ჩემი არტისტი მეკარეები

კარგებიც იყვნენ, საშუალოებიც. 1970-ში ბენქსმა პელეს რომ აუღო ხომ გინახავთ?

ამასწინათ ბატონი ანზორ კავაზაშვილი ყოფილა თბილისში — ლეგენდარული მეკარე. თამაშობდა თბილისის დინამოში, მოსკოვის ტორპედოში, სპარტაკში, ცოტა ხანს ქუთაისის ტორპედოში და კიდევ სადღაც-სადღაც. თვით იაშინის ეპოქაში საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში იდგა ოცდაათჯერ. მე მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ ფიქრი ფიქრს მოება და უცებ შემაჟრჟოლა: რა თავისებური პროფესიაა ეს მეკარეობა.

 

 ფეხბურთელი ხარ, ოღონდ რაღაცნაირი.

 

სხვები დარბიან, იბრძვიან, ბურთს თამაშობენ, უტევენ, გოლი გააქვთ, შენ კი დგახარ ცარცით შემოსაზღვრულ ადგილას და ელოდები როდის დაგესხმებიან თავს. იძაბები, მერე ცოტა ხნით ამოისუნთქავ და ისევ იძაბები. თვითონ არავის უტევ, უკან დგახარ და ხიფათს ელი. შენზე თუ იტყვიან თამაში მოიგოო, მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით.

 

 

გოლის გაშვება კი სტრესია. შენი ბრალი რომც არ იყოს, მაინც განიცდი, რადგან ბურთი შენს კარში შევარდა. ნუ, თუ შენი ბრალია და....

 

თავდამსხმელი სამს ააცილებს, მაგრამ მეოთხეს გაიტანს და ტაშს უკრავენ.

 

მეკარე?

 

სამს მოიგერიებს, მეოთხეს გაუშვებს და: ეეეეე! უუუუ!

 

მოკლედ, თუ მეკარე ხარ ძლიერი ადამიანი უნდა იყო. მტკიცე ხასიათი უნდა გქონდეს, ოღონდ, თან რაღაცნაირი. აბა, ჩვეულებრივი მტკიცე ხასიათი ყველას სჭირდება.

 

 

ანზორ კავაზაშვილის თამაში არ მინახავს, მეთქი. არც სერგო კოტრიკაძე მახსოვს, დიდი ქართველი მეკარე. რამაზ ურუშაძე, ბუნდოვნად... თეიმურაზ სტეფანია, საწყალი, საოცრად მოქნილი იყო, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მაშინ მამები ამბობდნენ მაგარი ბიჭი დადგებაო. არ დასცალდა.

 

ჰო, ალექსანდრე დოროხოვი მახსოვს, მაგრამ უკვე ჭაღარა. ჩვენი კორპუსის გასტრონომში უყვარდა ლუდის ყიდვა. იქვე ჩაცლიდა ხოლმე. თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი და ჩემ ტოლა ბიჭებთან უპირატესობას ვგრძნობდი. ყველა კი ვერ ხედავდა ნამდვილ დინამოელს...

 

საერთოდ, ქართველი მეკარეები სხვებისგან ყოველთვის  გამოირჩეოდნენ. მგონი უფრო არტისტულები იყვნენ, უფრო შოუმენები. არ ვამბობ, რომ ისინი ყველას სჯობდნენ. რუსებს და უკრაინელებს კედლებივით მეკარეები ჰყავდათ: დაარტყამდი — დახვდებოდა, დაარტყამდი — მოხვდებოდა. მე ვამბობ, ჩვენები არტისტულები იყვნენ, მეთქი. თვისება გვაქვს ქართველებს ასეთი.

 

 

დავით გოგიას კარიერამ, მაგალითად უკვე ჩემ თვალწინ გაიარა და ამ ჩინებული მეკარის შესრულებით ყველაზე მეტად ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა — მეტოქემ სახიფათოდ, სწრაფად შემოგვიტია. დაარტყა. გოგიამ როგორც სჩვეოდა წამიერი, სხარტი რეაქცია შეაგება. აფრინდა, კარგა გრძელი ნახტომი შეასრულა და ბურთი გააქვავა. ჩააცემენტაო, რომ იტყვიან. მაგრამ, მთავარი ის იყო (ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი), რომ ჰაერში დინამოს მეკარემ ნახტომი კიდევ რაღაც დამატებითი მოძრაობით გაალამაზა. ვინ იცის, უნებლიედ გააკეთა, რადგან ქართველი იყო, არტისტი, შოუმენი. 

 

 

ოთარ გაბელიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მან მთელი ეპოქა შექმნა, დიდ გუნდთან ერთად დიდი ჯილდოები მოიგო და რად უნდა ლაპარაკი, რომ მაღალი დონის მეკარე გახლდათ, მაგრამ ისიც ნაღდი არტისტი იყო, შოუმენი: ლამაზი ნახტომები, ემოციური თამაში, ემოციური ქცევა — წარმოდგენა, რომელიც ღვთის მადლით მთელ 15-20 წელიწადს გრძელდებოდა.

 

და მარტო დინამოს მეკარეებზე ლაპარაკობო რომ არ მისაყვედურონ, ტორპედოელ  ავთანდილ ქანთარიასაც გავიხსენებ. მისი სტილიც წმინდა ქართული იყო, წარმოდგენის ელემენტებს შეიცავდა.  კიდევ იყვნენ იური კვერნაძე, იური მამინაშვილი, ასლან ბალაძე და სხვები... ზოგი უფრო ცუდად მახსოვს, ზოგი უკეთ, მაგრამ ის რაღაც ქართული შოუს ელემენტი მეტად თუ ნაკლებად თითოეული მათგანის სტილში იგრძნობოდა.

 

 

მერე, დამოუკიდებლობის დროც დადგა და მეკარეები მომრავლდნენ. იმის თქმა მინდა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეორე ლიგის მეცხრე ზონისა და საქართველოს ჩემპიონატის გუნდებს ფაქტობრივად ვერ ვუყურებდი, ამიტომ მათი მეკარეებისაც არაფერი გამეგებოდა. საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის დაფუძნების შემდეგ კი ერთბაშად ბევრი უმაღლესლიგელი გამოჩნდა, რომლებსაც სტადიონებზეც ვხედავდი და ტელევიზორშიც.

 

კარგებიც იყვნენ, საშუალოებიც. 

 

 

და იყო კაკო დევაძე, რომელმაც ერთხელ, 1995 წლის 6 სექტებმერს, ნიურნბერგში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მიულერს თუ კლინსმანს ისეთი თავური აუღო, რომ მგონი ბენქსისას სჯობდა. 

 

1970-ში ბენქსმა პელეს რომ აუღო ხომ გინახავთ?

 

 

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.