ჯაკას Fuck

არსენალმა პრემიერლიგაში კრისტალ პალასს ვერ მოუგო – 2:2. თამაში კარგი გამოვიდა, მაგრამ ინგლისურ პრესაში უფრო მეტი საუბარი გრანიტ ჯაკას საქციელს შეეხო.

უნაი ემერიმ შვეიცარიელი მე–60 წუთზე შეცვალა, ისიც ნელ–ნელა გადიოდა და არსენალის სტადიონის ტრიბუნები აგუგუნდნენ.

 

ჯაკამ უხეში ჟესტით უპასუხა მათ. ჯერ ისე გააკეთა, ვითომ მათი შეძახილები და სტვენა არ ესმოდა, მერე შეიგინა, მაისური გაიხადა და გასახდელში შევარდა...

 

ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვა სოციალურ ქსელში. არსენალის ერთ–ერთმა ფანმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯაკა დაიცვა და ემერის გადადგომა მოითხოვა. არსენალის ფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა კი ეს პოსტი მოიწონა (როგორც ჩვენთან ამბობენ, დაა–ლაიქ–ა) და ესეც განსჯის საგანი გახდა. ანუ, ლაკაზეტმა ღიად გამოხატა ემერის გადადგომის სურვილი?!

 

ჯაკა არსენალის კაპიტანია და მატჩის შემდეგ ემერის ჰკითხეს, ხომ არ ჩამოართმევდა სამკლავურს:

 

„ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა, მაგრამ არ დავმალავ, რომ ჯაკას საქციელი არ მომეწონა“.

 

და მაინც, რა დაემართა არსენალის წამყვან ნახევარმცველს? პრესასთან კომენტარი არ გააკეთა. გავრცელებული ვერსიით, ჯაკა იმიტომ არის ნერვებმოშლილი, რომ არსენალის ფანების ჯგუფმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება მისი კაპიტნად დანიშვნის გამო. რადიკალურად განწყობილი ფანები მხოლოდ ჯაკას კი არა, მის მეუღლე ლეონიტასაც ლანძღავენ სოციალურ ქსელებში.