქულას იღებდა. სტაბილური სადიზმი.

ჯორჯმა ხუთჯერ მოაგებინა სუსტ სან ანტონიოს საკუთარი დივიზიონი და ორჯერ დასავლეთის კონფერენციის ფინალამდე მიიყვანა. ის ორი სერია სპერსმა მეჯიქ ჯონსონის ლეიკერსთან წააგო. იმ ორ სერიას სან ანტონიო ვერ მოიგებდა. შანსი არ იყო.

ის, ვინც ვერ გახდა რეგულარულის MVP, მაგრამ ყოველთვის, ყველა სეზონში სან ანტონიოს საუკეთესო მოთამაშე იყო. ჯორჯ გერვინმა კალათბურთით სან ანტონიოს ტექსასური გული მოიგო და მტვრიანმა მხარემ მას თავი დაუხარა. სან ანტონიო იყო მშვიდი, მეგობრული ქალაქი, რომელიც ჯორჯ გერვინის გენიალურმა თამაშმა აანერვიულა. ჯორმა შეცვალა იქ ცხოვრება.

სან ანტონიოში ჯორჯის 44 ნომერი უკვდავია. იქ გერვინი ლეგენდაა. იქ ჯორჯი ახსოვთ.

სერ, შეიძლება თქვენთან ფოტოს გადაღება, ვეკითხები ბიძია ჯორჯს. ძალიან თავაზიანი მოითმინეთ მივიღე. გოგონები მოუსვენარ ბავშვებთან დააყენეს, გაისწორეს საყელო, დააბრუნეს პიჯაკზე სან ანტონიოს სამკერდე ნიშანი და კიდევ ერთხელ მიპასუხეს, მზად ვარ.

ჩემს წინაშე იდგა ლეგენდა. მისტერ ჯორჯ გერვინი. ცივსისხლიანი მოედანზე და ყველაზე თბილი, მეგობრული - მეგობრებში, ოჯახში. ყოველთვის სამაგალითოდ კომუნიკაბელური ჟურნალისტებთან. გერვინი იყო კლასი. და როგორ გული დამწყდა, როდესაც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფოტო ცუდი გამოვიდა.

გერვინთან ერთად მივუახლოვდით პრეს-ლოჟას და როგორც მოსალოდნელი იყო, სპერსის ლეგენდა სხვა მიმართულებით წავიდა. ჩვენ - იქ, სადაც გვეკუთვნოდა.

გამახსენდა, რომ ჯორჯის კარიერას ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციით ვიზეპირებდი.

გამახსენდა, რომ როდესაც სან ანტონიო ABA-დან  NBA-ში გადავიდა, ბევრს არ ეგონა, რომ ჯორჯი სუპერვარსკვლავი გახდებოდა. კარგი შემტევი. ცოტა ბრექი ახალგაზრდა ელეგანტური მოძრაობებით, მაგრამ არა - მკვლელი.

ჯორჯმა სკეპტიკოსები მოკლა, დამარხა. გერვინმა მომდევნო ხუთ სეზონში ოთხჯერ რეგულარულის ბომბარდირობა დაირტყა. ჯორჯი დაუნდობელი იყო. ჯორჯი სილამაზით გკლავდა. ჯორჯი ხუთჯერ ლიგის პირველ ხუთეულში აირჩიეს.

1977-1978 წლების სეზონში, სან ანტონიო (რომელიც მაშინ აღმოსავლეთის კონფერენციაში გამოდიოდა) 52 მოგებით ცენტრალური დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მთავარი მწვრთნელი დაგ მო გერვინს ბოლომდე ენდობოდა. ჯორჯის გარდა, იმ სპერსის ლიდერები იყვნენ ლარი კენიონი (20.6 ქულა) და ცენტრი ბილი პულცი (15.6). ჯორჯმა სეზონი 27.2 ქულით დახურა.

ისტორიული, წარმატებული რეგულარული გერვინისთვის ნაპალმით დაიხურა.

სეზონის ბოლო შეხვედრაში გერვინს სულ მცირე, 58 ქულა უნდა დაეგროვებინა. რომ ბომბარდირის ტიტული დენვერის დევიდ ტომფსონისთვის არ დაეთმო. ტომფსონმა მანამდე 73 ქულა აიღო. სან ანტონიო ბოლო შეხვედრაში ნიუ ორლეან ჯაზს ხვდებოდა. და, ჯორჯმა ის მატჩი ზედიზედ 6 არაზუსტი სროლით გახსნა. გერვინმა მთავარ მწვრთნელს და თანაგუნდელებს მიმართა, მოდით რა, შევწყვიტოთ ეს რბოლა და ღირსეულად დავამთავროთ სეზონი. მწვრთნელმა უპასუხა, ჯორჯ, საქმეს მიხედე და შეეცადე, რომ ჩააგდო. შენს საქმეს სხვა არ გააკეთებს. და ჯორჯმა საქმეს მიხედა.

