NBA: მეფე ლებრონი და დანარჩენები

ლიგის მოქმედი MVP ყველაზე მაგრად დაიღლება.

დღეს ამერიკაში NBA რეგულარულს გახსნის. დღეს, ამერიკაში ძველი ბიჭების და ახალი, მოწესრიგებული გუნდების გარჩევები დაიწყება.

და, ამერიკა აალდება.

ბრძოლა კალიფორნიისთვის. ბრძოლა ნიუ იორკისთვის. ბრძოლა მსოფლიოსთვის. NBA ჯერ იზმორება, მალე მხრებს გაშლის. NBA დუეინ ჯონსონის და ჯეისონ სტეითემის მიქსი იქნება.

და, ამ გარჩევებში გოგა ბითაძე გვყავს.

ჩვენი ვარიანტები ჩამოვყაროთ.  

 

ფლეი ოფში გამსვლელები

აღმოსავლეთიდან: 1. მილუოკი, 2. ფილადელფია, 3. ბოსტონი, 4. ტორონტო, 5. ინდიანა, 6. ბრუკლინი, 7. მაიამი, 8. ორლანდო.

დასავლეთიდან: 1. ლეიკერსი, 2. იუტა, 3. კლიპერსი, 4. დენვერი, 5. პორტლენდი, 6. გოლდენ სტეიტი, 7. ჰიუსტონი, 8. სან ანტონიო.

 

გადახედეთ აღმოსავლეთს. ორი სერიული მკვლელი (ფილადელფია და ბაქსი), ერთი ტრადიციული ფავორიტი (ბოსტონი), მაჩეტეს გარეშე დარჩენილი ჩემპიონი (ტორონტო) და ოთხი ნორმალური გუნდი, რომლებიც დასავლეთში 12 საუკეთესოში ვერ შევლენ.

ეს რეალობაა. ეს აღმოსავლეთია. ეს არ შეიცვლება.

ნიკოლა ვუჩევიჩი შეაგდებს რვა საუკეთესოში ორლანდოს და ეს მაქსიმუმი იქნება. ბოსტონმა ჯეილენ ბრაუნს 100 მილიონი დოლარი გაურტყა და ბოსტონი რჩება გუნდად კარგი დამცველი მაღლის გარეშე. ინდიანას მოკლე სკამი აქვს და ამ სეზონში ხმაური არ გამოვა. ბრუკლინი შარშანდელზე უკეთესია, მაგრამ კაირი ირვინგს აკლიმატიზაციაზე დრო დასჭირდება. და, შემდეგი სეზონიდან დიურანტიც დაბრუნდება. მაიამი მისტერ ბატლერთან ერთად უფრო სწრაფ კალათბურთს და უკეთეს დაცვას იყომარებს და პატ რაილი კმაყოფილი იქნება.

დასავლეთში ყველაფერი შეიცვალა. იუტამ გაუშვა ძველები და ახლებთან (ბოგდანოვიჩი, კონლი) ერთად მაგრად გაიქაჩება. პორტლენდმა გარისკა და დალაგებული გუნდი ჰასან უაითსაიდის ტრანსფერით აჭრა. ან - გაამართლებს, ან - პორტლენდი გადასაგდები იქნება. სან ანტონიოს დაუბრუნდა დეჟანტე მარი და გუნდი აუცილებლად შევა ფლეი ოფში. იქ - იხმაურებს და გავარდება პირველ წრეში. ოდნავ ქვემოთ დავსვით ჰიუსტონი, მაგრამ სანამ ლიგა ორი ბურთით თამაშზე არ გადავა, იქ ჰარდენი და უესთბრუქი ერთ ბურთს ვერ გაიყოფენ. დენვერს უმნიშვნელო რეგრესი ექნება და გოლდენ სტეიტი კარის ნიჭს მაქსიმუმზე ჩართავს.

 

ჯოკრები (MVP-ს ფავორიტები)

ყველაზე რთული ამ სეზონის MVP-ს დასახელება იქნება.

ზოგი იტყვის კავაი ლეონარდს. და, ეს ყველაზე სარისკო არჩევანი იქნება. ჯანმრთელი კავაი ყველას დიდ ფორას მისცემს, მაგრამ ეს ლეონარდი ბევრს დაისვენებს. რომ იქ, ფლეი ოფში მზად იყოს. კლიპერსი რეგულარულს ვერ მოიგებს და კავაი ვერ გახდება MVP.

