გერმანიაში თბილისის დინამო გაიხსენეს

 სად თამაშობს ქართველებისთვის კარგად მოსაგონარი კარლ ცაისი? იენის კლუბი, რომელსაც თბილისის დინამომ 1981 წლის 13 მაისს თასების თასის ფინალი მოუგო, გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა. ბოლოცაა და ბოლოც: 12 ტურში მხოლოდ ორი ფრე და დანარჩენი წაგება.

ქართველებისთვის საინტერესო: 26 ოქტომბერს კარლ ცაისი იურდინგენს ესტუმრება დიუსელდორფის სწორედ იმ სტადიონზე, სადაც თბილისის დინამოსთან ფინალი წააგეს. ადრე ამ სტადიონს რაინშტადიონი ერქვა, რომელიც 2002 წელს დაანგრიეს, მაგრამ იმავე ტერიტორიაზე ააშენეს ახალი კომპლექსი და მათ შორის სტადიონი მერკურ შპილ არენა.

 

და კარლ ცაისის ფანები ფეხბურთელებთან შეხვედრას აპირებენ სწორედ დიუსელდორფის სტადიონზე, რათა გაახსენონ, თუ რამდენად მაგარი გუნდი ჰყავდათ ადრე და რა რანგის თამაში ჩაატარეს სწორედ ამ ქალაქში. ეს იდეა მოსწონს გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელ იურგენ რააბს, რომელმაც დინამოსთან ფინალში ითამაშა.

 

გერმანულ პრესაში ისიც წერია, რომ დიუსელდორფში გამართულმა ფინალმა დიდი ინტერესი არ გამოიწვია და მხოლოდ 3200 გულშემატკივარი დაესწრო. თუმცა ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ დინამოც და კარლ ცაისიც სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ.