სალუქვაძემ ბარსელონასთან მოგება გაიხსენა: მესი, იბრა და კომპანია...

ზუსტად 10 წლის წინ, ყაზანის რუბინმა სუპერსენსაცია მოახდინა და ბარსელონას სტუმრად 2:1 მოუგო.

ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პეპ გვარდიოლას ბარსა, ლიგის მოქმედი მფლობელი და იმ წელიწადს ყველაფრის მომგები. გუნდი, რომელიც დაფრინავდა... კამპ ნოუზე ქართველმა მცველმა ლაშა სალუქვაძემაც ითამაშა.

 

რუბინმა ამ თარიღთან დაკავშირებით თბილი შეხვედრა მოაწყო, მაშინდელი ფეხბურთელები მოიწვიეს და აი, სალუქვაძემაც გაიხსენა მატჩი:

 

 

„ყველანი ვოცნებობდით, რომ მათ წინააღმდეგ გვეთამაშა. ბარსასი არ გვეშინოდა. ფიზიკურად და მორალურადაც კარგად მოგვამზადეს. ოდნავი შიშით რომ გავსულიყავით, უშანსოდ დავრჩებოდით. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით და ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის, ასევე, პირადად ყურბან ბერდიევის (მთავარი მწვრთნელი) დამსახურებაა.

 

...სტანდარტების დროს იბრაჰიმოვიჩი უნდა დამეკეტა. ძლიერი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა რთულია. იბრამ გაგვიტანა, მაგრამ არა სტანდარტიდან, არამედ თამაშიდან.

 

...რა ხდებოდა პირველი ტაიმის შემდეგ? მწვრთნელებმა კონცენტრაციისკენ მოგვიწოდეს. დაცვაში მეტი აგრესიით უნდა გვეთამაშა. ვიცოდით, რომ წინ 45 წუთი გველოდა.

 

...კარადენიზის გოლის მერე ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ბევრს გვიტევდნენ. დაახლოებით 55 000 გულშემატკივარი იყო კამპ ნოუზე. ხალხი ყვიროდა, ბარსას ამხნევებდა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, თუ რა ემოციებია კამპ ნოუზე გასვლა და თამაში.

 

...არ მეგონა, ჩვენი მოგება ამხელა ხმაურს თუ გამოიწვევდა. მსიამოვნებს, რომ გახსოვთ. ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემთვის ყაზანი მშობლიური გახდა და ამის მიზეზი სწორედ ასეთი გამარჯვებებია.  

 

...გაზეთებში წერდნენ, რომ ბარსას შემთხვევით მოვუგეთ. საწყენი იყო. მერე დავამტკიცეთ, რომ შეთხვევითობა არ ყოფილა. მალევე ბარსელონას შინ 1:1 ვეთამაშეთ. მანამდე იყო ფრე ინტერთან, თუმცა ვფიქრობ, ის მატჩი უნდა მოგვეგო. იმ პერიოდში იტალიელებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავდათ და სწორედ მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. დიახ, ასე გამოვიდა: ლიგის მოქმედ და მომავალ მფლობელთან ჯამში ოთხი მატჩი ჩავატარეთ. ოთხივე ღირსეულად“.