პაწაწინა იღბალი...

ვირჯილ ვან დეიკი: საქმე უფრო იოლდება თუ სხვაზე ნიჭიერი ხარ


რაღაც განსაკუთრებულ უნარებს უნდა ფლობდე, რომ მცველი წლის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდე. მცველების მუშაობა თვალში საცემი არ არის -  საუკეთესოებად ძირითადად ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს ასახელებენ. ამიტომაც, ფიფას 2018-19 წლების სეზონის მიხედვით ვირჯილ ვან დეიკის გამორჩევა, განსაკუთრებული ამბავია. გამოკითხვაში მან მეორე ადგილი დაიკავა ლიონელ მესის შემდეგ და გაუსწრო კრიშტიანუ რონალდუს.

28 წლის განმავლობაში, რაც ფიფა საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, მხოლოდ ოთხჯერ მოხვდნენ ნომინანტთა შორის მცველები. თუმცა ამ ოთხიდან „სუფთა“ მცველებად ლოთარ მათეუსი (გამარჯვებული 1991) და რობერტო კარლოსი (მეორე ადგილი 1997), ვერ ჩაითვლებიან. აი, ფაბიო კანავარო (გამარჯვებული 2006) და პაოლო მალდინი (მეორე დგილი 1995) კი კლასიკური მცველები გახლდნენ.

- რატომ აირჩიეთ მცველობა?  ეს იყო პირველი, ლივერპულისა და ჰოლანდიის ნაკრების მცველს ფიფას პრეს-სამსახური ესაუბრა.

- როცა პატარა ხარ, ვთქვათ, რვა წლის, უბრალოდ სიამოვნებას იღებ თამაშისგან. თუ გრძნობ, რომ მოგწონს მეტოქეს გოლი არ გაატანინო, მიჰყევი შენს სურვილს. გეტყვით, რომ ყველას არ აქვს იდეალური გზა მწვერვალამდე. ცხადია, საქმე უფრო იოლდება თუ სხვაზე ნიჭიერი ხარ. მაგრამ ეს ზოგჯერ სხვა საკითხებთანაცაა დაკავშირებული. მაგალითად, შრომისმოყვარეობა. ასევე პაწაწანა იღბალიც გჭირდებათ. ასე რომ, არასდროს უნდა დანებდე და ოცნება აგიხდება.

 

 

- როგორია თქვენი საუკეთესო მოგონებები გასული სეზონიდან?

- სეზონის განმავლობაში ბევრი ფანტასტიკური მატჩი ვითამაშეთ. იყო ინდივიდუალური ჯილდოებიც. ორი ოქროს ბუცი. ალისონმა კოპა ამერიკა და ოქროს ხელთათმანი მოიგო. ბევრი კარგი რამ მოხდა და ეს მძიმე შრომის შედეგია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მოგებით რომ დამთავრდა.

- თქვენი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ყოველთვის ბედნიერი, გახარებული და პოზიტიური ჩანს. მაგრამ საინტერესოა, ყოველთვის ასეთი ბედნიერია?

- ვცდილობ, არასოდეს გავაღიზიანო. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ყვირის და მიგვითითებს როგორ მოვიქცეთ. ის ბოსია. ისეთია, როგორიც ტელევიზორში ჩანს. ენერგიული. ყოველ მატჩში გამარჯვება სურს და მოედნის ყოველი გოჯისთვის საბრძოლველად მოგვიწოდებს. ხუმრობითაც ყოველთვის არ ხუმრობს. ნერვიულობს ხოლმე და ყვირის. ძალიან ემოციურია.

 

 

- სამი ნომინანტი (მესი, კრისტიანუ, ვან დეიკი). სამი განსხვავებული ადამიანი და მოთამაშე. რა არის თქვენი აზრით, საერთო რაც მსოფლიოში საუკეთესოებს გხდით?

- ალბათ, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის დიდი გავლენაა, რომელიც კლუბებსა და ნაკრებებში გვაქვს. მე მხოლოდ საკუთარ თავზე შემიძლია ვისაუბრო. ბედნიერი და ამაყი ვარ, ასეთი მოთამაშეების გვერდით რომ დამაყენეს, ისინი ხომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ყველა ამბობს, რომ გასული სეზონის მიხედვით ლივერპულში და ჰოლანდიის ნაკრებში ჩემი გამოსვლით, მოწინავეთა შორის ყოფნა დავიმსახურე.
 

- მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის მოგების და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვის გარდა, დეკემბერში, ყატარში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც მოგიწევთ მონაწილეობა. ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალები გრძელდება. ბოკა-რივერი ან ფლამენგო - გრემიო, რომელ მეტოქესთან გირჩევნიათ შეხვედრა?

- ისინი საუკეთესო კლუბები არიან. მათ ყველა იცნობს და პატივს სცემს. ნებისმიერთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება. ვიმედოვნებ, ყატარში ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება.