ერთი ჩვეულებრივი, ღონიერი ბიჭი

ბიჭები ჭორაობდნენ, რო ვთხოვო, ძმობას გაფიცებ, მანქანას ვერ გადამაყენებინებს?

რამდენიმე დღის წინ სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტზე მომიხდა შესვლა. პლასტელინის პური, უმი ხორცი, გაზგასული გაზიანი სასმელი და დალაქავებული წინსაფარი გამოუძინებელ მიმტანზე - იქ აუცილებლად დავბრუნდები.

ერთ-ერთი მენეჯერი მიმტანს ეჭორავებოდა. რუს, რუს, ნახე რა, რა მაგარი ბიჭი გვყავს. აქ რომ შემოვიდეს, ყოველთვის ჩემი სტუმარი იქნებოდა, საუბრობდა ოცნებებში გასული საყვარელი გოგონა, რომელიც ერთ ქართულ ჟურნალს ათვალიერებდა. ქართლ ჟურნალებს ხომ ძირითადად, ათვალიერებენ.

რუსომ თავი დაუქნია, თუმცა გაგებაში არ იყო, ვინ ახსენა მენეჯერმა. მთავარია, ის მას დაეთანხმა.

შემდეგ, თანამშრომლებს დავეკითხე, ბიჭებო, აბა, რას ვშვებით, ვასახელებთ წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენს? კაი რა, ზურა, ეგ ხომ უკვე დასახელებულიაო. და, ერთმა დაამატა, სანამ ეგ არის, ყოველთვის დასახელებული იქნებაო.

ერთ ტელევიზიაში, მოსაცდელში, სადაც ხალხმრავლობა იყო, ბიჭები ჭორაობდნენ, რო ვთხოვო, ძმობას გაფიცებ, მანქანას ვერ გადამაყენებინებს? წამო ტო, მე გადაგაყენებინებ, ლაშა, უპასუხა მეგობარმა. არა ძმაო, დაქოქვის გარეშეო...

და, იცით, დავფიქრდი, რომ მაგრად გაგვიმართლა. რომ ეს ბიჭი გვყავს. ვისაც ხანდახან სასაცილოდ აფასებენ და რომელიც სერიოზულად უდიდესია. უკვე ყველაზე მაგარი ქართველია. ყველა დროის.

იქ, სწრაფ კვებაში, თანამშრომლებში და მოსაცდელში ლაშა ტალახაძეზე საუბრობდნენ.

ერთ, ჩვეულებრივ, ღონიერ ბიჭზე.