საბურთალო–დინამო: ექვსქულიანი თამაში

27 ოქტომბერს ეროვნულ ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩია: საბურთალო–დინამო. ვისურვებდით, მიხეილ მესხზე 15:00 საათზე გულშემატკივარიც მრავლად მივიდეს. ახლა უკვე საჩემპიონო დატვირთვის თამაშია, მითუმეტეს, ვიტ ჯორჯიას საჩუქრის მერე. ვიტელებმა ლიდერ ბათუმის დინამოს ორი ქულა დააკარგვინეს – 1:1.

 ცხრილს თავადაც ხედავთ, მხოლოდ ერთს დავამატებთ. თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ბათუმის დინამოს კი ორივე კონკურენტთან პლუსი აქვს.

 

ჩისკოს გუნდს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (62), ოღონდ ბოლო ტურებში მოუკლო. თავად განსაჯეთ, ჩემპიონობისთვის მებრძოლმა კლუბმა ბოლო 4 ტურში 5 ქულა აიღო, საბურთალომ კი მოუმატა – 4 ტურში 9 ქულა და ის ერთი მარცხიც სწორედ დედაქალაქის  დინამოსთან. თბილისური კლუბების ბედი, რომ ბათუმელები ასე ამუხრუჭებენ.   

 

შექმნილი მდგომარეობიდან, ფრე საბურთალოს თითქმის ართმევს ჩემპიონობის შანსებს.    

 

დინამო–საბურთალოს წლევანდელი დაპირისპირებები. 3–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ დინამოელებმა იმარჯვეს (4:2, 2:1) და ერთხელაც საბურთალომ 2:0 იმარჯვა. ასე რომ, ჩისკოს გუნდს ჯერ აქვს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა.  

 

და ზოგადად? დინამო და საბურთალო ერთმანეთს 15–ჯერ დაუპირისპირდნენ. დინამოელები წინ არიან: 8 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, ბურთები 26:14.

 

ბევრი იქნება დამოკიდებული ცალკეულ ფეხბურთელებზეც. დინამოელები სრული შემადგენლობით არიან, არც დისკვალიფიცირებული ჰყავთ და არც ტრავმირებული. წინა შეხვედრაში, ლოკომოტივთან ნოდარ ქავთარაძე და გიორგი ქიმაძე არ ჰყავდათ. საბურთალოს კი დააკლდება წამყვანი ნახევარმცველი გეგა დიასამიძე, რომელიც შეუძლოდაა და ორი დღე ვერ ივარჯიშა.