მეამბოხენი

ანდრეი და შენოლ ფინალისტები

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ეროვნულ გუნდებს ორ-ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი ნოემბერში. ფავორიტთა უმრავლესობა, ცხადია, მოიპოვებს (ან უკვე მოიპოვა) ფინალური ეტაპის საგზურს. მაგრამ დღეს იმ ორ გუნდზე მოგითხრობთ, რომლებმაც აღიარებულ ლიდერებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. თურქეთმა და უკრაინამ საკვალიფიკაციო ეტაპის აღმოჩენების სახელები დაიმსახურეს - მათ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს, ფრანგებსა და პორტუგალიელებს აჯობეს.

ყოჩაღი შენოლი

როცა დუბლინის „კონფერენს-ცენტრში“ წილისყრისას, თურქეთის  ნაკრებს მეტოქეებად საფრანგეთი  და ისლანდია ერგო, „წითლების“ ქომაგებმა ხელი ჩაიქნიეს. ამისათვის მიზეზიც ჰქონდათ - ფრანგები მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ, ისლანდიელები კი ბოლო წლების ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომლებმაც ევრო 2016-ზე ტურნირიდან ინგლისელებსაც კი აჯობეს. მიუხედავად ამისა, მერვე ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე სწორედ თურქები არიან. გუნდს 19 ქულა აქვს, ექვსი მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი. ფრანგებთან ურთიერთშეხვედრებში კი 2:0 შინ და 1:1 სტუმრად.

 

შენოლ გიუნეშის არჩეულმა 4-5-1 ტაქტიკურმა სქემამ უდაოდ გაამართლა. ამ სქემამ შუა მინდორი მეტად დატვირთა, პრესინგის მეტი საშუალებაც გააჩინა და ფრანგებთან შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონებს ერთხელაც არ დაურტყამთ კარისკენ. 

წარმატების მთავარი მიზეზი კი თაობათა ცვლა გახდა. თუ ადრე ახალგაზრდა ფეხბურთელები ძირითადად საშინაო ჩემპიონატში ცდილობდნენ თავის გამოჩენას, ახლა უფრო ევროპული კლუბების სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს. 

მაგალითად, ჩენგიზ უნდერი 22 წლისაა და რომას ძირითადის ფეხბურთელია, ნაკრებში მისი პარტნიორი, 21 წლის მერიჰ დემირალი კი გასულ ზაფხულს იუვენტუსმა 15 მილიონ ევროდ იყიდა სასუოლოდნ. 

ოდინდელი ლიდერების, მაგალითად, არდა თურანის ან ემრე ბელეზოღლუს დრო წავიდა. 67 წლის სპეციალისტის, შენოლ გიუნეშის ახალგაზრდული გუნდი კი დიდი საქმეებისთვისაა მოწოდებული. მათ ხომ მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩათ ოცნებამდე - ერთი მატჩი შინ ისლანდიასთან და მეორე სტუმრად ანდორასთან.

მერე კი ევრო 2008-ის შედეგის გამეორებაც  შეიძლება, როცა ნახევარფინალს უწიეს და დამატებით დროში 2:3 წააგეს გერმანელებთან. 

ლობანოვსკის სული

შვიდი ტურის შემდეგ, ანდრეი შევჩენკოს ნაკრები პორტუგალიისას შვიდი ქულით  უსწრებს და  მართალია, პორტუგალიელებს თამაშით ნაკლები აქვთ, სხვაობა მაინც დიდია. უკრაინამ უკვე მოიპოვა ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური. 

19 ქულა, მხოლოდ ორი გაშვებული ბურთი და არცერთი მარცხი, ასეთია უკრაინის ნაკრების მონაგარი. ამას, ალბათ, გაბედული ფანტაზიის მქონე ქომაგებიც ვერ წარმოიდგენდნენ.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე შედგა, სადაც უკრაინელებმა უშუალო კონკურენტებს, პორტუგალიას (2:1) და სერბეთს (5:0) მოუგეს.

რა არის წარმატების მიზანი? ეს არის ძველი და ახალი თაობის შესანიშნავი ნაზავი. უფროსებისთვის, ვთქვათ, ანდრეი იარმოლენკოსთვის და ევგენი კონოპლიანკასთვის ეს ტურნირი შესაძლოა უკანასკნელიც იყოს.

მეორე მხრივ, სულ უფრო ღრმად იდგამენ ფესვს ეროვნულ გუნდში. მაგალითად, ოლეკსანდრ ზინჩენკო და ვიკტორ ციგანკოვი. პირველი უკვე მანჩესტერ სიტის ნახევარდაცვის ბურჯად ყალიბდება და გვარდიოლას რჩეული ფეხბურთელია. შევჩენკო მას რუსლან მალინოვსკისთან წყვილში ათამაშებს ნახევარდაცვაში, რომელიც ნაკრების ტვინია. 

ციგანკოვი კიევის დინამოს ფეხბურთელია, მაგრამ დიდ ხანს იქ ალბათ ვეღარ გაჩერდება, რადგან შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს და ევროპული ბობოლებიც მალე გამოჩნდებიან მის სიახლოვეს.

4-2-3-1 ტაქტიკური სქემა შევჩენკოს საშუალებას აძლევს სწრაფ პასზე გააკეთოს აქცენტი, ამიტომ უკრაინელები ძალიან სწრაფად გადაიან დაცვიდან შეტევაში. შევჩენკო იმასაც ამბობდა, ისეთი გუნდი შეიკრა, ბევრის მიღწევა შეუძლიაო. ვნახოთ. 

არ გეცნობათ ვალერი ლობანოვსკის სტილი?