რიბერი სამი მატჩი დაისვენებს

იტალიამ რიბერი დასაჯა

ბოლო დროს მოფერიანებულმა ფიორენტინამ ლაციოსთან სამი ქულა ხომ დაკარგა და ზედაც ფრანკ რიბერი, სამი მატჩით... ფლორენციელთა ფრანგმა შემტევმა ზღვარგადასულმა გააპროტესტა ბოლო წუთზე რომაელთა გატანილი გამარჯვების გოლი - ის საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯებს ჯიქურ მიეჭრა, ორჯერ უბიძგა და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა დააკლო. არადა, რიბერი 15 წუთის შეცვლილი იყო...

 

სერია A-ს მამებმა რიბერის საქციელზე ორშაბათის საღამოს იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა სამი მატჩი უნდა გამოტოვოს.

 

ფრანკ რიბერი ფიორენტინაში ბაიერნიდან წინა ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. 

 

ჰო, ფიორენტინამ ლაციოსთან 1:2 დათმო.