ლებრონი? რეალური კანდიდატია. ჯეიმსმა შარშან, პირველად მიიღო კარგი ტრავმა და იმ მომენტისთვის ლეიკერსი დასავლეთში მეოთხე ადგილზე იჯდა და მეორემდე ასვლაც მარტივად შეეძლო. ლებრონის დალეწვამ შანსი სხვებს მისცა და სხვებმა ეს შანსი გამოიყენეს. ლებრონი MVP? რატომაც არა. სამეფოში კიდევ ერთი პრიზი მივა.

ჯეიმს ჰარდენი. რას უესთბრუქი ამ ტერორისტს ხელს ვერ შეუშლის. ჯეიმსი აიღებს თავის 27 ქულას, 7 პასს და 5 მოხსნას და ამას ძალიან კარგი პროცენტით და რამდენიმე შეცდომით შეკრავს. ჰარდენი რჩება ლიგის ყველაზე შეუჩერებელ შემტევად. ჰარდენისგან კიდევ ერთ განსაკუთრებულ სეზონს მივიღებთ. კლასიკა.

სტეფ კარი. გოლდენ სტეიტი დაიშალა. მოტყდა ბრუკლინში კევინ დიურანტი. წაგებულ ფინალში აიჩეხა კლეი ტომფსონი. ახლები ჯერ ვერ გაქაჩავენ და უორიორზი ერთი კაცის პერსონალური პროექტი გახდა. კარის ისტორიული სეზონი ექნება. სადღაც, 30 ქულა, 5-6 კარგი პასი, 4-5 ზუსტი სამიანი და ძალიან ბევრი იზოლაცია. სტეფი მზად იქნება. და, სხვა გუნდებს მოეხაზება. ტერორი ბრუნდება.

 

ჩვენი ფინალი

მძიმეა კავაი ლეონარდის წინააღმდეგ წასვლა. კავაი ჩემპიონია (ჯერ - საოცარ სან ანტონიოში და შემდეგ - მძიმე ტორონტოში). კავაი აგროვებს პერსონალურ პრიზებს (2 - საუკეთესო დამცველი, 2 - ფინალური სერიის MVP). კავაი ორივე თემაში კაირერის ბოლომდე მეტს მოიგებს, მაგრამ ამ სეზონში ლებრონ ჯეიმსს უკეთესი აკომპანიატორები ჰყავს.

ყველა თამაში, ყველა წუთშესვენება, ყველა გაქცევა რეგულარულში მნიშვნელოვანი იქნება. ლეიკერსი რეგულარულს კლიპერსზე მეტი მოგებით დახურავს. ლეიკერსი გაუფრთხილდება ლებრონის და ენტონი დევისის ჯანმრთელობას, რომ მონსტრები ფლეი ოფისთვის დასვენებულები იყვნენ. და, ლეიკერსმა იცის, რომ ეს კლიპერსი საუკეთესო დამცველია. ლეიკერსმა ამას ტალღოვანი, მხოლოდ ამ გუნდისთვის დამახასიათებელი შეტევით უნდა უპასუხოს. ლებრონი ამაში პირველია. ლებრონი ყველას მოერგება და ჯეიმსთან ერთად ლეიკერსიც დაუნდობელი იქნება.

შესაბამისად, დასავლეთიდან დიდ ფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსები ლეიკერსს ექნება. და, როგორც ადრე, როდესაც ლიგაში სან ანტონიოს და ლეიკერსის, ტიმ დანკანის და შაკის, გრეგ პოპოვიჩის და ფილ ჯექსონის ტერორი იყო, ამ სეზონიდან დაიწყება, დაბრუნდება დასავლეთის დომინაცია. ეს კონფერენცია უფრო ღრმა და საინტერესოა. ეს კონფერენცია აღმოსავლეთიდან ფლეი ოფში მხოლოდ მილუოკის და ფილადელფიას მიიღებდა. დანარჩენები ვერ გაქაჩავდნენ. ეს კონფერენცია კარგი ბიჭების სასაკლაო იქნება. წელს ბევრი დაიმარხება.