33 ქულა მეორე მეოთხედში. NBA-ს ახალი რეკორდი ერთ მეოთხედში აღებული ქულებით, რომელიც მანამდე ტომფსონმა (32) დაამყარა. ჯორჯმა ის საღამო 63 ქულით დახურა. საბოლოოდ - გერვინი 27.22 ქულა, ტომფსონი - 27.15. გერვინი გახდა საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ ვერ გახდა MVP - პორტლენდის გენიალურ ცენტრ ბილ უოლტონთან წააგო.

ჯორჯი შემდეგ სეზონშიც ყველაზე შედეგიანი (29.6) მოთამაშე გახდა. და, ამჯერადაც, გერვინი MVP-ს გამოკითხვაში მეორეზე რჩება - მოუზეს მელოუნის შემდეგ. სან ანტონიომ დიდ ფინალში გასვლის იდეალური შანსი ვერ გამოიყენა - აღმოსავლეთის ფინალში სპერსმა 3:1 წაიყვანა ვაშინგტონთან და სერია მაინც ბულეტსმა მოიგო.

გერვინმა და სპერსმა კიდევ ორი მინი-ფინალი წააგეს. ჯორჯს ჰყავდა ნიჭიერი ფორვარდები ჯინ ბენქსი და მაიკ მიტჩელი, ასაკში შესული ვარსკვლავი, ცენტრი არტის გილმორი. ამ შემადგენლობას მალე ძალიან კარგი პირველი ნომერი - ჯონი მური დაემატა. და შედეგი არ იცვლებოდა - სპერსი დიდ ფინალამადე ვერ ქაჩავდა.

ბოლო სეზონში ჯორჯი ჩიკაგოში იყო. მაიკლ ჯორდანი დაილეწა და მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გერვინმა სტენ ალბეკის როტაციაში სანდო როლი მიიღო და ყველა, 82 მატჩი ჩაატარა. 33 წლის ლეგენდა არ იღლებოდა და გერვინმა საშუალოდ 16.2 ქულა დააგროვა. მასზე მეტი მხოლოდ ორლანდო ვულრიჯმა აკრიფა.

იმ სეზონის შემდეგ ჯორჯმა კარიერა დახურა.

თუ შემომთავაზებენ ორი მოთამაშის სანახავად ბილეთის შეძენას, პირველს აუცილებლად ჯორჯ გერვინს ვიტყვი, თქვა ბევრი წლის შემდეგ ლეგენდარულმა ჯერი უესტმა.

მაიკლ ჯორდანმა გერვინს თავისი გენერაციის ყველაზე ძლიერი მექულე უწოდა. ჯორჯმა ეს დაიმსახურა. როდესაც გერვინი იწყებდა შესვლას, ფოტოგრაფეფი ახალი, საოცარი კადრების ასაღებად ემზადებოდნენ. ჯორჯი მათ სპექტაკლს აძლევდა.

ჯორჯი იყო სილამაზის და გამძლეობის იდეალური მიქსი. ყველაზე ძლიერი საკალათბურთო კოქტეილი. უფრო ძლიერი ჰალუცინატორი, ვიდრე - ყველა ელესდე. მასზე უფრო იყავი დამოკიდებული, ვიდრე - კოკაინის მოხმარების დროს. გერვინი კალათბურთის ფანებისთვის ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი გახდა.

სან ანტონიომ უპრობლემოდ გადატეხა ფენერბახჩე და დიდ შესვენებაზე სპერსის ლეგენდები სპეციალური პრიზებით დაასაჩუქრეს. ელეგანტური შონი და ცელქი ბაბუა, მისტერ ჯორჯ გერვინი.

ვეტერანმა კიდევ ერთხელ გააკეთა მოძრაობა. თითქოს, ბურთს უშვებდა. ჩემს წინაშე იყო ადამიანი, რომელმაც სან ანტონიოს NBA-ს პატივისცემა აჩუქა.

ჯორჯ გერვინი. ლეგენდარული The Iceman.

ყველაზე თბილი ყინულის კაცი.

გამიმართლა, რომ იმ დღეს დარბაზში ბიძია ჯორჯთან ერთად ვიყავი.

საოცარი საღამო იყო.