მალენი

ვინ არის ის?

იანვარში ჭაბუკ ჰოლანდიელ შემტევ დონიელ მალენს, სულ 21 წელიწადი შეუსრულდება. მიუხედავად ამისა, ის ჰოლანდიური ერედივიზიონის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და Golden Boy-ს ერთ-ერთი ნომინანტია. ეს პრიზი კი, მოგეხსენებათ, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლს გადაეცემა.

ბარსელონასა და ლივერპულის სკაუტები უკვე გამოჩდნენ მის სიახლოვეს, ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანიც ნელ-ნელა უღებს კარს ქვეყნის მთავარ გუნდში.

მაშ ასე, ევროპული ფეხბურთის ახალი ამომავალი ვარსკვლავი - დონიელ მალენი. ვინ არის ის?

 

პსვ-ს ცუდად არ დაუწყია სეზონი, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა. პირველ ადგილზე ახლა ერედივიზიონში 29-ქულიანი აიაქსია, პსვ კი 23 ქულით, ალკმაართან და ვიტესთან ერთად, 2-4 ადგილებს იყოფს. მაგრამ ეინდჰოვენურ კლუბში გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც უკვე მთელი ევროპა ლაპარაკობს.

მე-6 ტურში პსვ-მ გურამ კაშიას ყოფილ გუნდს, ვიტესს, 5:0 მოუგო. ხუთივე გოლი მალენმა გაიტანა. ახალგაზრდა შემტევი მინდორზე აკეთბდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა. თავისუფლად გაურბოდა მეტოქე მცველებს კონტრშეტევებისას, ჩინებულად ირჩევდა პოზიციებს საჯარიმოში, ზუსტად დაარტყა ორი პენალტი.

იმ საღამოს ეინდჰოვენში, მაყურებლები ისტორიული  მოვლენის მომსწრენი გახდნენ. პსვ-ს შემადგენლობაში ერთ მატჩში ხუთი გოლი მალენამდე, შორეულ 1964 წელს ბერტ ტეუნისენს გაეტანა. ჯამში, ხუთი და მეტი ბურთი ერედივიზიონში 29 ფეხბურთელს შეეგდო. ამრიგად, მალენი „ოცდაათიანთა კლუბის“ წევრიც გახდა.

 

დონიელ მალენმა კარიერა აიაქსის სკოლაში დაიწყო. მკვირცხლი, ტექნიკური, ძლიერი დარტყმითა და პოზიციის შესანიშნავად შერჩევის უნარით დაჯილდოებული ჭაბუკი მაშინვე მოექცა სპეციალისტების ყურადღების ცენტრში. 2015 წლის ზაფხულში მას არსენალის სკაუტები დაუკავშირდნენ. მეთოფეთა მაშინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი პირდად სთხოვდა ანდრის იონკერს (არსენალის აკადემიის ხელმძღვანელი) ახალგაზრდა ტალანტისთვის კონტრაქტის გაფორმებას. 

ამსტერდამში ყველაფერი გააკეთეს მის შესანარჩუნებლად, მაგრამ მალენმა წასვლა არჩია. „დონიელი დიდი ტალანტია, საწყენია, რომ აიაქსს ტოვებს. ჩვენ ერთობ სარფიანი წინადადება შევთავაზეთ მას, მაგრამ მაინც წავიდა,“ - თქვა ამსტერდამული კლუბის აკადემიის ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა ვიმ იონკმა. ადგილობრივმა ქომაგებმა კი მას მოღალატე უწოდეს.

დონიელმა არსენალი იმიტომ აირჩია, რომ იქ თავის დროზე მისი კერპები, დენის ბერხკამპი და ტიერი ანრი თამაშობდნენ. 2017 წლის წინასასეზონო შეკრებისას, ვენგერმა ის მთავარ გუნდთან ერთად წაიყვანა. მაგრამ, მოულოდნელად, შანხაის ტურნირის წინ, ფრანგმა სპეციალისტმა 18 წლის ბიჭი ისევ ჰოლანდიაში გააბრუნა და დონიელი აიაქსის მოსისხლე მტრის, პსვ-ს შემადგენლობაში ჩაირიცხა, რითაც ამსტერდამული კლუბის ქუმაგები კიდევ უფრო გააშმაგა. 

დონიელი ეინდჰოვენში თავიდან როტაციის ფეხბურთელად განიხილებოდა, ანუ შეცვლაზე უნდა შესულიყო და გოლი გაეტანა. მაგრამ მალევე ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და პირველ ორ სეზონში 35 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ამ სეზონის 10 მატჩში კი ამდენჯერვე დაამწუხრა მეტოქეები და მეგოლეთა სიასაც ლიდერობს.

 

რონალდ კუმანმა ის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. გერმანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში 58 წლის სპეციალისტმა ის შეცვლაზე შეუშვა და მალენმაც არ გააწბილა. ოც წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა მანუელ ნოიერის კარში. შედეგად, ჰოლანდიელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები წაიღეს ჰამბურგიდან და C ჯგუფის ლიდერები გახდნენ.

დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მალენი მალე ევროპის ერთ-ერთი გიგანტი კლუბის ფეხბუთელი გახდება. ეგ არის, აგენტმა თუ არ შეუშალა ხელი. მისი აგენტი კი ცნობილი მინო რაიოლაა, რომელიც კონტრაქტების გაფორმებისას  მაღალ საკომისიოებს იღებს. დაახლოებით 20 პროცენტს, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამის გამო კინაღამ ჩაიშალა მატეის დე ლიხტის გადასვლა იუვენტუსში.