მათემატიკაც და მოკლე შინაარსიც

ოთხად ოთხი ტური და ოცი თამაში დარჩა ეროვნული ლიგის დასრულებამდე. ცოტა მათემატიკას მივხედოთ, ცოტაც საფეხბურთო ნიუანსებს.

ბათუმის დინამო ლიდერად დარჩა და ურთიერთშეხვედრებში ორივე თბილისურ კლუბს სჯობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

ბათუმელებს გასულ ტურამდე უკეთესი კალენდარი ჰქონდათ, ახლა კი სიტუაცია გათანაბრდა. გია გეგუჩაძის გუნდმა აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიას ვერ სძლია, ხოლო დინამომ ამხელა საბურთალოსთან თამაში მოიშორა. მეტიც, ალბათ ყველაზე რთული თამაში ზღვისპირელებს ელით მომდევნო ტურში: ივანწმინდაში ჩიხურასთან. მინდორი არ ვარგა, იქ თბილისის დინამომ 85–ე წუთამდე ვერ შესძლო გატანა – მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა.  

 

დინამო ბათუმი: ჩიხურა (სტ), სიონი (შინ), რუსთავი (შინ), ლოკომოტივი (სტ)

დინამო თბილისი: ტორპედო (შინ), რუსთავი (სტ), დილა (სტ), ვიტ ჯორჯია (შინ)

საბურთალო: დილა (სტ), ვიტ ჯორჯია (შინ), ჩიხურა (სტ), სიონი (შინ)

 

თბილისის დინამოსთან ფრემ საბურთალოს ჩემპიონობის ძალიან მცირე შანსიღა დაუტოვა. ამიტომაც იყო, მოსაგებად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უფრო იწევდა. საბურთალოელებს ტიტულის მოპოვება შეუძლიათ, 7 დეკემბერს თასის ფინალი აქვთ სათამაშო ლოკომოტივთან და ფავორიტები არიან.

 

თუ დედაქალაქურმა დინამომ და საბურთალომ დააგროვეს თანაბარი ქულები, ურთიერთშეხვედრებში ჩისკოს გუნდი იქნება წინ. 

 

თბილისის დინამოს ბათუმელებთან ერთი უპირატესობა აქვს: გრძელი სკამი. ეს კი სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი პლუსია. საბურთალოსაც აქვს რეზერვი. აი, ზღვისპირელები კი, ნურას უკაცრავად, 13–14  ფეხბურთელით გადიან ფონს. გეგუჩაძეს ვიტ ჯორჯიასთან ჯოვინო ფლამარიონის შეცვლა ძვირად დაუჯდა. გასაგებია, ბრაზილიელი მაგრად ვერ თამაშობდა, მაგრამ მაინც დიდი ძალა იყო.

 

გვეეჭვება, გუნდებმა უდანაკარგოდ განვლონ დარჩენილი ოთხი ტური. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ამ მხრივ სეზონს ნიშნად ვეება ათიანი უნდა დავუწეროთ. ის ფაქტი, რომ ლიდერმა ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო, ბევრს ნიშნავს.  

 

ჩვენი პროგნოზით, შარშანწინდელივით, ბოლო ტურში უნდა გაირკვეს ჩემპიონი. გასაგებია, მაშინდელივით დრამა–ფინალი ვერ გამოვა, მაგრამ ვიტ ჯორჯიას ბათუმურმა ფრემ ისე დაძაბა სიტუაცია, მიდი და გაიგე, რა მოხდება. სხვათა შორის, ბოლო ტურში თბილისის დინამო სწორედ ვიტ ჯორჯიას ხვდება, რომელთანაც ამ სეზონში ერთხელ წააგო კიდეც...

 

ახლა ცხრილის ქვედა ნაწილზე. ვიტ ჯორჯია გავარდნილია, მაგრამ მერვეზე და მეცხრეზე გასულებს ხომ ლიგა2–ის გუნდებთან ფლეი–აუტი ელით. საფრთხე კი ხუთ გუნდს ემუქრება: ტორპედოს (40 ქულა), დილას (38), ჩიხურას (38), რუსთავსა (37) და ყველაზე მეტად სიონს (35).  

 

ამ ხუთიდან ოთხ გუნდს (ტორპედოს გარდა) დარჩენილ ოთხ ტურში ორი მძიმე მატჩი ელის ლიდერთა წარმომადგენლებთან. ტორპედო წამყვანი სამეულის გუნდებიდან მხოლოდ თბილისის დინამოს ხვდება. აუტსაიდერ ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაც მხოლოდ ქუთათურებს აქვთ დარჩენილი, დანარჩენებს – არა.

 

ეს ისე, ქაღალდზე, თორემ კაცმა არ იცის, ერთმანეთთან როგორ ითამაშებენ ხუთეულის გუნდები. სწორედ ურთიერთშეხვედრები, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი ექნებათ. მაგალითად, მომდევნო ტურშია ერთი ასეთი მატჩი: სიონი–რუსთავი.

 

და ვის შეხვდებიან მერვეზე და მეცხრეზე გასულები ფლეი–აუტში? მეცხერადგილოსანი 99 პროცენტით სამტრედიას, ხოლო მერვეადგილოსანი ან თელავს, ან შევარდენს. მეტი ალბათობით თელავს, რომელიც ორი ქულით წინაა და ისედაც, ზაფხულიდან მოყოლებული ბევრად კარგი შედეგები აქვს.