ოთო შტურმზე გადავიდა

კიტეიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას შრომის, პროფესიონალიზმის და ცოტაოდენი მოთმინების შედეგად

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი ჩააგდო. ვაისის შეგირდებმა 7 მატჩიდან 2 მოიგეს და ორივე გიბრალტართან. 2 შეხვედრაში ჩვენები ქულას დასჯერდნენ.

 

ჩაგდებული შესარჩევის მიუხედავად, ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა მაინც შეიძლება. პირველ რიგში ეს ოთარ კიტეიშვილია, რომლის პროგრესიც აშკარაა. იგი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება. კიტეიშვილის ბრძოლისუნარიანობა, სწორად აზროვნება და დაცვაში კარგი თამაში, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. "გუნდში 11 კიტეიშვილი რომ მყავდეს, მატჩისას სკამზე მშვიდად ვიჯდებოდი. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია,"-ეს სიტყვები ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

 

 

2014 წლის მაისი იყო, როცა პირველად მისი თამაში ვნახე. მაშინ რუსთავის მეტალურგში თამაშობდა. დაბალი, ტანხმელი ბიჭი, რომელიც ბოლომდე იხარჯებოდა და სწორედ ამ ფაქტორებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მალე კიტეიშვილს გიორგი დევდარიანმა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში უხმო და იქ უდაოდ საუკეთესო იყო. შესარჩევ ციკლში ოთარმა 3 მატჩში, ამდენივე გოლი გაიტანა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს.

 

 

2015 წლის დასაწყისიდან კიტეიშვილი თბილისის დინამოს ფეხბურთელი გახდა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა გუნდის შეუცვლელი ფიგურაც იყო. ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდში მან 3.5 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში დინამოში ბევრი რამ შეიცვალა, ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები, თუმცა ძირითად შემადგენლობაში 23 წლის ნახევარმცველის ადგილი ხელშეუხებელი იყო.

 

დაახლოებით ორი წლის წინ კიტეიშვილის კარიერაში საკმაოდ არასასიამოვნო ეპიზოდი იყო. თბილისის დინამო ბოლო ტურში ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობდა და ქულის აღების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა. 0:1 იყო, როცა მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, ბურთთან კიტეიშვილი მივიდა, რომელსაც კვასხვაძემ აუღო და თასი ქუთათურებს დარჩათ. ამ ფაქტმა ფეხბურთელი არ გატეხა, ის უფრო გაძლიერდა, რაც მის მებრძოლ ხასიათზე მეტყველებს.

 

 

კიტეიშვილი დღეს გრაცის შტურმის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. აბა ტყუილად ხომ არ მისცემდნენ 10 ნომრიან მაისურს?!

 

 

ოთო მოედანს გარეთაც მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. სულ მცირე ხნიანი ურთიერთობაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე მას უყვარს თავისი საქმე და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებული სპორტსმენი იყოს. მისი ყოფილი თუ მოქმედი მწვრთნელები და თანაგუნდელები ყოველთვის ხაზს უსვამენ ოთოს მონდომებასა და პროფესიონალიზმს. ამის გარეშე ფეხბურთელის წარმატება ხომ წარმოუდგენელია.

 

გასახსენებელია ისიც, რომ 2017 წლის ბოლოს ოთარმა დინამოსთან ახალი 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ არ მოქცეულიყო, მის მსურველ გუნდს მისი უფასოდ დამატება შეეძლებოდა და კიტეიშვილით უფრო მეტი კლუბი დაინტერესდებოდა. კიტე ასე არ მოიქცა, იგი დინამოს გვერდში დაუდგა და ამით ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოავლინა. 

 

ბევრჯერ ითქვა, რომ კიტეიშვილით ბუნდესლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ოთომ კი თუ ასე გააგრძელა. შორს არ უნდა იყოს ის დრო, როცა იგი გუნდს გამოიცვლის და ავსტრიის ჩემპიონატზე უკეთეს ლიგაში გააგრძელებს თამაშს.