საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან დათმო

ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ელიტ რაუნდის საგზური ვერ მოიპოვეს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ფინეთს დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ავთო ასათიანის შეგირდებს ფრეც ხელს აძლევდათ.

 

თამაში ქართველთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა ანგარიში ფინეთის ნაკრებმა გახსნა. მე-9 წუთზე იარკიანენი მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მე-12 წუთზე წონასწორობა აღდგა. სებისკვერაძემ ძლიერად დაარტყა და მშვენიერი გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს ფინელებმა რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რა დროსაც თოფურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

მეორე ტაიმში ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს. სებისკვერაძემ მარცხენათი კიდევ ერთხელ გაისროლა და დუბლი გაიფორმა.

 

2:2-ის შემდეგ ქართველები ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ, თუმცა გოლი მაინც გავუშვით. კუპატაძემ ფინელთა ჯარიმა კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჰასიომ აიღო ჩვენი თანამემამულეების კარი.

 

ამის შემდგომ გოლი ჰაერივით გვჭირდებოდა და შეტევაში მოვუმატეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფინეთი დაცვაში ყურადღებით თამაშობდა, რაც საქმეს გვირთულებდა. საბოლოოდ გოლი აქეთ გავუშვით. აუტიომ პენალტი ზუსტად შეასრულა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

 

მატჩს წერტილი ფინელთა კიპერმა დაუსვა. საქართველოს ნაკრები შეტევაში წავიდა, ბურთი დაკარგა, რითიც სავოლაინენმა ისარგებლა და შორი მანძილიდან შეაგდო.

 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი 3 ქულით დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა, ფინეთი კი 6 ქულით მეორეზეა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა თამამად შეგვიძლია ფორმალობის მატჩად მივიჩნიოთ, რადგან ესპანეთი 6 ქულით პირველზეა და ელიტ რაუნდის საგზური მოპოვებული აქვს, პოლონეთი კი უქულოდ ცხრილის ფსკერზე გახლავთ.