სენსაცია: ვიტ ჯორჯიას ბრჭყალები ბათუმში

სენსაცია მოხდა ბათუმში, სადაც ლიდერი აუტსაიდერს მასპინძლობდა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. 

ბათუმის დინამო თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მაგრამ სტუმართა კაპიტანმა, მცველმა ზურაბ სეხნიაშვილმა თავურით გაათანაბრა და უარესად დაძაბა სატურნირო ცხრილი.

 

ახლა რა მდგომარეობაა? 32 ტურში გია გეგუჩაძის გუნდს 64 ქულა აქვს, თბილისის დინამოსა და საბურთალოს კი, შესაბამისად, 62 და 60.  მაგრამ თბილისურ კლუბებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ და 27 ოქტომბერს სწორედ ერთმანეთს ხვდებიან. პოტენციური ლიდერი უკვე ჩისკოს თბილისის დინამოა, თუმცა ახლა საბურთალოსაც გაეზარდა შანსი.

 

არადა, ბათუმელებისთვის იდეალურად დაიწყო თამაში: კუთხურის შემდეგ ვიტელებს ბურთი გამოჰქონდათ, სეხნიაშვილს ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმაც პენალტი დანიშნა. ჯოვინო ფლამარიონმა დაარტყა და მეკარე ლევან ისერგიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ისერგიშვილი საუკეთესო იყო, ხუთი მაგარი „სეივი“ განახორციელა...

 

ბათუმელებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ ვიტ ჯორჯიას ახალგაზრდებიც მაგრად იბრძოდნენ და დაუფასდათ. გეგუჩაძემ ფლამარიონი შეცვალა: არ ვიცით, ეს დაღლილობით იყო გამოწვეული თუ უბრალოდ მოგებულად ჩათვალა მწვრთნელმა თამაში, მაგრამ ამან ცუდი შედეგი მოიტანა.  

 

ვიტ ჯორჯია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ადგილზეა და ვერ იგებს, იოლად არავის არაფერს უთმობს. საბურთალოს, ლოკომოტივს, რუსთავსა და სიონსაც დააკარგვინა ქულები. 

 

დინამო (ბათუმი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1

 

გოლები: 1:0 ჯიღაური (3), 1:1 სეხნიაშვილი (86)