მიზანი: ჯერ ელიტა, მერე ლიტვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძელ პოლონეთს 3:2 აჯობა. ეს 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ ტურში. თალესმა დუბლი შეასრულა, ერთიც ფუმასამ დაამატა.

 სხვათა შორის, პირველი ტაიმი ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა 1:2 წააგეს, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს.     

 

ავთანდილ ასათიანის კომენტარი SBM ლიგის საიტთან: მიუხედავად შედეგისა, პირველი ტაიმი მოწინააღმდეგის უპირატესობით ნამდვილად არ წარმართულა. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ბიჭებმა სასწაულად ითამაშეს. მეორე ნახევარში ბურთის ფლობა დავთმეთ, რადგან კონტრშეტევაზე ავაგეთ თამაში. ძალიან ბევრი მომენტიც შევქმენით და ურთულეს მატჩში ვიმარჯვეთ. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, საქართველოს ასეთი რთული შეხვედრა ჯერ არ ჰქონია.

 

25 ოქტომბერს თბილისის დროით 19:00 საათზე საქართველოს მეორე მატჩი ელის და მეტოქე ისეთი, ოო... ესპანეთი. თავის მხრივ, ესპანელებმა პირველ ტურში 4:1 სძლიეს ფინეთს. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა ელიტრაუნდში, რომელიც გაისად აპრილში ჩატარდება. გასარკვევი, რა თქმა უნდა, 27–ში გაირკვევა, ბოლო ტურში: საქართველო–ფინეთი, ესპანეთი–პოლონეთი. 

 

ესპანეთი უეფას რეიტინგში ლიდერია, ხოლო საქართველო – 21–ე ადგილზე. ცნობისთვის, პოლონეთი მე–20 პოზიციაზეა, ხოლო ფინეთი – მე–16.

 

მსოფლიო ჩემპიონატი გაისად 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ლიტვაში გაიმართება და 24 გუნდი ითამაშებს. ევროპას 7 ადგილი აქვს: ლიტვას პლუს 6.