ლოკომოტივი საქართველოს თასის ფინალშია

გარეჯს სენსაციამდე ცოტა დააკლდა

დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალი გაიმართა. მეოთხე ლიგელმა გარეჯმა საგარეჯოში თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს 1/2 ფინალში მეოთხე ლიგელმა გუნდმა პირველად ითამაშა.

 

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა ანგარიში გარეჯმა გახსნა. საგარეჯოელთა შეტევა ზუსტი დარტყმით გუჯარაიძემ დაასრულა. უპირატესობა კვლავ ლოკოს მხარეს იყო, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

მეორე ნახევარი თბილისელებმა ორმაგი ცვლილებით დაიწყეს. ლევან კორღალიძემ თამაშში თორნიკე კირკიტაძე და ბექა დარცმელია ჩართო, რამაც შეტევა აშკარად გააძლიერა. 3 წუთიან მონაკვეთში ლოკომოტივმა ორი გოლი გაიტანა. 56-ე წუთზე სიხარულიძის თავურით ანგარიში გათანაბრდა,  59-ე წუთზე კი სტანდარტული შემდეგ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ჭანტურიამ ისარგებლა და ლოკო წინ გავიდა.

 

თბილისელთა გოლების შემდეგ გარეჯს ფარ-ხმალი არ დაუყრია და კვლავ შეუტია, რამაც შედეგი გამოიღო. საბა თავაძე 10 წამის შესული იყო მოედანზე, როცა თავურით აიღო ბულისკერიას კარი. სათქმელია, რომ რკინიგზელთა ახალგაზრდა მეკარე გამოსვლისას აშკარად შეცდა.

 

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 67-ე წუთზე დადგა. გარეჯის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, ბურთთან თემურ შონია მივიდა, რომელმაც სტანდარტი ზუსტად შეასრულა და გუნდს ფინალში თამაშის უფლება მოუტანა.

 

ამის შემდეგ გარეჯი კვლავ ცდილობდა გოლის გატანას და საკმაოდ მწვავედაც უტევდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. აღსანიშნავია მასპინძელთა ბოლომდე ბრძოლა და თავდადება, რამაც შეხვედრა ბევრად უფრო საინტერესო გახადა.

 

რკინიგზელებმა საქართველოს თასის ფინალში თამაშის უფლება მეხუთედ მოიპოვეს. ლოკომ თასი 2000, 2002 და 2005 წლებში აიღო, აი 2001 წელს კი გადამწყვეტ მატჩში ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდა.

 

ლოკომოტივის მეტოქე დღეს გაირკვევა. მეორე 1/2 ფინალში ერთმანეთს საბურთალო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.