გზა ყატარისკენ: ვნახოთ მუნდიალის შესარჩევის ფორმატი

გაირკვა, თუ როგორი იქნება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ევროპის ზონაში. ბებერი კონტინენტიდან სულ 13 ნაკრები გავა.   

ჩატარდება ტრადიციული შესარჩევი: 55 ნაკრები გადანაწილდება 10 ჯგუფში და პირველადგილოსნები პირდაპირ მიიღებენ ყატარის საგზურს. დარჩება 3 ვაკანტური ადგილი. ჯგუფების წილისყრა გაისად ჩატარდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

 

ახლა მეორე რაუნდი: 10 მეორეადგილოსანი და პლუს ერთა ლიგის 2020–2021 წლის გათამაშებიდან 2 საუკეთესო გუნდი (ოღონდ მათგან საუკეთესოები, რომლებიც ტრადიციულ შესარჩევში პირველ–მეორეზე არ გავლენ) ფლეი–ოფში ითამაშებენ. ანუ, ეს 12 ნაკრები 6 წყვილს შეადგენს. გამარჯვებული 6 გუნდი კიდევ 3 წყვილს შეადგენს და მოგებულები გავლენ მუნდიალზე.

 

მუნდიალ–2022–ის ტრადიციული შესარჩევი ევროპის ზონაში 2021 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება. ანუ, როგორც წლეულს იყო ევროშესარჩევში.

 

ერთა ლიგის ჯგუფური თამაშები კი 2020 წლის სექტემბრიდან იმავე წლის ნოემბრამდე ჩატარდება, მომდევნო წლის მარტში კი ფინალური სტადია გაიმართება. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე C დივიზიონში იქნება, რომელშიც სულ 16 ნაკრები ითამაშებს. 4–4 გუნდი ჯგუფებში... თუ ტრადიციულ შესარჩევში პირველ–მეორე ადგილებზე ვერ გავედით, მაშინ მინიმუმ ერთა ლიგის 4–გუნდიან ჯგუფში უნდა გავიმარჯვოთ, რათა მუნდიალზე გასასვლელად ბრძოლა გავაგრძელოთ.

 

საინტერესოა, ვისთან მოვხვდებით: წილისყრა გაისად 3 მარტს შედგება. C დივიზიონში არიან: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა.  

 

 

მოკლედ, დამატებითი გზაა ყატარში მოსახვედრად, ოღონდ რა თქმა უნდა, უფრო რთული: ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები გადის, მუნდიალზე კი ევროპიდან მხოლოდ 13...