ვინ მოიგებს აღმოსავლეთს? ტორონტო ტიტულს ვერ დაიცავს და კონფერენციის ნახევარფინალში ფილადელფიასთან ან - მილუოკისთან გაჩერდება, დადგება, სისხლისგან დაიცლება. ტორონტო ღირსეულად წააგებს და ჩემპიონს გემზე დაწვავენ. ჩემპიონი ვალჰალაში, ოდინთან მოხვდება. და, აქ, დედამიწაზე ლეიკერსის წინააღმდეგ ფინალში მილუოკი შევა.

იანისი რეგულარულს ფლეი ოფის კონსპექტების დაზეპირებისთვის გამოიყენებს და იქ, ბოლო დონეზე უკეთ მომზადებული შევა. იქ აღარ იქნება კავაი, მაგრამ ანტეტოკუმპომ უნდა დაამუღამოს ლებრონის წინააღმდეგ დაცვაში ერთი-ერთზე თამაში. ეპიზოდებში, იანისს ენტონი დევისს ათხოვებენ. და, ამ ეპიზოდებში ლიგის მოქმედი MVP ყველაზე მაგრად დაიღლება. ამ ეპიზოდებში ჩვენ რეალურ იანისს გავიცნობთ. მილუოკიმ დაკარგა მალკოლმ ბროგდონი, მაგრამ პერიმეტრს უეს მეთიუზი და კაილ კორვერი გააძლიერებენ. ამ ორისგან ბევრი სამიანი წამოვა. და ლიგა დაბნელდება. როგორც - ქსერქსის ისრებისგან.

ფინალი: ლეიკერსი - მილუოკი 4:1.


გოგა ბითაძე

გვაქვს ნიჭი, პერსპექტივა, სურვილი და დრო. გოგა კარგ გუნდში მოხვდა. ინდიანა ეფექტურ, სწრაფ კალათბურთს თამაშობს. ახალი როტაციები (მალკოლმ ბროგდონმა ჯერ აკლიმატიზაცია უნდა გაიაროს), ძველი მაღლები (დომანტას საბონისი, მაილზ ტერნერი) და ჩვენი ბიჭი.

ბითაძეს დააყენებენ მეხუთეზე და გოგა უფრო მეოთხედან დაიწყებს. კარგი, სტაბილური სროლა ბითაძეს მძიმე მაღლებთან უპირატესობას მისცემს. გოგას შეუძლია პერსონალური დამცველების პერიმეტრზე ამოწევა და თუ მასთან ერთად ხუთეულში, თუნდაც 2 კარგი მსროლელი იდგება, ინდიანას ოპონენტის დაცვა გაიწელება და სამწამიანში ბევრი დერეფანი გამოჩნდება. სადაც დაბლებმა უნდა მოასწრონ შესვლა და საქმის გაკეთება.

გოგასგან ბევრს ნუ მოითხოვთ. 6-7 ქულა, რამდენიმე მოხსნა პირველი სეზონისთვის მისაღები იქნება. სტატისტიკა გაუმჯობესდება, როდესაც ინდიანა ბევრით გაიქცევა ან - ბევრით ჩამორჩება. ამ დროს ახალგაზრდებს დატვირთავენ და გოგასთვის ეს შანსია. რომ მომავლისთვის მეტი ნდობა და დრო მიიღოს. ყველაფერი კარგად იქნება.

 

დღის ჩეხვა

კლიპერსი - ლეიკერსი (06:30).

ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის. ტერმინატორი (კავაი) და ტრანსფორმერი (ლებრონი). ჯეიმსს აქვს უპირატესობა - ჯერ ერთი, კავაის ბანდას 10-15 ნოემბრამდე დააკლდება პოლ ჯორჯი. და, ლებრონი ჯერ კიდევ ჯეიმსია. თუნდაც, დემარკუს კაზენსის და კაილ კუზმას გარეშე.

სეზონის პირველ დღეს ორი მძიმეწონოსანი შეასკდება ერთმანეთს. მოიგებს ის, ვისაც ნაკლები მთქმელი მოთამაშე ჰყავს დალეწილი. ლეიკერსი უკეთესი გუნდია. უნდა გაქაჩოს. თუნდაც, ლეონარდის ფაქტორის გათვალისწინებით.

ლეიკერსი: 2.