დინამო–საბურთალო ბათუმელთა სასარგებლოდ

0:0 – თბილისური დერბი ბათუმელთა სასარგებლოდ: მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს მოცემულობა. გია გეგუჩაძის გუნდი ლიდერად დარჩა, მაგრამ ერთი კია: ამ ტურამდე თუ უკეთესი კალენდრით დაიმშვიდებდა თავს, ახლა ასე აღარაა. ბათუმელებმა აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას ვერ სძლიეს, ხოლო დინამომ ამხელა საბურთალოსთან თამაში მოიშორა.    

შექმნილი მდგომარეობიდან, ფრემ საბურთალოს ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსიღა დაუტოვა. ეგაა, საბურთალოელებს ტიტულის მოპოვება შეუძლიათ, 7 დეკემბერს თასის ფინალი აქვთ სათამაშო ლოკომოტივთან და ფავორიტები არიან.  

 

ცხრილს თავადაც ხედავთ, მხოლოდ ერთს დავამატებთ. თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ბათუმის დინამოს კი ორივე კონკურენტთან პლუსი აქვს. და თუ დედაქალაქურმა დინამომ და საბურთალომ დააგროვეს თანაბარი ქულები, ურთიერთშეხვედრებში ჩისკოს გუნდი იქნება წინ.  

 

ეს რაც შეეხება ცხრილს. თამაშს რაც შეეხება, საბურთალოს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და ჯერ მარტო საწყის 10 წუთში იმდენჯერ შეუტია მწვავედ, სათვალავი აირია. ხოსე პერალესი – სეზონის მატჩი ჩაატარა დინამოს ესპანელმა მეკარემ. მისი „სეივებიდან“ გამოვარჩევდით, როცა კუთხურის მერე სანდოხაძეს აუღო, არადა, ისეთი პოზიციიდან იყო დარტყმული,  პერალესი კარგად ვერც ხედავდა ბურთს.   

 

მოედნის ცენტრში ტერა და ალთუნაშვილი ბატონობდნენ, აშკარად სჯობდნენ დინამოელთა შუახაზელებს: სისწრაფეში, მობილურობაში, ბურთის განაწილებაში. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ დინამოელებს ფრე აწყობდათ. საერთოდ არ ჩანდა, როგორ უნდა გაეტანა გოლი ჩისკოს გუნდს.

 

დინამოს მარცხენა ფლანგზე კი მეორე ტაიმში ლამის ღია კარის დღე გამოცხადდა. კაპლიენკო ვერაფრით აუდიოდა მალისა და ტაბატაძის შეტევებს. უკრაინელს იოლად სცდებოდნენ და ბევრი მომენტი სწორედ ამ ფლანგიდან შეიქმნა: მათ შორის, მალიმ ძელს მოარტყა ბურთი.

 

ერთ დროს საქართველოს ნაკრების მთავარი იმედები, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე, შეცვლაზე შევიდნენ. ყენიამ აშკარად გაამწვავა თამაში დაფარული პასებით და ერთხელ გოლამდე ცოტა დააკლდა.

 

აი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში აჯობა დინამომ. გვიან გააქტიურდნენ. რაც აშკარად ჩანს, თბილისის დინამო ევროტურნირების მერე აშკარად სხვაა, მოუკლო და შეტევაში სიმწვავე მოაკლდა. ლევან შენგელიას მძლავრი ცაცია – აი, სადაა პასუხი. რამდენს ნიშნავს თუნდაც ერთი ფეხბურთელის წასვლა...  

 

ზოგადად კი კარგი თამაში გამოდგა: ისეთი, მეტი გულშემატკივრის დასწრებას რომ იმსახურებს. მოსაწყენია ცარიელი ტრიბუნების ყურება – ეს ნახევარფეხბურთია, პეწს კარგავს.

 

 

და ბოლოს, კალენდარზე:

 

დინამო ბათუმი: ჩიხურა (სტ), სიონი (შინ), რუსთავი (შინ), ლოკომოტივი (სტ)

 

დინამო თბილისი: ტორპედო (შინ), რუსთავი (სტ), დილა (სტ), ვიტ ჯორჯია (შინ)

 

საბურთალო: დილა (სტ), ვიტ ჯორჯია (შინ), ჩიხურა (სტ), სიონი (შინ)